Reuters: ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაღუპულია

Reuters: ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაღუპულია

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, ჩამოვარდნისას მთლიანად დაიწვა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი სავარაუდოდ დაღუპულია, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

მანამდე ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მაშველებმა კატასტროფის ადგილს უკვე მიაღწიეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, ირანის უმაღლესმა ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა, პრეზიდენტისთვის ელოცათ.

ვერტმფრენი, რომელშიც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, ვერზეგანის რაიონში ჩამოვარდა. ებრაჰიმ რაისი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ირანის ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან, სადაც რამდენიმე საათით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად „ხუდაფერინისა“ და „გიზ გალას“ კაშხალი გახსნა.

რაისთან ერთად ვერტმფრენში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანი, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის გუბერნატორი და ქალაქ თავრიზის იმამიც იმყოფებოდნენ.

ცნობილია, რომ პრეზიდენტის კორტეჟში სულ სამი ვერტმფრენი იყო. დანარჩენი ორი ვერტმფრენი, რომლითაც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები გადაჰყავდათ, დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ ჩაფრინდა. პრეზიდენტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, დიდი ალბათობით, ძლიერი ნისლი გახდა. უამინდობის გამო შეფერხებული იყო სამძებრო ოპერაციაც.