გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ის იშვიათი „სტუმარი“ აღმოჩნდა, რომელმაც სხვა ვიზიტორებისგან განსხვავებით, საქართველოს ეკლესია შეურაცხმყოფელი კონტექსით მოიხსენია. თუკი სხვა ადამიანები, მათ შორის, უცხოელი პოლიტიკოსები, ცნობილი ხელოვანები საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის როლს განსაკუთრებულად წარმოაჩენენ, მიხაელ როთმა უცერემონიოდ განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა?!“
ამასთან, გერმანელმა სტუმარმა საქართველოს ტვინების გადინებაც უწინასწარმეტყველა და შვილებისა და შვილიშვილების დაკარგვაც აღუთქვა, თუკი აქციაზე მდგარი ახალგაზრდების სურვილი არ შესრულდება და ეს ახალგაზრდები ნდობას დაკარგავენ საკუთარი ქვეყნის მიმართ.
მიხაელ როთი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე ჟიგიმანტას პავილინოისთან ერთად მივიდა და გამჭვირვალობის შესახებ კანონი გააპროტესტა.
საქართველოს საპატრიარქო მიხეილ როთის განცხადებას ეკლესიის სტიგმატიზაციის მცდელობად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს არის სურვილი, ეკლესია გამიჯნონ ახალგაზრდობისგან მაშინ, როცა ეკლესია ყოველთვის ცდილობს, საზოგადოებაში დაპირისპირება აღმოიფხვრას. ამდენად, აღნიშნული განცხადება საპატრიარქოსთვის გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია.
„ჩვენ არ ვყოფთ არც ახალგაზრდებს და არც ასაკოვან ადამიანებს იმის მიხედვით, ვინ რა პლატფორმაზე დგას. ჩვენი ახალგაზრდები ეკლესიის წევრები არიან“, - ასეთნაირად პასუხობენ საპატრიარქოში გერმანელ „სტუმარს“.
საქართველოში ცალკეული ადამიანები მიხაელ როთის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვენ, რადგან ამ ადამიანმა ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტს, ვისთვისაც ძვირფასია ეკლესია და რწმენა, შეურაცხყოფა მიაყენა.
ზოგადად, მიხაელ როთი უცნაური განცხადებებით გამოირჩევა. იგი მოითხოვდა ნატოში უკრაინის დაქუცმაცებულ მიღებას. საუბარია იმაზე, რომ კიევის ხელისუფლებისგან კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორია ნატოში უნდა შესულიყო, ეს კი ნიშნავდა, რომ უკრაინის დანარჩენი ნაწილი რუსეთის კონტროლქვეშ დარჩებოდა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ არავინ ეკითხება ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს იმის განხილვას, თუ რას წარმოადგენს საქართველოსთვის ეკლესია და რწმენა. მით უმეტეს, რომ იმ ახალგაზრდებში ბევრი მორწმუნე მართლმადიდებელია, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ახალგაზრდებში სხვა რომელიმე კონფესიის წარმომადგენელიც იყოს.
„,რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რა კონტექსტით გააკეთა მიხეილ როთმა ეს განცხადება. თუ ისეა ნათქვამი, როგორი კონტექსტითაც გავრცელდა, მაშინ არავინ არ ეკითხება მიხაელ როთს სხვა ადამიანების რწმენას შეეხოს. არც გერმანელები არიან მაინცდამაინც ურწმუნოები, მათი ნაწილი კათოლიკეა, ნაწილი პროტესტანტი, მუსლიმანი, ამიტომ ასეთ თემებზე მისი მხრიდან საუბარი სწორი არ არის. საქართველოდან თუ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ცალკეული ახალგაზრდები, რომელთაც რწმენასთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ამის მიუხედავადაც, ნებისმიერ პირს, ვინც განცხადებებს აკეთებს ეკლესიასთან მიმართებით, განურჩევლად იმისა, თავად მორწმუნეა თუ ათეისტი, უნდა ახსოვდეს, რომ უნდა გაუფრთხილდეს სხვის რწმენას და სხვა რელიგიასაც უნდა სცეს პატივი“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.
რაც შეეხება პერსონა ნონ გრატად მიხაილ როთის გამოცხადებას, პოლიტოლოგის აზრით, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ზოგადად, ცენზურას ვერავის დავუწესებთ, მაგრამ პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მაინც მძიმე თემაა.
„ვფიქრობ, ორივე მხარე აჭარბებს, როგორც მიხაელ როთი, ისე ხელისუფლების მომხრეები, რომლებიც პერსონა ნონ გრატად მის გამოცხადებას ითხოვენ. თუ ვინმე ამ ფაქტს განიხილავს ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად, არც ეს მგონია დამაჯერებელი. მართალია, კობახიძე ამბობს, მოსახლეობის 90%-ის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა ამ ადამიანმაო, მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მხრიდან სპეკულაციაა. ხელისუფლებას ახლა ძალიანაც აწყობს, აქციაზე მყოფი ახალგაზრდები ურწმუნოებად გამოაცხადოს. ხელისუფლება გვეუბნება, თითქოს ჯანსაღი და ნორმალური ხალხი პროტესტისთვის ქუჩაში არ გადის. თუმცა ავიწყდებათ, რომ 30 წლის განმავლობაში თუ ვინმეს მხრებზე გადაიარა დამოუკიდებლობის მოპოვებამ, 9 აპრილმა, სწორედ ახალგაზრდების ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ზუსტად ეს არის ე.წ. გლობალისტების ბრძოლა ჩვენს ეკლესიასთან. ვის ათქმევინეს ასეთი არაპოპულარული სიტყვები? სწორედ იმ მიხაელ როთს, რომელიც თავად მამაკაცზე გათხოვილი მამაკაცია. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ეს პროცესი გუშინ არ დაწყებულა.
„გავიხსენოთ, რა ხდებოდა შობის თარიღთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე ნატა ფერაძის შეჭრა ეკლესიაში და ხატისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ამის შემდეგ გაისმა ფრაზები - „მამული, ენა, სარწმუნოების“ მაგივრად „ერთობა“ გავაკეთოთო. მერე მივიდნენ ეკლესიასთან, ვითომც გალობდნენ და წითელ კვერცხს რომ ურტყამდნენ, ამბობდნენ „შინ ევროპისკენო“. ესენი არიან წმინდა წყლის ნეოტროცკისტები, რომლებიც მოქმედებენ ისეთივე მეთოდებით, როგორც ასი წლის წინ, მაგრამ ამათთან შედარებით ის ნეოტროცკისტები განათლებულები მაინც იყვნენ და ოდნავ მეტი პატიოსნება გააჩნდათ. ესენი კი სინდის-ნამუსისგან დაწრეტილნი არიან და ამით გააშიშვლეს ყველაფერი ის, რის გაკეთებასაც საქართველოში აპირებენ“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე და მხარს უჭერს მიხაელ როთის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას.
ანალიტიკოსის თქმით, კონსტანტინე გამსახურდიას შემთხვევით არ უთქვამს, საქართველოს ერთიანობისა და საქართველოს ეკლესიის ხელყოფის მცდელობის მქონე პირი ქვეყნიდან უნდა მოიკვეთოსო.
მომიტინგეები ერთნაირ, მაგრამ სხვადასხვა ფერის საწვიმარ ლაბადებში გამოაწყვეს, ლგბტ პარადი გეგონებოდა კაცს. ახლა გიკვირთ?
მთავრობა სუვერენიტეტის გარანტი უნდა იყოს და ცდილობს კიდეც ამის გაკეთებას. აგერ ოპოზიციის მიტინგზე ბალტიისპირელი ლანდსბერგისი გამოვიდა და დამოძღვრა მომიტინგეები, ევროკავშირის წევრობა და სუვერენიტეტი ერთად არ გამოვაო. მომიტინგეებს არ გაკვირვებიათ. მათთვის მისაღებია ასეთი გაერთიანების წევრობა. მონებს რომ სხვებს ეძახიან. ახლა გიკვირთ?