ანალიტიკოსები ამბობენ, რაც უფრო სწრაფად წავლენ პოლიტიკიდან „ნაცები“, მით უფრო გათავისუფლდება ქართული პოლიტიკური სივრცე ბინძური პოლიტიკისგან და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკა იწარმოებს.
ამის მიუხედავად, „ნაცები“ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებენ და, პირიქით, საკუთარი თამაშის წესების თავს მოხვევას ცდილობენ ქართულ პოლიტიკაზე.
„ნაციონალების“ მიერ შემუშავებული ბრძოლის არსენალში შედის საპარლამენტო სეზონური ბოიკოტი, ქუჩის აქციები, საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროპაგანდის წარმოება და საქართველოსთვის სახელის გატეხვა საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე, დიდი ოპოზიციური გაერთიანების მკვდრადშობილი იდეა, რაც, როგორც წესი, ოპოზიციას არ გამოსდის და ყოველთვის მყიფეა.
უმრავლესობა აცხადებს, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ოპოზიციის ლუსტრაცია მოახდინა და მათ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს პარლამენტში კი არა, ქუჩაშიც არ გააჩნიათ რესურსი სასურველი შედეგის მისაღებად. „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ქუჩაშიც და პარლამენტშიც უკვე გაკოტრდა. მისი თქმით, თვითონ ოპოზიციაშიც განხეთქილებაა და ერთადერთი, რაც მათ დარჩენიათ, ისაა, რომ იყვნენ მოლოდინის რეჟიმში, რომ როგორმე რომელიმე უცხოელმა მათ სასარგებლოდ რაიმე სიტყვა თქვას.
რაც შეეხება საპარლამენტო ბოიკოტს, რომელიც ცოტა ხნის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გამოაცხადეს, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს არის ბოიკოტი საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, რომელმაც ზუსტად იმიტომ აირჩია თუნდაც ოპოზიციონერი დეპუტატები, რომ მათ პარლამენტის ტრიბუნიდან წამოეჭრათ ხალხისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
იაგო ხვიჩია ოპოზიციის ე.წ. ბოიკოტს იმას ამსგავსებს, ვახტანგ მეგრელიშვილი მოწევას რომ თავს ანებებს და ეს სულ რამდენიმე კვირა გრძელდება. ხვიჩია თვლის, რომ არანაირ ბოიკოტში არ არიან მისი კოლეგები, როცა უნდათ, შემოდიან პარლამენტში, როცა უნდათ - გადიან, ხელფასი რომ არ ჩამოაკლდეთ და ამას მოფერებით ბოიკოტს ეძახიან.
საპარლამენტო ბოიკოტები ოპოზიციისთვის ყველაზე ხშირი თავშესაქცევია. ჯერ კიდევ შარშან „ნაცებმა“ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს საქალაქო სასამართლოს მიერ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების გამო და მაშინაც მათ მხარში ამოუდგნენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი და სააკაშვილის „მკვლელობის“ განაჩენი ამ ფორმით გააპროტესტეს, თუმცა მალევე მოულბათ გული და პარლამენტში დაბრუნდნენ.
უფრო ადრე, 2020 წელს ოპოზიციამ, ასევე, ბოიკოტი გამოუცხადა ახლად არჩეულ პარლამენტს იმ მოტივით, რომ საკუთარი ამომრჩეველი მათ „გაუგებდა“.
რა გაუკეთებია ოპოზიციას პარლამენტის დარბაზში ყოფნით ან არყოფნით? ქართული პოლიტიკის დაკნინების მცდელობა ხომ არ არის, როცა ბოიკოტს უცხადებენ იმ პროცესს, რის გამოც ხალხმა აირჩია და დეპუტატის მანდატი მიანიჭა?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას ინტერესდება, რაში გამოადგება ოპოზიციას ბოიკოტირების რეჟიმი და რამდენად ამართლებს ეს რეჟიმი ან გრძელვადიან, ან მოკლევადიან პერსპექტივაში?!
„საინტერესოა, ასეთი მცდელობა მათ რაში გამოდგებათ, ასეთ მცდელობას ხომ შემდეგში უკვე დაკნინებამდე მიჰყავს ბოიკოტის პროცესი?! სტუდენტებს პოლიტიკურ ფსიქოლოგიას ვუკითხავ და ისინი მეხვეწებიან, ფსიქოლოგიის შესახებ გვესაუბრეთ, პოლიტიკა არ გვინდაო. დაკნინების ნიშანია ზუსტად ეს, რომ ახალგაზრდობას, ვინც უნდა მოდიოდეს პოლიტიკაში, ვისი იმედიც უნდა გვქონდეს, რომ მომავალში ქვეყნის მართვის სათავეებს აიღებენ, ამ ახალგაზრდობას აღარ აინტერესებს პოლიტიკა. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ავანტიურისტების ხელში აღმოჩნდება პოლიტიკა, ან ენდომება იმას, ვინც პოლიტიკისგან იხეირებს და არა იმათ, ვინც პოლიტიკას შემეცნების, ან მსახურების თვალსაზრისით უყურებს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ბოიკოტი დამაჯერებელი იქნებოდა მაშინ, როცა ერთხელ და სამუდამოდ იტყოდნენ უარს პარლამენტარის მანდატსა და თანმდევ ეკონომიკურ სარგებელზე, რომელიც თან ახლავს ქვეყნის რჩეულის საპატიო წოდებას, მაგრამ მათთვის მთავარია ფინანსური სარგებელი, ხელისუფლების მიტაცება.
„გავიხსენოთ 2020 წელი, მათი მხრიდან ფარატინა ქაღალდზე ხელმოწერები, რომ არ შევიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ შევიდნენ. შემდეგ ისევ ბოიკოტი გამოაცხადეს და ისევ დაბრუნდნენ იმ პარლამენტში, მაგრამ ამ დროს მათ ხელფასები და პრემიები ერიცხებოდათ, საგარეო ვიზიტების დროს დელეგაციების წევრებს ფული ერიცხებოდათ. ამიტომ ამას რა დავარქვათ, ეს ბოიკოტია? მათი ბოიკოტი ისეთივე სისულელე და აბსურდია, როგორც ცხელი თოვლი. ასეთ ნონსენსში არიან მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში. მათთვის მთავარია ჯიბე და პრივილეგიები“, - აცხადებს გია აბაშიძე.