საქართველოს პარლამენტი მორიგი ხმაურიანი კანონპროექტის „ლგბტქ+“ პროპაგანდის აკრძალვის განხილვას იწყებს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართულ პროპაგანდას სახელმწიფო კანონის ძალით უნდა დაუპირისპირდეს, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერი მოქალაქის უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა, პრინციპულად იქნება დაცული.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს. მისი თქმით, ქვეყანა თუ არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც სხვებმა მიიღებს.
„ჩვენმა გუნდმა წარადგინა ერთ-ერთი მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი ლგბტ პროპაგანდის დამარეგულირებელი ინიციატივა, რაც უკავშირდება გუშინდელ ოჯახის სიწმინდის დღესაც, საერთოდ, ოჯახურ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ქვეყანა დგას. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება. არ არის უნგრეთსა და პოლონეთში. დავალება მიიღეს, გააკეთეს. შეიძლება, იყოს მოთხოვნები, მაგრამ ქვეყანა თუ არ ეწინააღმდეგება, არ იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ იმას, რაც მიიღებს სხვებმა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნმა ცისარტყელას დროშა ესტონეთისა და უკრაინის სახელმწიფო დროშების გვერდით აღმართა. როგორც ესტონელი დიპლომატი აცხადებს, ცისარტყელას დროშის აღმართვით, კიდევ ერთხელ ადასტურებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ, რომ ყველას შეეძლოს იცხოვროს შიშისა და ძალადობის გარეშე.
„წელს, ესტონეთმა, გენდერულად ნეიტრალური ქორწინების ლეგალიზებით, უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა უფრო ინკლუზიური საზოგადოებისკენ. თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჩვენ აღვმართავთ ცისარტყელას დროშას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ ყველას შეეძლოს იცხოვროს შიშისა და ძალადობის გარეშე“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა, რომელიც ლგბტქ+ის თემის წარმომადგენელია, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა დასვა: „როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა?“
არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ. 9-პუნქტიანი რეკომენდაცია პირდაპირ ითვალისწინებს ლგბტქ + თემის მხარდაჭერას, რაც ზრდის საფრთხეს, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს ოფიციალურად დაავალდებულებენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.
ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებთან დაკავშირებით საუბრობდა ეკლესია. როგორც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, ახლა, როდესაც ხელისუფლება ამას ყურადღებას აქცევს, რა თქმა უნდა, ეკლესიაც ამ პლატფორმაზე აღმოჩნდა.
„როდესაც ამბობენ, რომ საქართველოს ეკლესია სახელმწიფოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს, მინდა შევახსენო ყველას, რომ რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებთან დაკავშირებით, ამას გაცილებით ადრე ვამბობდით, ვიდრე ახლა ვისმენთ ხელისუფლებისგან. შევხვდით პარლამენტში შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ ლგბტ პროპაგანდის საკითხი მოზარდებში.
მინდა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მადლობა ვუთხრა მათ, ვინც ეს საკითხი დააყენა. ეს ჩვენგან ნათქვამი და წამოსული ტკივილი და ინიციატივებია და ახლა, როდესაც ხელისუფლება ამას ყურადღებას აქცევს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პლატფორმაზე აღმოვჩნდით ამ კუთხით, რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის თემას“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თვლის, რომ, ზოგადად, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. რა თქმა უნდა, ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებას აქვს საფუძველი, როგორც წესი, ასეთი დონის ფიგურები საუბრის დროს ფაქტობრივ მტკიცებულებებს ეყრდნობიან. რაც შეეხება იმას, ითხოვდნენ თუ არა ჩვენს შემთხვევაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, როგორც ჩიხელაძე აცხადებს, მტკიცებით ფორმაში ვერ იტყვის, მაგრამ არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ საქართველოს შემთხვევაში ნამდვილად მოხდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების თემის გააქტიურება.
„მეორე საკითხია ეს იყო მოთხოვნა თუ ირიბი თხოვნა. ჩემს ეჭვებს ამყარებს საქართველოში სტუმრად მყოფი პოლიტიკოსების განცხადებები, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი - „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით?“ ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, თორდის კოლბრუნი, გილოცავთ ლესბოსელთა ხილვადობის კვირეულს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩვენ ვამაყობთ, რომ გავხდით ბალტიის პირველი ქვეყანა, რომელმაც დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება“. მსგავსი შინაარსის განცხადებები იძლევა საფუძველს, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ერთნაირსქესიანთა ქორწინების ან სამოქალაქო ურთიერთობა და რეგისტრირებული პარტნიორობის დაკანონება.
ჩემი სიტყვების დასტურად ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგის სიტყვები გამოდგება, რას იწვევს ევროკავშირის წევრობა: „ფაქტობრივად, შენ თმობ სუვერენიტეტის ნაწილს, ეს ასე მუშაობს, ორივე ერთად ვერ გექნება“. შესაძლოა, ვინმესთვის სუვერენიტეტის დათმობაზე საუბარი აბსურდი ყოფილიყო, ეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მაღალჩინოსანს რომ არ ეთქვა. ვიღაცისთვის ასეთივე აბსურდია ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება, რომელიც ისეთივე რეალობა არის, როგორც სუვერენიტეტის დათმობის საკითხი“, - ამბობს ანალიტიკოსი.
რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, როგორც ჩიხელაძე ამბობს, ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრების ორი გზა არსებობს, პირველი არის ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მეორე კი სამოქალაქო ურთიერთობა და რეგისტრირებული პარტნიორობა, რაც მათ იურიდიულად აღიარებას ნიშნავს, რომლებსაც ნაკლები უფლებები აქვთ, ვიდრე დაქორწინებულ წყვილებს.
„მაგალითად, მათ არ შეუძლიათ შვილის აყვანა და ა.შ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის აღნიშნული ორი ფორმა არსებობს, მათ შორის ლატვიაში და ხორვატიაში, რომელთაც კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია მოახდინეს - დღემდე არსებობს აღნიშნული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ქორწინება მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის არის ნებადართული, მაგრამ ეს ერთნაირსქესიანთა წყვილის თანაცხოვრებას ხელს არ უშლის.
პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა, ნიდერლანდები იყო 2001 წელს, ბოლო კი საბერძნეთი 2024 წელს. ერთნაირსქესიანთა თანაცხოვრების აღნიშნული ორი ფორმა მრავალ ქვეყანაში არსებობს მათ შორის არის - გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიხტენშტაინი, უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია და სხვა“, - აცხადებს დავით ჩიხელაძე.
რაც შეეხება ზეწოლის მექანიზმებს და როთის განცხადებას, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, ევროკავშირს აქვს ზეწოლის მექანიზმები, მაგრამ მეორე საკითხია ქვეყნის მოსახლეობის განწყობა, როგორია უმრავლესობის აზრი და ღირს კი ზეწოლის ბერკეტის გამოყენება. მისი თქმით, ზეწოლის მექანიზმების ამოქმედებამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს და ევროკავშირის მიმართ აგრესია გაჩნდეს.
„17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე იყო საუკეთესო ლუსტრაცია, რომ ქართული საზოგადოება რწმენის, ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების ერთგულია, რომელიც ვერ მიიღებს ხელოვნურად შექმნილ და თავს მოხვეულ დირექტივებს. მით უფრო არსებობს ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონებული არ არის და ეს მათ ევროპასთან ურთიერთობას ხელს არ უშლის. პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი, საკუთარი იდენტობით, ღირსებით, კულტურით, ისტორიით გახდება, რომელიც მიუხედავად ზეწოლისა, არასდროს შეუსრულებს ისეთ მოთხოვნას, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. რაც შეეხება, ზოგადად, ლგბტ თემის უფლებების დაცვას, აღნიშნულ საკითხში საქართველო არათუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას უსწრებს, მათ შორის იტალიას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჩიხელაძემ.