„ოფშორების კანონის წინააღმდეგი ვერ იქნება ნორმალური ადამიანი, ეს ისეთივე პროცესია, როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით - ღიაობა არ აწყობთ არც გამჭვირვალობის და არც ოფშორების შესახებ კანონში“

„ოფშორების კანონის წინააღმდეგი ვერ იქნება ნორმალური ადამიანი, ეს ისეთივე პროცესია, როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით - ღიაობა არ აწყობთ არც გამჭვირვალობის და არც ოფშორების შესახებ კანონში“

სხვა კანონპროექტების მსგავსად, ოპოზიციას არც „ოფშორების შესახებ კანონი“ მოსწონს. ამის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფშორებში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვან შეღავათს სთავაზობს. თუკი ეს კომპანიები საქართველოში დაბრუნდებიან, მაშინ ოფშორების კანონის ამოქმედების შემდეგ გადასახადს აღარ გადაიხდიან.

საუბარია მნიშვნელოვან შეღავათზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს საქართველოში მოგების გადასახადი 15%-ია, საშემოსავლო - 20%, ხოლო იმპორტის გადასახადი 5% ან 12%, შეღავათი საკმაოდ სოლიდური გამოდის და ამით ქვეყანაც ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს.

სხვაგვარად ფიქრობს ოპოზიცია. მათი აზრით, კანონპროექტი „ქართული ოცნების“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდება.

როგორც წესი, ოფშორებს ხშირად იყენებენ მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებსაც ბიზნესსაქმიანობა ეკრძალებათ. ამის ნათელი მაგალითია „მისტერ ოფშორად“ წოდებული დავით კეზერაშვილი, რომლის სახელიც ჯერ კიდევ 2016 წელს ამოტივტივდა ე.წ. პანამის დოკუმენტებში, როცა მან თავდაცვის მინისტრობის შემდეგ ნავთობის გაყიდვის შედეგად მოპოვებული მილიონები სამ ოფშორულ კომპანიაში გადარიცხა.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ე.წ. ოფშორების კანონპროექტი აჩენს რისკს, ქვეყანაში შემოვიდეს ქონება, რომლის წარმომავლობაც დადასტურებული არ იქნება. ამიტომაც პრეზიდენტმა „ოფშორების კანონს“ ვეტო დაადო. პარლამენტის საფინანსო კომიტეტმა კი ეს ვეტო არ გაიზიარა.

რატომ აფრთხობს ოპოზიციას ოფშორების შესახებ კანონი და ამით გადაეკეტებათ თუ არა სასიცოცხლო არხები „ნაცებს“, რომლებიც უკანონო შემოსავლებით სულდგმულობენ?

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ოფშორების კანონის აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ადეკვატურობისგან ძალიან შორს დგას პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც ოფშორების კანონს ვეტო დაადო.

გია აბაშიძის განმარტებით, პრეზიდენტი გახდა „ნაცოპოზიციის“ წარმომადგენელი, მისი განცხადებები მოკლებულია საღ აზრს, მისთვის მთავარია იყოს დესტრუქციული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. თორემ რა არის იმაში ცუდი, რომ ოფშორში გადამალული ფული შემოიტანონ საქართველოში და ეს ფული გახდეს გამჭვირვალე, ამ ფულმა ეკონომიკაში ჩადოს ინვესტიციები და დაასაქმოს საზოგადოება, შეიტანოს წვლილი მშპ-ში, მით უმეტეს, რომ ოფიციალურად არსებობს ასეთი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. თუმცა ზურაბიშვილი გლობალური აგენტოკრატიის ერთ-ერთ მსახურად იქცა, მისთვის მთავარია ხელი შეუშალოს საქართველოს განვითარებას და ამას დაარქვას პროევროპული კურსისგან აცდენა.

„თუნდაც „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ რომ დაადო ვეტო იმ დათქმით, რომ ერთი დღით შევა ძალაში ეს კანონი, ესეც ბრიყვული გადაწყვეტილებაა დე ფაქტო პრეზიდენტის მხრიდან. ანუ იგი ერთი დღით მაინც ეთანხმება ე.წ. რუსულ კანონს, ეს ნიშნავს, რა აბსურდთან გვაქვს საქმე. მას პრეზიდენტობის რამდენიმე თვე დარჩა, შესაბამისად, ორბელიანების სასახლიდან პოლიტიკურ პარაზიტობას გააგრძელებს, არა უშავს, მოითმენს ამას ქართული საზოგადოება, შემოდგომაზე კი მოუწევს ზურაბიშვილს არა მარტო პრეზიდენტის პოსტის, არამედ საქართველოს დატოვებაც, რადგან მას საქართველოში არ დაედგომება, იგი უსამშობლო ანტიქართული ელემენტია“, - მიიჩნევს გია აბაშიძე.

ანალიტიკოსის აზრით, „ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო“, ამის მსგავსად, ავაზაკ კეზერაშვილს რა უნდა და ბნელი ოფშორი. აქ მარტივადაა საქმე, როდესაც სუფთა ბიზნესს აწარმოებ, იქ დასამალი არაფერია და, პირიქით, უნდა შეატყობინო ხალხს, რომ კარგ საქმეს აკეთებ საქართველოს საკეთილდღეოდ, მაგრამ როცა „ნაცმოძრაობის“ მილიონერი პოლიტიკური აქტორები საქართველოს ჩამოსაქცევად მუშაობენ და ამისთვის ხარჯავენ მილიონებს, ამას კონკრეტული მიზანი აქვს - ხელისუფლების მიტაცების მცდელობა.

„თუმცა შედეგი რა არის? მაინც ვერაფერს მიაღწიეს ხელისუფლების მიტაცების თვალსაზრისით და დღესაც ვერაფერს მიაღწევენ. მათთვის, როგორც ეშმაკეულისთვის, აიაზმის პკურების ტოლფასია გამჭვირვალობის შესახებ კანონიც და ოფშორების შესახებ კანონიც“, - აცხადებს გია აბაშიძე.

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, ოფშორების კანონი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ბოლო ხანებში ტენდენცია გაჩნდა, აიძულონ ქვეყნები, ოფშორებში გატანილი თანხები შეიტანონ საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ და ლეგალურ რეჟიმზე გადაიყვანონ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა.

„რა თქმა უნდა, ასეთი კანონის ამოქმედების წინააღმდეგი ვერ იქნება ნორმალური ადამიანი, რადგან ოფშორული ბუჩქებით, ანუ დასამალი ადგილებით სარგებლობენ ისინი, ვისაც კონტროლიდან გასვლა სურს. დაახლოებით ეს ისეთივე პროცესია, როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რადგან ღიაობა არ აწყობთ არც გამჭვირვალობის და არც ოფშორების შესახებ კანონში“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას.

 

ლევკოთეა მე ასე გავიგე და თუ ვცდები, გთხოვთ, შემისწოროთ.
ოფშრებში მაშინ გადააქთ თანხები, როცა ფულის წარმომავლობა საეჭვია და ამ ახალი კანონით, მაგ საეჭვო ფულის არასაეჭვოდ გადმოეიცხვა და გამოჩენა შესაძლებელი იქნება საქართველოში.
თუ ეს ასეა, მაშინ ოპოზიციაც სიაფანდზე გააპროტესტებს, რომ მერე სათქმელად ჰქონდეს, თორემ მაგათაც ჰყავთ საეჭვოდ ფულიანი ჩრდილში მყოფი ხალხი, ვისაც აქვს დასამალი ფინანსები.
ნუ, ხაბეიშვილის დონის ოპოზიციინერებს არ ვგულისხმობ.
6 თვის უკან