ვაშინგტონის მიერ დაანონსებული პიროვნული სანქციები ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკაზე არ აისახება ან მინიმალური გავლენა ექნება. ამას ადასტურებენ როგორც მთავრობის, ისე ბიზნესის წარმომადგენლებიც. თუმცა, ისიც საგულისხმოა, რომ მოვლენები ყოველდღიურად იცვლება და ხვალ რა მოცემულობის წინაშე დადგება საზოგადოება, არავინ იცის.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, საქართველოს საბანკო და საფინანსო სისტემა, ეკონომიკური პროცესები დღეს ჯანსაღია, ფინანსური ინსტიტუტები მდგრადია და ყველა დაინახავს, რომ როგორც სავალუტო კურსი იქნება სტაბილური, ისე საფინანსო სისტემა შეინარჩუნებს მდგრადობას. ლევან დავითაშვილის შეფასებით, მოსახლეობასაც აქვს თავისი გამოცდილება და ოპონენტების გამოსვლების გამო მარტივად მანიპულირებადი არ არის.
„მოვისმინეთ არაერთი გამონათქვამი ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მათ შორის მოსახლეობისთვის თუ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოწოდებები, რომ საქართველოს ეკონომიკა შევიდოდა კრიზისში და „გამჭვირვალობის კანონის“ პროცესი უარყოფითად აისახებოდა ეკონომიკაზე. სამწუხაროდ, ახალი არ არის, როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, შეტევა მიიტანონ ყველაფერზე და ამ შემთხვევაში, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური პროცესი, აქ არის მიზანმიმართული პროცესი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, მათ შორის, მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია ინვესტორების განწყობების შეცვლისკენ, რაც შემდგომ, უკვე, რა თქმა უნდა, აისახება ეკონომიკურ პროცესებზე.
რა თქმა უნდა, ასეთი მოწოდებები და განცხადებები ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს ინვესტორებზე და აისახება, მათ შორის, საბირჟო ფასებზეც, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკის ფუნდამენტური მონაცემები არის ძალიან ჯანსაღი და ამ ყველაფერს არ აქვს ობიექტური საფუძველი, ეს არის ყოველთვის მოკლევადიანი პანიკის დათესვის მცდელობა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული კომპანიების მიმართ ნდობა აღდგება ინვესტორების მხრიდან და ეს ტენდენცია უკვე დავინახეთ.
„იყო შიდა ეკონომიკურ პროცესებში პანიკის დათესვის მცდელობა, როდესაც იყო მოწოდება, მაგალითად, დეპოზიტების გამოტანის შესახებ - ეს არის ყველაზე უფრო მავნებლური გადაწყვეტილება, თან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ არიან ეკონომიკის მცოდნეები. თუ არიან, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად შეიძლება ესმოდეთ, რამდენად არასწორია. ეს უკვე გადის ოპონირების, კორექტულობის ჩარჩოებიდან და მორალის ზღვრებიდან“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ბიზნესს რომ ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება, ამას მწარე ოპოზიციონერი ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც ადასტურებს, რომელმაც კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ დაანონსებულ სანქციებზე ქართველი პოლიტიკოსების მისამართით. იგი ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე რა ინფორმაციასაც ის ფლობს, ბიზნესს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.
„სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა, ბიზნესზე ამ ეტაპზე სანქციები არ აისახება, რადგან ამჯერად პიროვნული სანქციებია და არა ქვეყნის. თუმცა, აქ მეორე უფრო მნიშვნელოვანი საკითხია - სახელწიფოებია ჩარეული ამ კანონის არმიღებასთან დაკავშირებით და სანქციებს უწესებენ პოლიტიკოსებს, მათ ოჯახის წევრებს. ქვეყანას თუ დაუწესებენს სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით, არათუ ბიზნესი. ამიტომ ეს კანონი არ უნდა მიიღონ, უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების აზრიც, ქვეყნის მომავალიც და იმ სერიოზული პოლიტიკოსებისა და სახელმწიფოების აზრიც, რომლებიც ამ კანონს ღიად ეწინააღმდეგებიან“, - ამბობს ჭყონია.
მისივე თქმით, კონკრეტული დეპუტატების კომენტარები მოისმინა სანქციებთან დაკავშირებით, თითქოს ისინი ამ განსაცდელსაც გაუძლებენ.
„დეპუტატს შეუძლია, რაც უნდა ის გაუკეთოს თავის ცხოვრებას, მაგრამ ეს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე არანაირად არ უნდა აისახოს“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.