საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი; პარლამენტის დეპუტატები: გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე; აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე, - ეს საქართველოს იმ მოქალაქეების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც, შესაძლოა, უკრაინაში შესვლა შეეზღუდოთ.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, ე.წ. შავი სია უმაღლესი რადას დეპუტატმა ოლეგ ცარევმა შეადგინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს უკვე გადაუგზავნა.
რადას დეპუტატის მიერ შედგენილ სიაში საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც მოხვდნენ, თუმცა დაახლოებით 4 ათეულკაციან ჩამონათვალში საქართველოს მოქალაქეები სხვებს ბევრად სჭარბობენ. უკრაინელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ სიაში შეყვანილი კონკრეტული პირები უკრაინის ოპოზიციას რჩევებით ეხმარებიან და ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით მოქმედებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი დავით საყვარელიძე, For.ge-სთან საუბრისას ცარევის „შავ სიას“ რუსული პოლიტიკის მხარდამჭერ ღონისძიებად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამგვარი ფორმებით რუსეთს რამე შედეგის მიღწევა გაუჭირდება.
„რადას ერთ-ერთი დეპუტატის „ინიციატივა“- ე.წ. „შავი სიის“ შედგენა, ეს არის რუსული წნეხის, ხელების გადაგრეხის პოლიტიკის შედეგი და უშუალოდ უკავშირდება იმ მოვლენებს, რის გამოც მიმდინარეობს დღეს უკრაინაში პროტესტი. რუსეთისთვის რისკის შემცველია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩავა, წინ აღუდგება რუსულ იპმერიალიზმს და მერე მხარს დაუჭერს რომელიმე ერის თავისუფლებას, განვითარებას და წინსვლას“, - აცხადებს დავით საყვარელიძე.
მისივე განმარტებით, უკრაინის საპროტესტო აქციებზე ქართველების აქტიურობა იმითაც აიხსნება, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი ერთმანეთთნ მჭიდროდ არის დაკავშირებული და ბუნებრივია პროცესს - ევროპაში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებას წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება.
დავით საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ რადას დეპუტატის ინიციატივა უკრაინის ხელისუფლებამ გაითვალისწინოს და მას და მის მეგობრებს ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები მართლაც დაუწესდეს.
„რუსეთმა შეძლო და უკრაინა ამ ვითარებამდე მიიყვანა. ასეთ პირობებში საზღვარზე კონკრეტული პირების შეშვება-შეუშვებლობა გაცილებით ადვილად რეალიზებადია“, - აცხადებს საყვარელიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცესპიკერი ზურაბ აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ უკრაინის ოპოზიციისთვის ქართველი ოპოზიციონერების მხარდაჭერის გამოცხადება დასჯადი არ უნდა იყოს და საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაისაჯონ, თუ უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის კანონმდებლობას დაარღვევენ.
„უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის საკითხს არეგულირებს უკრაინული კანონმდებლობა და დანაშაულის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა გატარდეს ყველას მიმართ, მნიშვნელობა არ აქვს, იქნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მოქმედი დეპუტატი, თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე. უკრაინის ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ოპოზიციის მხარდაჭერაზე აკრძალვა არ უნდა მოქმედებდეს. თუ ეს ადამიანები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ჩაიდენენ იმ ტერიტორიაზე, მაშინ ამოქმედდება უკრაინის კანონი. საქართველოში ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერადაც ჩამოდიოდნენ სხვავადასხვა ქვეყნის დეპუტატები, მათ შორის იყვნენ ევროპარლამენტის წარმომადგენლები, მაგრამ ეს სოლიდარობის ჩვეულებრივი ფორმაა და არც შეიძლება მასზე სხვა კუთხით ვისაუბროთ“, - განუცხადა For.ge-ს ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუყფლება სოლიდარულია, რომ უკრაინა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს, თუმცა კიევში გამართულ მიტინგებზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ დადიან და არც იმ ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან.
პოლიტიკის საკითხთა ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კი რადას დეპუტატის „შავ სიაზე“ საუბრისას უკრაინის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს და მასთან დაკავშირებულ ერთგვარ სკანდალს იხსენებს, როცა საქართველოდან დამკვირვებლის სატატუსით ათასობით ადამიანი იყო წარგზავნილი.
„არც ისე დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ბატონი სააკაშვილის ნებით და გივი თარგამაძის ქმედებით უკრაინას 2000-ზე მეტი ვაჟკაცი შეესია არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით და ცდილობდნენ, გარკვეული მანიპულაციების გზით ზემოქმედება მოეხდინათ საარჩევნო პროცესზე. ეს ხდებოდა იმ დღეებში, როდესაც უკრაინის მოსახლეობა ირჩევდა პრეზიდენტს. გარკვეული დროის შემდეგ კი მოწმე გავხდით უკრაინაში გაცილებით კეთილშობილური მიზეზით ჩასული დეპუტატებისა. მე ვიზიარებ პათოსს, რომელიც წარმოაჩინეს იქ გიორგი ბარამიძემ, გიორგი ვაშაძემ და სხვებმა, მაგრამ, სააკაშვილის გამოჩენა და იქაური ოპოზიციის დამოძღვრა ნამდვილად არის სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და ცოტა მეტი პასუხსიმგებლობა რომ ჰქონოდა ამ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერს, შესაძლოა, მისი ცხოვრებაც სხვაგვარად განვითარებულიყო. დაუწესებენ თუ არა საქართველოს ცალკეულ მოქალაქეებს უკრაინაში შესვლაზე შეზღუდვებს, რადას დეპუტატების და უკრაინის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტია“, - აცხადებს For.ge-სთან სოსო ცისკარიშვილი.
პოლიტიკის საკითხთა ექსპერტი მიიჩნევს, რომ უკრაინის ოპოზიცია და მიტინგზე ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით გამოსული მოქალაქეები საქართველოდან სოლიდარობის მიზნით ჩასული დელეგაციების მასპინძლობაზე უარს არ იტყვიან და რამე ტიპის გამწვავება უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაშიც არ არის მოსალოდნელი.
„ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ საკუთარი ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევას, მხარდამჭერნი იქნებიან ამგვარი დელეგაციების მასპინძლობისა და ესეც ბუნებრივია. უკრაინელი ხალხი არასდროს ყოფილა უმადური და ჩვენი კეთილი ურთიერთობები ამ ერთან მრავალსაუკუნოვან საფუძველს ემყარება. ამ დამოკიდებულებას ინდივიდებით გამოწვეული ვერანაირი ინციდენტები ვერ შეცვლის, თუმცა, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, მეტი წინდახედულება და ზომიერების დაცვაა საჭირო“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
უკრაინის რადას დეპუტატის „შავი სია“ კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩასვლის შემდეგ შედგა. 7 დეკემბერს სააკაშვილი ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერ ვიტალი კლიჩკოს შეხვდა, მოგვიანებით კი ევრომეიდანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება პუტინის ერას საბოლოოდ დაასრულებს.
„თუ თქვენ გაიმარჯვებთ მეგობრებო, ისტორია იტყვის, რომ რუსეთის იმპერიის დასასრული სწორედ ევრომეიდანზე დაიწყო და თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ“, - განაცხადა ევრომაიდანზე სააკაშვილმა.