მალევე მას შემდეგ, რაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციამ“ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მოიყვანა, მისი ცოლი ჰყვებოდა, რომ მეუღლე ძლიერი ქართველი მმართველების ტრადიციების მიმდევრობას ცდილობს, „ისეთების, როგორებიც არიან სტალინი და ბერია“
სააკაშვილმა ყველას აგრძნობინა ის, თუ რა პერსპექტივა ელოდებოდა მის ქვეყანას, როდესაც არჩევნებზე 96%-იანი გამარჯვება (მისმა უახლოესმა კონკურენტმა ხმების მხოლოდ 1.9% მიიღო) ხელისუფლების უზურპაციისთვის გამოიყენა. საკუთარი განზრახვები ინტერვიუშიც დაადასტურა, როდესაც განაცხადა რომ ქვეყნის პარლამენტში ოპოზიციური დეპუტატების ყოფნაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს. ამავდროულად, სააკაშვილი საქართველოს დასავლეთთან დაახლოების პირობას დებს და ევროკავშირსა და ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანებას ცდილობს. ამიტომ საერთაშორისო ექსპერტები ავისმომასწავებელ პროგნოზებს თავს არიდებენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სააკაშვილის რეჟიმის როგორც რეგიონში რუსეთის გავლენის საპირწონედ წარმოჩენა მოდური გახდა. როდესაც ომი დაიწყო, ყველა პარტიის წარმომადგენელი ერთდროულად გმობდა „რუსულ აგრესიას“ და ადიდებდა საქართველოს, როგორც რუსეთის საზღვრებთან აყვავებულ დემოკრატიას. მაშინ ისეთმა წინადადებამაც კი გაიჟღერა, რომ საქართველო ნატო-სა და ევროკავშირში წევრობის კანდიდატებისთვის არსებული მოთხოვნების გარეშე მიეღოთ და რუსეთთან საბრძოლველად კავკასიაში ბრიტანული არმია გაეგზავნათ. ამ წინადადების მასშტაბს და მნიშვნელობას, ასევე მის შედეგს ბრიტანული არმიისთვის იმ დროს, როდესაც ისედაც ორ ომში ვართ ჩაბმული ერაყსა და ავღანეთში, როგორც ჩანს არავინ ითვალისწინებდა. შემდეგ კი ევროკავშირმა და ეუთო-მ გამოძიება ჩაატარეს, რომლის შედეგად კონფლიქტის დაწყებასა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნაში საქართველო დაადანაშაულეს.
სინამდვილეში, სააკაშვილს მართლაც შეუძლია მთელი რიგი წარმატებული რეფორმებით დაიკვეხნოს. მან აგონიაში მყოფი ქართული ეკონომიკის რეფორმირება შესძლო და საქართველო, რომელიც გაკოტრების ზღვარზე იყო, ბიზნესის იოლად წარმოების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ქვეყნად აქცია. ასეთ წარმატებას მან დიდწილად თავისუფალი ბაზრის პრინციპებითა და გადასახადების შემცირების გზით მიაღწია, თუმცა ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლას სხვა ცვლილებებიც მოჰყვა. საქართველოში სულ უფრო ხშირად და უხეშად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას, კანონის ნორმები ეწირებოდა სახელმწიფო ხელისუფლების სულ უფრო მზარდ თვითნებობას.
საქართველოს სვლა ავტორიტარიზმისკენ სწორედ იმ მომენტიდან შეინიშნება, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. რეჟიმის ოპონენტები მას კორუფციაში, ასევე რამდენიმე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის გამო ადანაშაულებენ. ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა გაამწვავა, როდესაც 50 000-ზე მეტი დემონსტრანტი სააკაშვილის მმართველობის წინააღმდეგ თბილისის ქუჩებში გამოვიდა. ამ გამოწვევას სააკაშვილის ხელისუფლებამ იმით უპასუხა, რომ დემონსტრანტებს პოლიცია ხელკეტებითა და ცრემლსადენი გაზით შეუსია. ერთადერთი სატელევიზიო სადგური, რომელიც საპროტესტო აქციის მიმდინარეობას აშუქებდა, ეთერიდან იარაღით მუქარით გათიშეს, შემდეგ კი საკუთრება სახელმწიფოს გადასცეს, ხოლო როდესაც სააკაშვილის მთავრობის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ის ორ დღეში დააპატიმრეს და აწამეს.
სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ამ საპროტესტო მოძრაობის უკან რუსეთის სპეც-სამსახურების ზოგიერთი „მაღალჩინოსანი“ დგას და ხშირად ადანაშაულებს ოპოზიციას, რომ ის მოსკოვის მხარდაჭერით მის დამხობას და ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს. რუსეთი სააკაშვილისთვის სასარგებლო მტრად გადაიქცა, რომელზეც მას საკუთარი ხალხის ყურადღება გადააქვს და ავიწყებს იმას, რომ თავად რეფორმატორის მორალური ავტორიტეტი და რეპუტაცია დაკარგა. მისი მმართველობის წინააღმდეგ 2009 წელს განახლებული საპროტესტო აქციების ჩახშობის მიზეზი იგივე იყო, რომ დემონსტრანტები, თითქოს რუსეთის პროვოკატორები იყვნენ. პოლიცია რადიო და სატელევიზიო სადგურებში რეიდებს აწყობს და მათ იმ საბაბით ხურავს, რომ სააკაშვილის კრიტიკა სხვა არაფერია, თუ არა რუსული პროპაგანდა. ორი წლის წინანდელი წმენდა არმიის ოფიცერთა რიგებში იმით ახსნეს, რომ თითქოს მოსკოვისადმი ლოიალური სატანკო დანაყოფი სააკაშვილის ლიკვიდაციის მიზნით შეთქმულებას აწყობდა, მაგრამ შემდეგ მტკიცებულებების არარსებობის გამო, ბრალდებები ჩუმად გააუქმეს.
როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღებამ საქართველოს მიმართ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ამ ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციისადმი თავშეკავებულობის გამოვლენისადმი ვერ უბიძგა. პირიქით, ამ ომში საქართველოს ცალსახა მორალურმა მხარდაჭერამ, ასევე სააკაშვილის, როგორც დემოკრატიის შუქურასადმი ხშირმა ქება-დიდებამ, მისი რეჟიმი გაათამა და ამ რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ შეუძლია დაუსჯელად იმოქმედოს. საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე კვირაში ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უმცროსი გამსახურდია პოლიტპატიმრად გამოაცხადეს. 2008 წლის არჩევნებზე სააკაშვილის კონკურენტი ხუთი საპრეზიდენტო კანდიდატიდან, ორი უცხოეთში გაიქცა, ერთი კი საეჭვო გარემოებებში გარდაიცვალა. ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, როდესაც ბევრი ევროპული დედაქალაქი ქართველ ხალხს თავის სოლიდარობას უცხადებდა, ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ აქტივისტი უამრავი ჭრილობით, მოტეხილობითა და თავის ქალის ტრამვით იპოვეს. ნიღბიანმა ადამიანებმა ეს მამაკაცი ავტომანქანიდან გადმოათრიეს, პოლიციის მანქანით გაიტაცეს, შემდეგ კი დაამახინჯეს ხელკეტების, ელექტროშოკისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით.
2010 წლის მარტში საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ მასობრივი პანიკა დათესა, როდესაც ეთერში ახალ რუსულ ინტერვენციაზე ყალბი რეპორტაჟი გადასცა. გადაცემის მომზადება, რომელშიც რეალური ომის საარქივო კადრები გამოიყენეს, შემდეგნაირად გაამართლეს: ქართველი ხალხი „მზად უნდა იყოს იმ დღისთვის, რომელიც საქართველოს ისტორიისთვის ყველაზე უარესი იქნება“. რეალური მიზანი კი სააკაშვილის ოპონენტების დისკრედიტაცია იყო. რეპორტაჟის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ქართველმა ოპოზიციონერებმა სააკაშვილის დამხობის მიზნით რუსეთს ინტერვენციის განხორციელება სთხოვეს. ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფმა ბოდიშის მოხდა მოითხოვა მას შემდეგ, რაც ყალბ რეპორტაჟში მისი ხმით ყალბი კომენტარი გაისმა, სადაც ის სააკაშვილის პოზიციას მხარდაჭერას უცხადებს.
საქართველო მსოფლიოში უცხოეთის ყველაზე მასშტაბური დახმარების მიმღები ერთ-ერთი ქვეყანაა. მისი ეკონომიკის 5% უცხოური (მსოფლიო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის და შეერთებული შტატების) დახმარებებისგან შედგება. 2008-2009 წლებში ბრიტანეთმა თბილისს 8.2 მილიონი ფუნტი სტერლინგი გაუგზავნა. გარდა ამისა, ის ევროკავშირში და ნატო-ში მისი გაწევრიანების მომხრეა.
საქართველოს დასავლელმა მხარდამჭერებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერისა და სააკაშვილისადმი უპირობო მხარდაჭერის გათანაბრებას (ისინი ამავდროულად უარყოფენ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კრიზისის არსებობას) და ამის ნაცვლად ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემები გაითვალისწინონ. ახლახანს ამ ორგანიზაციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების ინდექსში საქართველოს 120-ე ადგილი მიუჩინა. მათ ყური უნდა დაუგდონ Freedom House-ის განცხადებას, რომელმაც 2009 წელს აღნიშნა, რომ საქართველო დღეს ნაკლებად თავისუფალია, ვიდრე „ვარდების რევოლუციამდე“. მათ ასევე არ აწყენდათ საგარეო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის პოზიციის გათვალისწინება, რომელიც დასავლურ ინსტიტუტებს ურჩევს, თავიანთი მხარდაჭერა თბილისისადმი ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს დაუკავშირონ.
მან, ვინც რუსეთს „სუვერენული ქართული ტერიტორიის ოკუპაციისთვის“ ადანაშაულებს და მომაბეზრებლად იმეორებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უნდა ახსნას რატომ შედის ბრიტანეთის ნაციონალურ ინტერესებში ის, რომ სამხრეთ-ოსეთს და აფხაზეთს უნდა წავართვათ უფლება საკუთარი ბედი თავად განკარგონ. მათ ისიც უნდა იკითხონ, თუ რატომ არიან სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის ხალხები ასე მტკიცედ განწყობილნი ქართული კონტროლის წინააღმდეგ და რატომ არიან მზად ეს პოზიცია იარაღით ხელში დაიცვან. 1990-იანი წლების ეთნიკური წმენდების შემდეგ, რომლის მიზანიც მათი კულტურისა და არსებობის კვალის წაშლა იყო, აბსოლუტურად არარეალურია მოლოდინი, რომ ეს პროვინციები საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში დაბრუნდებიან, რომლის ყოფილმა პრეზიდენტმაც მათ უწოდა „ნაგავი, რომელიც გვირაბიდან უნდა გაიტანო“, ასევე მოითხოვა ამ პრობლემურ ეთნიკურ უმცირესობათა „დაფშვნა და ქართული ერიდან გავარვარებული ლითონით მათი ამოწვა“.
საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქმე ის არის, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში, რომელსაც ევროპის სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და სადაც უამრავი ეთნიკური კონფლიქტია, ავტორიტარული რეჟიმები, რომლებსაც არა აქვთ ლეგიტიმურობა და მოწყვეტილები არიან საკუთარი ხალხების მოთხოვნებსა და სურვილებს, ნაკლებად შეუძლიათ ფეთქებადსაშიშ სიტუაციებში რაციონალური და გონივრული მოქმედება. კავკასიის მოვლენებმა არაერთხელ დაადასტურა ის, რომ მსგავსი უუნარობა მარტივად შეიძლება აისახოს მეზობელ ქვეყნებზე და ისინი ჩაბმულები აღმოჩდნენ სამოქალაქო ომებსა და ეთნიკურ წმენდებში.
თუკი საქართველომ მართლაც დაიმსახურა ჩვენი მხარდაჭერა და ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება, მან უნდა აღიაროს სამხრეთ-ოსეთის და აფხაზეთის თვითგამორკვევის უფლება და დაადასტუროს დასავლური ფასეულობებისადმი ერთგულება. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ - მას მერე, რაც სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავა.
[foreignpress.ge]