ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა. რამდენიმე დღეში გამარჯვებულად სწორედ ის გამოცხადდება. 8-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორცილება იწყება, რომელიც საქართველოს სხვა ორბიტაზე გაიყვანს.
„როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა - შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა.
20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა.
„პირველადი შეფასებით წინადადება სრულყოფილადაა წარმოდგენილი და დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ გამარჯვებულად“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ გამარჯვებულია კომპანია სამშენებლო სამუშაოებს „მყისიერად შეუდგება“.
პორტის პირველი ფაზა დაახლოებით, შვიდ მილიონ ტონაზეა გათვლილი, რაც 600 ათასი კონტეინერის შესაბამისი მოცულობაა.
ლევან დავიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პორტი საკმაოდ კომპლექსური ეკოსისტემაა - ის არ არის მხოლოდ ნავმისადგომი და ტალღმტეხი, არამედ ასევე მოიცავს უამრავი მიმართულებით სხვადასხვა ლოგისტიკური მიწოდების საშუალებას.
„ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში გვქონდა არაერთი კომუნიკაცია დაინტერესებულ პირებთან, რომლებიც შეიძლება ვიხილოთ პარტნიორებად სატერმინალო ინფრასტრუქტურაში და ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია, რომლებიც დაინტერესებული არიან პორტის განვითარებაში მონაწილეობით მას შემდეგ, რაც გვექნება საბაზისო ინფრასტრუქტურა. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კუთხით ვიხილავთ უამრავ საერთაშორისო კომპანიას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში საკონტროლო - 51% პაკეტის მფლობელი იქნება. შესაბამისად, ინვესტორს, პორტში 49%-იან წილს გააკონტროლებს.
ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის ჩართვას მიესალმებიან საქართველოს პარლამენტში. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი ფუნქცია ჩინური ტვირთის გარეშე.
„ჩვენ თუ გვინდა 100-მილიონიანი პორტი, რაზეც ვსაუბრობთ და ყველა ჩვენგანს გვინდა, მაშინ აქ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი. ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, აქედან 5%-იც კი რომ წამოვიდეს და უფრო ნაკლებიც, მეტს ჩვენ ვერც გავატარებთ. იცით, რომ ეს მარტო ჩვენი თემა არ არის, ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთმა უნდა გამოიაროს ყაზახეთი, პორტი აკტაუ, შემდეგ აზერბაიჯანი, შეიძლება სხვა რესპუბლიკებიდანაც წამოვიდეს, ბევრი ქვეყანა უნდა გამოიაროს, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთი იმ კუთხით, რომ ისინი, პრაქტიკულად, შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები არიან და ამ რეგიონში ყველაზე დიდი გავლენის მქონენი.
მე ადრეც ვთქვი, ვისურვებდი, რომ ტვირთის ნაწილი ყოფილიყო ჩინური, ნაწილი – ევროპული და ნაწილი - ამერიკული, ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ჩინურის გარეშე მაგ პორტის აშენებას აზრი არ აქვს, ამიტომ არ დებენ ფულს ჩვენი მეგობრები“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
მაშინ, როდესაც შუა დერეფნის როლი გაზრდილია, ანაკლიის პორტის აშენება ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია შემოსავლების, დასაქმების, სტაბილურობის და უსაფრთხოების კუთხითაც.
„საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად სჭირდება ახალი ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მას როგორც ეკონომიკურ, ასევე არაეკონომიკურ კონტექსტშიც მისცემს სარგებელს, აქ იგულისხმება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება. შესაბამისად, აუცილებელია ამ პროექტის განხორციელება და მნიშვნელოვანია მასში ჩინური მხარის მონაწილეობა, თუნდაც ერთ-ერთი სუბიექტის მაინც, რადგან ამ დერეფანში ტვირთის ძირითადი მიმღები და ძირითადი გამცემი, რომელიც გამოიყენებს ანაკლიის პორტს, იქნება სწორედ ჩინური მხარე. მათი ჩართულობის გარეშე რთულად წარმომიდგენია ამ პროექტის სრულფასოვანი განხორციელება.
გასათვალისწინებელია, რომ შუა დერეფნის კონტექსტში, ანაკლიის პორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი, რომელიც არა მარტო ქართული ინტერესების, არამედ მთლიანად შუა დერეფნის ინტერესებს ემსახურება, მათ შორის, ევროკავშირის ინტერესებსაც და ამ დერეფანში საქართველოს ქმნის ერთ-ერთ მთავარ ტრანზიტორ ქვეყნად.
გასათვალისწინებელია, რომ ანაკლიის პორტის ტვირთბრუნვა სხვადასხვა ეტაპზე, შესაძლოა, მაქსიმუმის შემთხვევაში, 100 მლნ ტონა ტვირთსაც კი მიუახლოვდეს, შესაბამისად, დღეს არსებული რამდენიმე ათეული მილიონი, პლუს 100 მილიონ ტონამდე ტვირთის დამატებით, სულ სხვა განზომილებაში გადადის და სულ სხვა რეალობას მისცემს როგორც საქართველოს, ასევე მის პარტნიორ ქვეყნებს. შემოსავლების, დასაქმების კუთხითაც, სტაბილურობის და უსაფრთხოების კუთხითაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ჭარაიამ.
ეკონომიკისთვის ანაკლიის პორტს აქვს დაახლოებით იგივე მნიშვნელობა, როგორც BP-ის მილსადენს ან TRACECA-ს დერეფანს ჰქონდა. ღრმაწყლოვანი ნავსადგური არის მკაფიო სიგნალი არა მარტო რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ შეთავაზება გლობალური ინვესტორებისთვის.
ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, კიდევ ერთი მითი დაიმსხვრა, იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება იყო დაინტერესებული ანაკლიის პროექტის გაჩერებით, ვითომდა, რუსული ფაქტორის გამო. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ჩანს, რომ პირველ რიგში, აშშ იყო დაინტერესებული პროექტის შეჩერებით, რათა უშუალო კონკურენტისთვის - ჩინეთისთვის არ გაეხსნა ევროპისკენ ალტერნატიული სავაჭრო გზა.
„ანაკლიის პორტის მნიშვნელობა დღეს განსაკუთრებით არის გაზრდილი იმ პერიოდთან შედარებითაც კი როდესაც სამი წლის წინ პროექტი შეჩერდა „ანაკლიის კონსორციუმის“ მხრიდან საინვესტიციო წინადადების ვერ თუ არ შესრულების გამო.
ეს არის მეტად მკაფიო სიგნალი არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური შეთავაზება, გლობალური ინვესტორებისთვის, რადგან ტრანსციმბირული დერეფნის ფაქტობრივად გაჩერების გამო, საქართველო განიხილება ყველაზე მოკლე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სტაბილურ დამაკავშირებელ შუა დერეფნად აზიასა და ევროპას შორის.
რამდენიმე დღის წინ ჩინური სახმელეთო გადამზიდავი ტრაილერებით დატვირთული ტვირთის საქართველოში შემოსვლაც, ალბათ, სიმბოლური იყო, რომ ტენდერს საბოლოოდ ჩინური კონსორციუმი მოიგებდა. არც ჩინეთის პრემიერის წარმატებული ვიზიტი ყოფილა შემთხვევითი ევროპაში, ხოლო პირველი ქვეყანა, ვისთანაც 20-მდე სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა საფრანგეთი იყო, რითაც დასრულდა კიდეც სავაჭრო შეზღუდვები ორ ქვეყანას შორის, რაც ვაშინგტონის ზეწოლის შედეგიც იყო.
კიდევ ერთი მითი დაიმსხვრა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება იყო დაინტერესებული ანაკლიის პროექტის გაჩერებით ვითომდა რუსული ფაქტორის გამო. რეალურად, პროექტი შეჩერდა, რადგან ანაკლიის კონსორციუმის ამერიკულმა მხარემ, კერძოდ „კონტი ჯგუფმა“ უარი განაცხადა ვალდებულებების დიდი ნაწილის შესრულებაზე და ბოლოს სულაც გავიდა კონსორციუმიდან. ისიც გასაგები უნდა ყოფილიყო, რომ თუ პორტი არ დაიტვირთებოდა ჩინური საქონლით, მისი რენტაბელობა ეჭვქვეშ დადგებოდა, ამიტომაც ითხოვდნენ საერთაშორისო ბანკები კონსორციუმისაგან 400 მილიონამდე კრედიტის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო გარანტიებს, და ეს მაშინ, როდესაც ტენდერის მოგებისას ეს წინაპირობა საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში.
დღევანდელი გადმოსახედიდან ისე მოჩანს, რომ პირველ რიგში აშშ იყო დაინტერესებული ამ პროექტის ტორპედირებით და დროში გადაწევით, რათა ჩინურ კონსორციუმს არ მოეგო ტენდერი. ცნობისათვის, მაშინაც ტენდერში ერთ-ერთი ჩინური კონსორციუმი მონაწილეობდა. გვახსოვს ხაზარაძის, რომელიც ანაკლიის კონსორციუმს წარმოადგენდა, გაუთავებელი სპეკულაციები ამ თემაზე, თითქოსდა ხელისუფლება ხელოვნურად აჭიანურებდა პროექტს, რათა ნატოს გემები არ შემოეშვა შავ ზღვაში!
აშშ-ის ინტერესი კი წმინდა გეოსტრატეგიული იყო და დღესაც რჩება, არ გაეხსნა მისი უშუალო კონკურენტი ჩინეთისათვის კიდევ ერთი ალტერნატიული სავაჭრო არტერია ევროპისაკენ, ბოლო ორი-სამი თვის საპროტესტო გამოსვლები „გამჭვირვალობის კანონის“ ირგვლივ, სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი და ნაკლებად მის რუსულ შეფერილობაში!
არც ის იყო შემთხვევითი, რომ პირველი ზეწოლაც საქართველოს ხელისუფლებაზე ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებისთანავე დაიწყო. ეს არის, ჩემი შეფასებით, მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მკვებავი წყაროც, მოსალოდნელი სანქციებით შანტაჟიც ამ პოლიტიკის ნაწილია.
ანაკლიის პროექტი კი საქართველოს ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება გეოეკონომიკური სტრატეგიის დივერსიფიცირებისათვის და გრძელვადიანი სწრაფი ზრდის თავისებური გამწევი ლოკომოტივიც!“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძე.
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძეც უმნიშნვნელოვანეს პროექტს პოლიტიკურ დატვირთვას ანიჭებს. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება საქართველოს მრავალვექტორული პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც თავის მხრივ, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
„მრავალვექტორული პოლიტიკა, სწორედაც რომ ამის გამოვლინებაა აღნიშნული გადაწყვეტილება. ეს არის ჯერჯერობით ის გზა და ინსტრუმენტი, რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას ამ უკიდურესად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში.
რა თქმა უნდა, ცნობილი შემადგენლობა და ფსევდომედასავლეთეები დაიწყებენ ახლა წიკვინს და შუბების მტვრევას, მაგრამ მათი დამტვრეული შუბები ბევრი გაუხვეტია ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებას“, - დაწერა სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძემ.
ანაკლიის პორტის თემას პოლიტიკურ საკითხებს უკავშირებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილიც. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ პროექტის დასაწყებად, რადგან „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ქართველი ხალხი, მოქალაქეები ვიმსახურებთ დღევანდელზე უკეთეს საქართველოს.
„თავის დროზე, მამუკა ხაზარაძემ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება არ შეასრულა და დიდ შემოსავალთან ერთად, დაახლოებით, განვითარების რვა წელი დააკარგვინა ქართულ სახელმწიფოს.
ამ საკითხზე პასუხისმგებლობის მოხსნა მან სამართლებრივი გზით სცადა და საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლა საქართველოს. საბედნიეროდ ანაკლიის ბედი მამუკა ხაზარაძის მოღალატეობრივმა ქმედებამ ვერ გადაწყვიტა და სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი 51% თანამონაწილეობით უკვე წელს, ამ საუკუნის პროექტის განხორციელება შეუფერხებლად დაიწყოს. ჩინურ კომპანიასთან საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდება და ისტორიული მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტი სტარტს აიღებს.
ეს პროექტი ნიშნავს მეტად უსაფრთხო სახელმწიფოს, ახალ პოლიტიკურ შესაძლებლობებს, ახალ სამუშაო ადგილებს - დღევანდელზე უკეთესს საქართველოს.
თუ ჩასაფრებული პოზიციიდან გამოხვალთ, ლოგიკურია, აღიარებთ, რომ ეს შესაძლებლობა მოიტანა მშვიდობამ და მმართველი გუნდის სახელმწიფოებრივმა დამოკიდებულებამ.
მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ პროექტის დასაწყებად, რადგან „ქართული ოცნება“ თვლის, რომ ქართველი ხალხი, მოქალაქეები ვიმსახურებთ დღევანდელზე უკეთეს საქართველოს“, - დაწერა თამთა მეგრელიშვილმა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე კი მიანიშნებს იმაზე, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნაკლები აღმოჩნდა ანაკლიის პროექტისადმი ინტერესი, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, არც ახლა შემოუტანიათ რეალური პროექტი, შესაბამისად, გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდა.
„ანაკლიის პორტის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაწყებულიყო და 2020 წელს პირველი გემიც უნდა მიეღო. სამწუხაროდ „თიბისი ჯგუფმა“ ვერც ერთი ვალდებულება ვერ შეასრულა, 7-ჯერ მოითხოვა პირობების გადავადება, ვერ შემოიყვანა ინვესტორები, დასავლური ინვესტიციების ნაცვლად, რუსულ/ყაზახურ ინვესტიციებს გვთავაზობდა, სახელმწიფოსთვის მიუღებელი პირობებითა და ვალდებულებებით. 8 წელი დაკარგა საქართველომ მამუკა ხაზარაძის თაღლითური სქემების გამო, რომელიც იქით უჩივის საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში.
საქართველოს ხელისუფლებისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობა ყოველთვის იყო პრიორიტეტი, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და აი, დადგა ის დღე, როდესაც ოცნება რეალობად იქცა, სახელმწიფოს 51% თანამონაწილეობით 2024 წელს დაიწყება საუკუნის პროექტის განხორციელება. სამწუხაროდ, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ნაკლები აღმოჩნდა ანაკლიის პროექტისადმი ინტერესი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, არც ახლა შემოუტანიათ რეალური პროექტი, შესაბამისად, გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდა, რომელთანაც 51/49 საპარტნიორო შეთანხმება გაფორმდება. „შუა დერეფნის“ პროექტი სულ უფრო მეტად იკრებს ძალას და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებასთან ერთად, ათიათასობით სამუშაო ადგილს და მილიარდობით შემოსავალს მოუტანს!
მხოლოდ მშვიდობასა და სტაბილურობას მოაქვს განვითარება, ამიტომაც ებრძვიან ასე გამეტებით ჩვენს სამშობლოში მშვიდობასაც და სტაბილურობასაც!“ - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
romani - პორტი აშენდება, უდავოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა. ამისთვის საჭიროა ნება და სათანადო სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის შერჩევა. საქართველოს მოქალაქე უნდა გახდეს აქციონერი რადგან ეს სტატუსი არ შემოიფარგლება მხოლოდ მესაკუთრის უფლებებით - იგი მრავალწახნაგოვანია და დიდწილად განაპირობებს ქვეყნის მდგრად განვითარებას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე.
მიმდინარე პერიოდში ჩინეთია ის ქვეყანა, რომლის გამოყენებასაც ცდილობს დასავლეთი უკრაინის კონფლიქტის ჩასაცხრომად. ჩვენც ვეცადოთ, მათი მეშვეობით, ოდნავ მაინც დავალაგოთ ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან. ანაკლიის პორტის მშენებლობაშიც აქტიური როლი უნდა შეასრულონ, რათა, შემდგომში, პორტი დაცული იყოს რუსეთის მხრიდან. ჩინეთს ყველა სჭირდება და ყველას სჭირდება ჩინეთი, ასეთი რეალობაა. ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, დიდ რისკებთან ერთად, კვლავაც გვაძლევს გარკვეულ შეღავათებს და შანსებს. გონივრულად გამოყენების შემთხვევაში არის პოტენციალი, რომ პოზიტიური შედეგი მივიღოთ.
ოჩამჩირის პორტის უსაფრთხოების გარანტად მხოლოდ ჩინეთი შეიძლება მივიჩნიოთ - ერთადერთი ქვეყანა, რომლის აზრი და ინტერესები მნიშვნელოვანია რუსეთისათვის. ამიტომ პორტის მშენებლობის ძირითადი ინვესტორი ჩინეთი უნდა გახდეს.
ჩემი წინა პოსტები
romani - პორტი აშენდება, უდავოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა. ამისთვის საჭიროა ნება და სათანადო სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის შერჩევა. საქართველოს მოქალაქე უნდა გახდეს აქციონერი რადგან ეს სტატუსი არ შემოიფარგლება მხოლოდ მესაკუთრის უფლებებით - იგი მრავალწახნაგოვანია და დიდწილად განაპირობებს ქვეყნის მდგრად განვითარებას და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე.
მიმდინარე პერიოდში ჩინეთია ის ქვეყანა, რომლის გამოყენებასაც ცდილობს დასავლეთი უკრაინის კონფლიქტის ჩასაცხრომად. ჩვენც ვეცადოთ, მათი მეშვეობით, ოდნავ მაინც დავალაგოთ ურთიერთობა აფხაზებთან და ოსებთან. ანაკლიის პორტის მშენებლობაშიც აქტიური როლი უნდა შეასრულონ, რათა, შემდგომში, პორტი დაცული იყოს რუსეთის მხრიდან. ჩინეთს ყველა სჭირდება და ყველას სჭირდება ჩინეთი, ასეთი რეალობაა. ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, დიდ რისკებთან ერთად, კვლავაც გვაძლევს გარკვეულ შეღავათებს და შანსებს. გონივრულად გამოყენების შემთხვევაში არის პოტენციალი, რომ პოზიტიური შედეგი მივიღოთ.
ოჩამჩირის პორტის უსაფრთხოების გარანტად მხოლოდ ჩინეთი შეიძლება მივიჩნიოთ - ერთადერთი ქვეყანა, რომლის აზრი და ინტერესები მნიშვნელოვანია რუსეთისათვის. ამიტომ პორტის მშენებლობის ძირითადი ინვესტორი ჩინეთი უნდა გახდეს.