თეა წულუკიანი მთავრობის მიერ ავიაბილეთების სუბსიდირებაზე: ეს ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყნის სახის საჩვენებლადაც

თეა წულუკიანი მთავრობის მიერ ავიაბილეთების სუბსიდირებაზე: ეს ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყნის სახის საჩვენებლადაც

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის მიერ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თამაშთან დაანონსებულ სიახლეებზე მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენი სამინისტრო გადარიცხავს [პრემიას] ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციაში და ჩვენი ფედერაცია დამსახურების და წარმატების ხარისხის მიხედვით ამ თანხებს განკარგავს როგორც ეროვნული ნაკრების წევრებზე, ასევე იმ მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსზე, რომლის გარეშეც არავითარი გამარჯვება არ დგება ხოლმე სპორტსმენის ცხოვრებაში. ესენი გახლავან ჩვენი ღვაწლმოსილი მწვრთნელები, ექიმები და ასევე ადმინისტრაციული პერსონალი“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრი მთავრობის მიერ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების სუბსიდირებასაც გამოეხმაურა.

„ყველა ის ქომაგი, რომელსაც ექნება ბილეთი, მიიღებს შეღავათიან საშუალებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იქითკენ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე აქედან ჩასული ქართველი გულშემატკივარი რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი იყოს. ეს ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყნის სახის საჩვენებლადაც, იმიტომ, რომ მგონია, რომ ქართველი გულშემატკივარი ყველზე აქტიური, გულმხურვალე და ემოციურია“, - აღნიშნა წულუკიანმა.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება. მთავრობა ასევე გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს დაასუბსიდირებს. ბილეთებს გასაყიდად ელექტრონული პლატფორმა კვირის ბოლომდე გამოიტანს. ერთი გზის ფასი სუბსიდირებით, 195 ევრო იქნება.