სულ ახლახანს საქართველოში დამკვიდრდა ტერმინი Gen-Z-ი. ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, ზუსტად ამ ტერმინით მოიხსენიებს საკუთარ თავს. ეს სახელდება 1995-2015 წლებში დაბადებულ ადამიანებს ეხება. რომელია ის ქვეყანა, ვინც თაობათა ცვლას, გარკვეული ტერმინოლოგით აღნიშნავს? ეს ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატებია.შტატებში სულ რვა ასეთი თაობაა. ყველას ცალკე განხილვა, ძალიან გადაჭარბებული იქნება და მკითხველს დაღლის.
ყურადღებას მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებ. ესენია Milennials (1981-1996) და Generation-Z (1997-2012). როდესაც პირველად გავიგე, რომ ქარველი ახალგაზრდობის ნაწილი, საკუთარ თავს Gen-Z-თ მოიხსენიებდა, გამოგიტყდებით დიდად არ მესიამოვნა, მაგრამ არ გამკვირვევებია... თუმცა, იმან უფრო განმაცვიფრა, როდესაც ჩემი თაობის მცირე ჯგუფისაგან გავიგე, რომ თითქოს-და, თურმე, ისინიც Milennial-ები ყოფილან. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამას კარნავალური ხასიათი აქვს, შვილების თაობაზაზე აყოლა, ფეხის აწყობა და წახალისება...
ორი სიტყვით უნდა ითქვას თუ რა პროცესთან გვაქვს საქმე. ამ პროცესს გლობალიზაცია ეწოდება. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, საქმე Glocalization-თან გვაქვს. გლობალიზაციის მნიშვნელობა, მეტ-ნაკლებად, ჩვენს ხალხს უკვე ესმის, ხოლო გლოკალიზაცია განმარტებას საჭიროებს. ვიდრე გლოკალიზაციის განმარტებას მივადგებით, აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ საქმე არ უნდა გვქონდეს ჰიბრიდიზაციასთან (Hybridization), რომელიც ყველაზე რომანტიკული ფორმაა გლობალიზაციის პროცესისა (ერთგვარი ახალი კულტურული სახეობის გამოყვანაა...) ამ პროცესს მეტი დაკვირვება ესაჭიროება. ეს სხვა დროს გადავდოთ. დავუბრუნდეთ გლოკალიზაციას. ეს ტერმინი სოციოლოგიაში, ბრიტანელმა მეცნიერმა რონალდ რობერტსონმა დანერგა. რობერტსონის დაკვირვებით, გლოკალიზაცია არის პროცესი, როდესაც ფასეულობათა გამავრცელებელს, ამ ფასეულობათა გავრცელების არეალში, მყარი კულტურულ-ცივილიზაციული ფენომენი(ები) ხვდება, რომელიც დაუძლეველ წინააღმდეგობას წარმოადგენს... ასეთ შემთხვევაში ხდება ურთიერთადაპტაცია და გლობალურისა და ლოკალურის შეთამაშება...
გავიხსენოთ საპროტესტო მიტინგის ერთ-ერთი ღამე, როცა, Gen-Z-თ წოდებული (სმარტფონებიანი) ახალგაზრდები, ულამაზესად ცეკვავდნენ და მღეროდნენ ქართულად. მარტივად და გასაგებად სწორედ ასეთ მოვლენას ეწოდება გლოკალიზაცია.
ახლა კი, შევეხოთ იმ მნიშვნელოვან საკითხს, თუ რამდენად ჰგავს ამერიკული და ამერიკაში არსებული სინამდვილე ქართულს. რამდენად გონივრულია ქართველისგან იმის თქმა, რომ იგი ან Milennial-ა, ან Gen-Z ? პირადად მე, უფრო 1977 წელს დაბადებული Milennial-ი გამოვდივარ, ვიდრე Gen-X და ისმის კითხვა, რა მაკავშირებს მე (როგორც იმ დროის მოზარდს) ჩემი თაობის ამერიკელებთან? რა მაკავშირებს და MTV, ჯინსები, რემბო (არტური არა) და საბრინა. ყველაფერი ის ზედაპირული, რასაც რბილი ძალა (Soft Power) ეწოდება და გლობალიზაციის ინსტრუმენტია (Toolkit). ახალგაზრდა ბიჭი, ამ ყველაფერს აღფრთოვანებაში მოვყავდი და მოლოდინიც დიდი მქონდა...
ერთი ეპოქალური ეპიზოდის გახსენება არ იქნებოდა ურიგო. 9/11-ს ტრაგედიას, მე და ჩემი მეგობარი პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. და იმ მომენტამდე, როცა მეორე თვითმფრინავი უკანასკნელ ტყუპისცალს შეეჯახა, ეს ყველაფერი კინო, შოუ და რაღაც ფოკუსი გვეგონა. მაგრამ მერე, როცა გავაცნობიერეთ მომხდარი ფაქტის გრანდიოზულობა, შოკში ჩავვარდით! პირველი აზრი, რამაც გამიელვა, ის იყო, რომ თუ ამერიკას ასეთი რამ გაუბედეს, რა შეიძლება დაემართოს ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა.
ამით იმის თქმაც მსურს, რომ ჩემი ამერიკელი თანატოლის სოციო-პოლიტიკური პრობლემები, ემოციები და ფლუქტუაციები, არანაირად არ აისახებოდა ჩემზე და ჩემი განცდა მათ განცდასთან შედარებით იყო უმცირესი...
ამ დროიდან იწყება Milennial-ბში იმედგაცრუება, საკუთარი ქვეყნის ძლევამოსილებაში და ლიბერალური დემოკრატიის გავრცელების საყოველთაო მიმღებლობაში. Harvard institute of Politics-მა ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე გამოკითხვა ჩაატარა 1,200 სკოლის მოსწავლეს შორის, მთელი ქვეყნის მაშტაბით. გამოკითხულთა 79% მხარს უჭერდა ავღანეთის საჰაერო დაბომბვას, ხოლო 68% ქვეყანაში ცოცხალი ძალის შეყვანას. 2003 წლისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 59% თანახმა იყო აშშ-ს განეხორციელებინა პრევენციული დარტყმები მტრულად განწყობილი ქვეყნებისადმი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი კლებაა. ახლო აღმოსავლეთში (ერაყი, ავღანეთი, ლიბია, სირია და სხვა) ამერიკის წარმოებულმა დემოკრატიის გავრცელების ხისტმა პოლიტიკამ, ახალგაზრდებში საკმაოდ დიდი სკეპსისი გააღვივა. ამ სკეპსის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ, რეალიზმის სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ მერშაიმერი და ნოტრ დამის უნივერსიტეტის პროფესორი სებასტიან როსატო, მათ მიერ გამოცემულ ახალ წიგნში „How state think“. აქ ვკითხულობთ, რომ მოყოლებული მეორე მსოფლიო ომიდან 2004 წლამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 35 ინტერვენცია განახორციელა განვითარებად ქვეყნებში. და ამგვარი მოქმედებებისაგან მიღებული ეფექტი შეადგენს, მხოლოდ 3%-ს. პროფესორები აღნიშნავენ, რომ ეს უარყოფითი ეფექტი დღემდე გრძელდება და, რომ დემოკრატიის ძალისმიერი გავრცელების თეორია არ იმსახურებს ნდობას. აქვე ერთი ცხოვრებისეული მინდა გავიხსენო.
ერთხელ ჩემს ამერიკელ მეგობარ (თანაჯგუფელ) გოგონას ავღანეთის ომზე ვესაუბრებოდი. მან ასეთი სიტყვები წამოიძახა „I should stop worry about rest of the world“ (მე უნდა შევწყვიტო დანარჩენ მსოფლიოზე ნერვიულობა). ძალიან უცნაურად მომეჩვენა, რატომ უნდა ღელავდეს ეს გოგონა დანარჩენ მსოფლიოზე-მეთქი?! მერე მივხვდი, რომ ჩემი თაობის ამერიკელები, ის ადამიანები არიან, რომელნიც Superman-ის, Batman-ის და Spiderman-ის კომიქსებზე, ფილმებსა და სათამაშოებზე იზრდებოდნენ.
„უშიშარი მშველელები“, ნებისმიერი ფიზიკური თუ მეტაფიზიკური სირთულის „დამძლევნი“, ისე მყარად ჩაჯდა მათ ქვეცნობიერში, რომ უკვე ასაკსაც აღარ ეძლევა დიდი მნიშვნელობა.
ძლიერი პოლიტიკოსი სწორედ ის არის, ვინც შეძლებს ამერიკელი დაარწმუნოს, რომ მისი ხმა ან თითოეული ცენტი მოხმარედება „კარგი ბიჭები“-ს (Good Guys) „ცუდ ბიჭებ“-თან (Bad Guys) ბრძოლას. პროპაგანდის და ნარატივების მეშვეობით, სწორედ ქვეცნობიერში მიძინებული გმირების გაღვიძება ხდება და ამერიკელი მზად არის, რომ მის გმირებთან ერთად „სამყარო გადაარჩინოს“.
კონტექსტიდან და გეოგრაფიიდან გამომდინარე კი, ჩვენ სხვა გმირები გვყავს, სულ სხვა კოდები გვაქვს. აი რას წერს ზ. გამსახურდია: „(ნაცარქექია) სიზარმაცისა და ბაქიაობის განსახიერება კი არ არის, როგორც ზოგიერთ კალმოსანს ჰგონია, არამედ ჭკუისა და მოხერხებისა… ნაცარქექია ქართველი ოდისევსია, იგი ახერხებს ციკლოპის მოტყუებას და დამარცხებას. ოღონდ კარგი იქნებოდა, თუ მის შესახებ მსჯელობას განვავითარებთ და მასში მხოლოდ პოლიტიკურ მებრძოლს და დიპლომატს კი არ დავინახავთ, არამედ სულიერ პლანში მებრძოლს უნივერსალურ ბოროტებასთან. იგი მედიტატორია და მოაზროვნე, იგი ჭვრეტითი ნატურაა (ნაცარი აზრის სიმბოლოდ იშიფრება ყველა ზღაპარში). აქედანაა მისი გარეგანი პასივობა. ამ თვალსაზრისით იგი ზეეროვნული სახეა, ზოგადსაკაცობრიო სახე… ალბათ, ამიტომაც დაუკავშირა მღვდელმა გრიგოლ ფერაძემ ნაცარქექია წმინდა გიორგის სახეს“.
უნდა ვიცოდეთ ჩვენი ზღაპრის გმირები. არ შეიძლება მათი სხვაზე გაცვლა. შეიძლება გათანამედროვება, მაგრამ არ შეიძლება მათი უარყოფა და გადაგდება!
მივუბრუნდეთ ჩვენს დროებას. 9/11-ს ამერიკული ტრაგედიის შემდეგ შვიდი წელი გავიდა და საქართველო უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენი თაობის გაბრაზება, წუხილი და სულიერი ტკივილი იგივე დონეზე ვერ იქნებოდა გაზიარებული ამერიკელი თანატოლების მიერ...
შედეგიც კარგად დავინახეთ, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა…
ჩემთვის სავსებით გასაგებია ინტერნეტის და სოციალური ეპოქის ზეგავლენა. ინდოევროპული ენების ათვისების სიმარტივე. გაადვილებული კომუნიკაცია თანატოლებთან და ტურიზმის ფენომენი. ეს ყველაფერი არის გლობალიზაცია, მაგრამ არაფერია მუდმივი ცისქვეშეთში. დავუშვათ და ჩაესვენა ამერიკული ჰეგემონიის მზე და ამობრწყინდა ჩინური, მერე როგორ იქნება ჩვენი საქმე? ჩინური The Sandwich Generation-ის და The „Me“ Generation-ის კოპირებას დავიწყებთ? მათთან განვიცადოთ ჰიბრიდიზაცია და გლოკალიზაცია?! სხვათა შორის, ამერიკაში უკვე არსებობს ახალი Generation Alpha (2010-2020). ანუ შუახნის Milennial-ბის და ახალგაზრდა Gen-Z-ს შვილები. დროშიც აცდენა გამოგვდის და სივრცეშიც. პერიფერიაზე გვიან მოდის გლობალიზაციის სიგნალები… დავუსვათ ჩვენს თავს ეს შეკითხვები. საერთოდ დავსვათ ბევრი შეკითხვა და ინდივიდუალურადაც და კოლექტიურადაც ვეძებოთ პასუხები.
P.S. ცხოვრება მამათა და შვილთა დაუსრულებელი დაპირისპირებაა. ხან შვილია მართალი, ხან მამა. ხან ორივე მცდარი, ხან კი მართალი. საქართველო პატარა და დანაწევრებული ქვეყანაა. გამთლიანებისათვის საჭიროა, რომ ახალგაზრდული ემოცია/ენერგია, სინერგიულად შეერწყას ძველგაზრდათა სიბრძნე-გამოცდილებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ საკუთარი თავი, ისტორიული ფუნქცია და უფრო ამბიციურადაც თუ გამომვთქვამთ, სულიერი მისია. ქართველი ქართველს უნდა ჰგავდეს! სტუმარი ღვთისაა, ხოლო ჩვენ მარადიული მასპინძლები!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
ქრისტე აღსდგა! საქართველო აღსდგა!
ყველა თაობის პატივისმცემელი და მოსიყვარულე
ლ. მეტონიძე