„თავის დროზე „კანონი ოფშორების შესახებ“ ისე მიიღეს, ხმა არ ამოუღია ოპოზიციას ამის საწინააღმდეგოდ, რადგან ეს კანონი მათაც აწყობდათ ანტიეროვნული ინტერესებისა და პირადი გამდიდრების გამო. ოფშორების კანონთან მიმართებით ივანიშვილზე თუ არის ლაპარაკი, პირობას გაძლევთ, ეს ფული მოხმარდება ისევ და ისევ საქართველოს, ქართველი ერის სასიკეთოდ. ივანიშვილისგან განსხვავებით, კეზერაშვილი მაგალითია იმისა, რომ ოფშორს ადამიანი მიმართავს პირადი ინტერესისთვის“, - აცხადებს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.
ოპოზიცია ამბობს, რომ „ოფშორების კანონპროექტის“ მიღება ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება, რადგან მას სანქციების ეშინია. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოდან ოფშორებში ფულის გადინება და იქიდან კაპიტალის შემოდინება 2004 წლიდან, ანუ „ნაციონალების“ დროს დაიწყო. მოგვიანებით „პანამის დოკუმენტებში“ არაერთი პოლიტიკოსი, მათ შორის, პუტინიც დაფიქსირდა, რომლებიც ოფშორებში ფულს ინახავდნენ და ეს ჩრდილოვანი ფინანსური ოპერაციები აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყო, აისბერგის დიდი ნაწილი კი დაფარული იყო. რამდენად აუცილებელია „ოფშორების კანონის“ საქართველოში ამოქმედება, რათა გამოირიცხოს ფულის გათეთრების სქემები და რევოლუციური სცენარები?
- ოფშორები აკრძალული არ არის და მსოფლიოს მრავალი ბიზნესმენი, კერძო პირი, თუ კომპანია სარგებლობს ოფშორებით, რადგან შედარებით დაბალია გადასახადები. ამერიკული და ევროპული კომპანიებისთვის ეს არანაირად არ არის აკრძალული, არ იდევნება კანონით და სრულიად ლეგალური რამ არის. რაც შეეხება ივანიშვილს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ივანიშვილი თავისი შემოსავლის 90%-ზე მეტს ახმარს საქართველოს. მას საქართველოში ბიზნესი არასდროს ჰქონია, საქართველოს გარეთ იღებს შემოსავალს, შემოაქვს ეს თანხა ჩვენს ქვეყანაში, რითაც ამაგრებს ეროვნულ ვალუტას. ჩვენი მულტიმილიონერები, მათ შორის, ზოგიერთი ფარული მილიარდერი, ჩვენი ბანკირები, მონოპოლისტები, ოლიგოპოლისტები საქართველოს მოსახლეობის ჯიბეებიდან ფულის ამოღებით გამდიდრდნენ, სარგებლობენ მონოპოლისტური უფლებებით და ზემაღალი ფასებით. ამაზე ბევრი დაიწერა უცხოეთშიც და ჩვენთანაც, რომ არანორმალურად მაღალი ფასები იყო საქონელზე საქართველოში. შეადარეთ ადამიანები, რომლებსაც გარედან ნაშოვნი ფული, მყარი ვალუტა შემოაქვთ და ხარჯავენ საქართველოსთვის და ადამიანები, ვინც ძარცვავდა და ახლაც ძარცვავს ქართველ ხალხს, იჯიბავს ამ ფულს და კაპიკს არ ხარჯავს ქვეყანაში ქველმოქმედებისთვის.
აქ უკვე მივადექით „მისტერ ოფშორს“ - კეზერაშვილს, რომელიც „ქოლცენტრების“ საქმეზე იყო მხილებული „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების მიერ. თუნდაც კეზერაშვილისნაირებისგან თავის დასაცავად ღირდა თუ არა ოფშორების კანონის მიღება და რას ნიშნავს პრეზიდენტის ვეტო ამ თვალსაზრისით?
- სხვათა შორის, ვახტანგ ჭარაიას მიმოხილვა იყო ოფშორების კანონის თაობაზე და იგი განმარტავდა, რომ, მთლიანობაში, ეს კანონი საქართველოსთვის სასარგებლო იქნება და არავითარ ხიფათს არ შეიცავს. რაც შეეხება კეზერაშვილს, ეს მაგალითია იმისა, რომ ოფშორს ადამიანი მიმართავს პირადი ინტერესისთვის. კეზერაშვილი, რომელიც გასამართლებულია საქართველოში და ძებნილია, თავის პირად ინტერესებს არა მარტო საქართველოს ინტერესებზე მაღლა აყენებს, არამედ უპირისპირდება საქართველოს ინტერესებს. რაოდენ განსხვავდება კეზერაშვილი იმ ქველმოქმედი ადამიანისგან, რომელიც ლეგალურად ნაშოვნ ფულს ახმარს საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავის დროზე კანონი ოფშორების შესახებ ისე მიიღეს, რომ ხმა არ ამოუღია ოპოზიციას. არადა, ისინი მონაწილეობდნენ ყველაფერში, მათ შორის, კომიტეტების მოსმენებში, პირველივე მოსმენის დროს და უფრო ადრეც მათ შეეძლოთ ერთი ამბავი აეტეხათ, როგორც ეს გააკეთეს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებისას და ეთქვათ, არიქა, ვიღუპებით. რატომ არ ამოიღეს ხმა? იმიტომ, რომ მათაც აწყობთ ოფშორების შესახებ კანონი, ოღონდ ეს აწყობთ ანტიეროვნული ინტერესების და პირადი გამდიდრების გამო. ივანიშვილზე თუ არის ლაპარაკი, გარანტიას გაძლევთ, ეს ფული მოხმარდება ისევ და ისევ საქართველოს, ქართველი ერის სასიკეთოდ.
ოფშორული ზონები მრავალფეროვანია - კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, ვირჯინიის კუნძულები, მალტა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, მონაკო. როგორც იხსენებენ, ყველაზე დიდი ფული 2007 წელს შემოვიდა საქართველოში კვიპროსიდან, საუბარია 150 მილიონ დოლარზე, შემდგომში კვიპროსი უკვე კეზერაშვილის სახელს დაუკავშირდა. თვითონ ცივილიზებულ მსოფლიოს რამდენად აწყობს ოფშორული ზონების გამომზიურება, რადგან მთელი მსოფლიო დგას ოფშორებში გადამალულ ფულზე და ნულოვან ან დაბალ გადასახადებს თავისი ხიბლი აქვს მდიდარი ადამიანებისთვის?
- რაც შეეხება 2007 წელს, კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე მიჭირს იმის თქმა, რას მოხმარდა კვიპროსიდან შემოსული თანხები, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, კეზერაშვილმა, რომელსაც ხან რა თანამდებობა ეკავა, ხან რა და ბოლოს, 2008 წლის სამხედრო-პოლიტიკური ავანტურის დროს იყო თავდაცვის მინისტრი, მისცა რუსულ სააგენტოებს ინტერვიუ, „ჩვენ მწვანე შუქი გვქონდა რუსეთიდან და არ ველოდით, რუსეთი ასე თუ მოიქცეოდა იმ დროს, როცა ცხინვალში ჯარს შევიყვანდით“. ფაქტი ერთია, ყველა თანამდებობის დროს კეზერაშვილი რჩებოდა „ნაცების“ ობშჩიაკის ხელმძღვანელად. როგორც ამბობენ, თავიდან ოქრუაშვილი იყო ობშჩიაკის უფროსი, შემდეგ ოქრუაშვილი ოპოზიციაში რომ გადავიდა, ობშჩიაკი გადავიდა კეზერაშვილზე, რომელიც კურირებდა საგადასახადო სამსახურს და ბიზნესმენების გაკოტრება მისი სქემით ხორციელდებოდა. კერძოდ, როცა მეტ-ნაკლებად მომგებიან ბიზნესს შეისწავლიდნენ საქართველოში, მაშინვე ქაღალდზე იქმნებოდა და რეგისტრაციას გადიოდა მსგავსი კომპანია, იმავე წესდებითა და პროფილით, შემდეგ ამ ბიზნესმენს სთავაზობდნენ, ან გადაეცა საკუთარი ბიზნესი ამ კომპანიაზე ჩუქების სახით, ან შეგუებოდა იმას, რომ მას გააკოტრებდნენ. მე ამას მიყვებოდა ადამიანი, რომელიც კეზერაშვილთან მუშაობდა. საბოლოოდ მინისტრობიდან გადამდგარი კეზერაშვილი ერთბაშად მოევლინა მსოფლიოს, როგორც მილიარდერი, რომელიც ოფიციალურად ფლობდა მილიარდ 700 ათას დოლარს. კარგად მახსოვს, როცა კეზერაშვილი ცოტა ხნით დააკავეს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით და საფრანგეთში სასამართლოც შედგა, სააკაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდს მისწერა ღია წერილი - „გთხოვთ, გაათავისუფლოთ კეზერაშვილი, ვინაიდან ის არის ჩვენი პარტიის ძირითადი დამფინანსებელიო“. ისმის კითხვა, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს თავდაცვის მინისტრი, მანამდე სხვა თანამდებობა ეკავოს და თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ უცბად გახდეს მილიარდერი?! საჯარო სამსახური ხომ კრძალავს ბიზნესში საქმიანობას.
ხომ არ მოელით, რომ „ოფშორების კანონსაც“ პრობლემები შეექმნება რევანშისტული ძალების მხრიდან, მით უფრო, რომ გვესმის ოპოზიციის კომენტარები, თითქოს ოფშორების კანონპროექტი აჩენს რისკს, ქვეყანაში შემოვიდეს ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება?
- ვეჭვობ, ასე მოხდეს, რადგან ამ კანონის მიღების დროს ოპოზიციას ხმა არ ამოუღია. ამდენად, მე არ ველი დიდ ხმაურს ამის გამო, რადგან ხმაური რომ სდომოდათ, ამას თავიდანვე ატეხავდნენ.