როგორც ცნობილია, სადავო კანონს „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, თუმცა, არ წარუდგენია კონკრეტული შენიშვნები. აღნიშნულს კი აბსურდულად მიიჩნევს „ქართული ოცნება“. მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებით, ამით სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები.
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, უარით და დესტრუქციით უპასუხა.
„დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები“, - დაწერა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაგრძელდება და პროცესმა სექტემბრიდან შესაძლოა უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს. როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, ევროკავშირს შეუძლია მათი ქვეყნებიდან იმ ქართველების დეპორტაცია დაიწყოს, ვინც უცხოეთში არალეგალურად ცხოვრობენ - აღნიშნული კი, ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს.
„ვეტოს დაძლევის დრო იქნება ისეთივე პროტესტი, რაც იყო. ველოდები, რომ ზაფხულის პერიოდში პროტესტის ტალღა შემცირდება, თუმცა სექტემბრიდან ეს პროცესი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღეს. დღეს ყველაფერი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს, როგორი პროპაგანდაც არ უნდა იყოს. მთავარია, რომ პროტესტმა მშვიდობიანი ფორმა შეინარჩუნოს.
საზოგადოებას დრო სჭირდება და დროს სჭირდება ასევე სამართალდამცავ ორგანოებსაც, ვგულისხმობ რიგით პოლიციელებს, რომლებმაც ბრძანება უნდა შეასრულონ. შეიძლება ეს ბრძანება დღეს შეასრულონ, მაგრამ თუ პროტესტი მშვიდობიანი იქნება, ხვალ ამას აღარ გააკეთებენ. ყველა მათგანს ჰყავს თავისი სოციალური გარემო - მათ თავის მართლება მართლა უწევთ მათ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან.
სააკაშვილს გაცილებით მაღალ დონეზე ჰქონდა რეპრესიული აპარატი, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას აქვს - ეს ეტაპი გავიარეთ და აღარ მუშაობს ეს მექანიზმი. საბჭოთა კავშირში არ იმუშავა, როდესაც ქვეყანას გამოეცალა ყველანაირი რესურსი.
ევროკავშირს შეუძლია ჩვენი არალეგალების დეპორტაცია ერთ კვირაში - წარმოგიდგენიათ, ეს ქვეყანაში რა ქაოსს შექმნის?! ეს ქვეყნისთვის ეკონომიკური უბედურება იქნება. როგორც ჩანს, ამ პერიოდის განმავლობაში, მეორე მოსმენიდან მესამე მოსმენამდე მხოლოდ ერთი კაცი დაარწმუნეს, მეტის დარწმუნება ვერ შეძლეს. არ გამოვა ეს საქმე და ძალიან ვწუხვარ, რომ ხელისუფლება ამას ვერ აცნობიერებს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია კანონზე მუშაობა გაგრძელდეს, რომ რაიმე კომპრომისული შუალედი იქნას ნაპოვნი.
„პროცედურულ საკითხებში შეიძლება შეიცვალოს რაიმე. ველოდები ცვლილებებს, მაგრამ ამისთვის მნიშვნელოვანია წინადადებები შემოვიდეს. კანონი მიღებულია, მაგრამ ეს პროცესი დასრულებული არ არის, საუბარია, რომ კანონზე მუშაობა გაგრძელდეს, თუმცა როგორი ფორმით - ვეტოს ფარგლებში თუ მის გარეშე. განზრახვა არაა, რომ ეს კანონი სასწრაფოდ იყოს მიღებული“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „გამჭვირვალობის კანონზე“ ვეტოს დადება მომენტს ქმნის პროცესის კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამჭვირვალობის კანონზე ვეტო კიდევ ერთხელ გადააზრებისთვის ქმნის მომენტს. ამჟამინდელ ფორმაში - კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება. საქართველოში ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოვუწოდებ, რომ კარგად გამოიყენონ შესაძლებლობის ეს ფანჯარა და საქართველოს ევროპულ კურსზე დარჩენა უზრუნველყონ, რასაც მოსახლეობა უჭერს მხარს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ახლოდან დაკვირვებას განვაგრძობ“, - წერს მიშელი.
ფორმალურად რამე შევცვალოთ, ასე სჯობს. ჩვენი ხალხიც იტყვის ხელისუფლებას მეტი რაღა ექნაო.