არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონს ვეტოს დაადებს, „ოცნებამ“ ვეტო აღარ დაძლიოს ან არჩევნებამდე მისი დაძლევის პროცესი გადადოს?
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა კანონი ხელმოსაწერად უკვე მიიღო. კანონს ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, თუმცა ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ კანონზე ვეტოს დადებას აპირებს. „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევის რესურსი აქვს და მას ამისთვის 76 ხმა სჭირდება.
რაც შეეხება ვეტოს წესებს, კონსტიტუციის 46-ე მუხლში გაწერილია, რომ პრეზიდენტს 2 კვირა აქვს, რათა კანონზე ვეტოს მოსამზადებლად და დასადებად დრო ჰქონდეს. თუ პრეზიდენტი არც მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენს და არც ხელს მოაწერს 2 კვირის ვადაში, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს ხელს და კანონი ძალაში შევა. ვეტო კი უნდა იყოს არსებული კანონისგან არსებითად განსხვავებული, რომელსაც წერს და პარლამენტში აბრუნებს პრეზიდენტი.
ხოლო თუ პრეზიდენტი არ მოამზადებს და არ წარადგენს კანონპროექტს ანუ ვეტოს, ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ მან კანონს არც ხელი მოაწერა და არც მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, რაც ხელისუფლებას მისი ძალაში ავტომატურად ამოქმედების უფლებას აძლევს.
სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს განაცხადა, რომ მას ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად, რადგან დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას“.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ კი მედიასთან საუბარში თქვა, რომ ვერ იტყვის კონკრეტულად რა ჩაიწერება პრეზიდენტის ვეტოში, თუმცა იგი ტექნიკურად და იურიდიულად აბსოლუტურად გამართული იქნება.
პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, იქნება დისკუსია ყველა თემაზე.
„მე პირველივე ზარის დროს დავაფიქსირე შარლ მიშელთან, ჩვენი მზაობა კონსულტაციებთან დაკავშირებით. მეორე ზარის დროს, კიდევ ერთხელ გავიმეორე იგივე. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი ტიპის კონსულტაციებისთვის, რომელიც უკავშირდება ამ კანონს, ოღონდ ვინმემ რამე სამართლებრივი შენიშვნა მოგვაწოდოს ამ კანონთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, ვართ მყისიერად მზად განხილვისთვის. თუ იქნება წარმოდგენილი სამართლებრივი შენიშვნები, რომელიც დღემდე არ მიგვიღია, რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია ყველა თემაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძააბირაძე ამბობს, რომ ძალიან საეჭვოა ხელისუფლებამ უარი თქვას საბოლოდ ამ კანონის მიღებაზე და პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო არ დაძლიოს. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ამის ძალიან მცირე ალბათობა არსებობს.
„არ ველი, რომ ვეტოს არ დაძლევს „ოცნება“, პირიქით, ველი, რომ ბოლომდე იბრძოლებს და დაჩქარებული წესით ისევ მიიღებენ ვეტოს დადების შემდეგ. ხელისუფლებამ შესაძლოა აქციების პროვოცირება მოახდინოს და ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ აქციებზე მისული ხალხი დააშინოს, დაიწყოს რეპრესიები, რომ მუხტი დაწიოს. ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მან პროცესები არჩევნებამდე გადმოიტანა. მას აქციები, ყველაზე მეტად, არჩევნების დღეს და შემდგომ არ აწყობს. ამიტომ ახლა ოპოზიცია უნდა ეცადოს, რომ აქციები გაგრძელდეს სექტემბრამდე. ეს მუხტი შენარჩუნდეს და არ მისცეს ხელისუფლებას დისკრედიტაციის საშუალება. აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი, არანაირი ძალის გამოყენება ოპოზიციის მხრიდან არ უნდა მოხდეს, რადგან მაშინვე ხელისუფლება ამის გამოყენებას დაიწყებს“, -ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, აუცილებელია საზოგადოებას და მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს და სხვა მსგავსი ტიპის ყველა აქტივობას ხელისუფლება აქეთ გამოიყენებს.
„დიდი ალბათობით, ივანიშვილი ჯერ პროცესებს აკვირდება. ობრაიენთან და ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან არშეხვედრა უფრო პიარული სვალაა მისი მხრიდან, რომ ის არის უდრეკი პიროვნება და მას არავისი ეშინია. დიდი ალბათობით, ქვეყნის გარედან იქნება ზეწოლა, მაგრამ ივანიშვილი პროცესების განვითარებას დაელოდება. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მას კომპრომისზე წასვლის გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. ამიტომ გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ რაღაც სურათი გამოიკვეთოს“, - ამბობს ძაბირაძე.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ვეტოს ჩაგდება, ფაქტობრივად, უკან დახევა იქნება. საყვარელიძის აზრით, პოლიტიკურად უკან ნაბიჯის გადადგმა ყველაზე მეტად „ოცნების“ ამომრჩეველს გააღიზიანებს.
„ოცნებას“ არა აქვს ახლა უკან დახევის ფუფუნება. მან ეს კანონი ძალიან დიდი ზეწოლის შედეგად მაინც გაიტანა. ამიტომ რადგან აქამდე გარისკა და ეს ყველაფრის ფასად გააკეთა, ახლა უკან დახევა უდიდესი რეპუტაციული კრახი იქნება, პირველ რიგში, საკუთარი ამომჩევლის თვალში. შიდა და გარე წნეხი ერთი და იგივე პოლიტიკის ნაწილია. ორივე შემთხვევაში თუ ხელისუფლება დათმობს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უკან დაბრუნების ძალიან რეალური შანსი აქვს. თუ უკან დახევა იქნება, მას ამომჩეველი მოაკლდება, შესაბამისად, უკვე „ნაცმოძრაობის“ შანსები იზრდება. არც ისაა გამორიცხული, რომ „ოცნების“ გაბრაზებული ამომრჩეველი თუნდაც არჩევნებზე არ მივიდეს, ენმ-ს აძლევს სერიოზულ საშუალებას, რომ ხმების უფრო მეტი რაოდენობა აიღოს. ან ოპოზიციასთან ერთად, ასე, ვითომ ერთობით, ისევ მოექცეს ხელისუფლების სათავეში. მეორე ვარიანტია, რომ დავუშვათ დასავლეთმა სანქციები დააწესა და ამაზე ახალგაზრდობას ევროპის სახელით კიდევ უფრო მწვავე რეაქცია ჰქონდეს, აქციებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღოს, მაშინ არაა გამორიცხული „ოცნება“ რევოლუციის გზით ჩამოიშალოს, ისევ იგივე სცენარისკენ მიდის სიტუაცია, რომ ხელისუფლებაში ნაცები დაბრუნდნენ. ფაქტობრივად, „ოცნებას“ არა მხოლოდ ამ კანონზე უწევს ბრძოლა, არამედ უკვე იმ ფაზაში შევიდა კანონის საკითხი, რომ მას ბრძოლა საკუთარი თავის გადასარჩენად უწევს. თუ მან ამ ტიპის ბარიერების დაძლევა ვერ მოხერხა, მაშინ მას ხელისუფლებასთან გამომშვიდობება მოუწევს. უკან დაბრუნებული ნაციონალები კი რას იზამენ, კაცმა არ იცის“,-ამბობს საყვარელიძე.