„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიღებულია. ამის ფონზე, საქართველოში კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები არ წყდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და საზოგადოების ერი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი რუსულია და მის უკან გაწვევას მოითხოვენ. დამატებით, დასავლეთის მხრიდან ვხედავთ უფრო გამკაცრებულ და ხისტ რიტორიკას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მიმართებაში. ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები სანქციების ამოქმედების შესახებ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების საკითხი გადაიხედება.
გავრცელდა Freedom House-ის განცხადება, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეა საუბარი. Freedom House გმობს საქართველოში „მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ“, მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და „მასობრივი დაპატიმრებების“ გამოყენებას. ამასთან, Freedom House-ი შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების შესაჩერებლად დაუყოვნებლივი და კოორდინირებული ქმედებისკენ მოუწოდებს.
„ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება შეაფასოს შემოთავაზებული კანონი და შეაფასოს მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. თუ კანონს ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მისი დასკვნის გამოქვეყნებამდე მიიღებენ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ. საქართველოს დემოკრატიული გზისთვის გადამწყვეტი ეტაპი დგას. დემოკრატიული მთავრობები ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგნენ და გააგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებს არ მოითმენენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას არ ელოდება. მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა რუსეთის ორბიტაზე ქვეყნის მეტად დაახლოებას შეუწყობს ხელს. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, თუკი დასავლელი პარტნიორების ინტერესებში არ არის საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია, მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული.
„სანქციების დაწესებას არ ველოდები, რადგან არ ველოდები დასავლეთის მხრიდან ასეთ დაუფიქრებელ ნაბიჯს. თუ მათი თვალით შევხედავთ პროცესს, ისინი თვლიან, რომ ეს რუსული გავლენით გაკეთებული კანონია - თუკი დასავლეთი სანქციებს აამოქმედებს, ამით კიდევ უფრო უბიძგებენ საქართველოს რუსეთისკენ. მათი მხრიდან ასეთმა ძალისმიერმა პოლიტიკამ შესაძლოა, მათი სტრატეგიის საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს.
თავად საქართველო სთავაზობს დიალოგს კანონის გარშემო და მათ მიერ მოწოდებული შენიშვნების გათვალისწინებას. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ამ გზაზე რატომ არ შეიძლება წასვლა - თანამშრომლობის გზა რატომ არის გამორიცხული, თუკი მართლაც არ არის მიზანი ის, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია მოხდეს?!“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
კიდევ ერთი ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი და საკითხი გასცდა კანონის მიღება-არმიღების საკითხს. თავად დასავლელი პარტნიორების მხრიდან სანქციების ამოქმედებას ელოდება, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო კურსი შეცვლილია. ძაბირაძის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული.
„ვითარება რადიკალურად შეიცვალა და გავიდა იმ არეალიდან, როდესაც მხოლოდ კანონზე იყო საუბარი. ქვეყნის შიგნით და მის გარეთ პროტესტი პოლიტიკურ პროცესში გადაიზარდა. სამწუხაროდ, არ მაქვს დამამშვიდებელი პროგნოზი - ვითარება კიდევ უფრო მეტად გამწვავდება. ხელისუფლებას ან არასწორად ხედავს იმას, რაც ჩვენს მოკავშირეებთან მიმართებაში ხდება, ან მიზანმიმართულად მუშაობს ისე, რომ არა მხოლოდ პარტნიორებთან, არამედ ქვეყნის შიგნითაც არასტაბილური გარემო მიიღოს.
სანქციებს ველოდები და ვფიქრობ, რომ ეს პროტესტი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და გამწვავდება. ხელისუფლებამ დასკვნა ვერ გამოიტანა, რატომ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ამას თავის გამარჯვებად იწერს - ხელისუფლება აბსოლუტურად აცდენილია ქვეყანაში არსებულ რეალობას. სხვა თემაა, რას იზამს ოპოზიცია, მაგრამ უკვე ამასაც აღარ აქვს მნიშვნელობა - რეპრესიული მეთოდების გამოყენება ხელისუფლებას შედეგს მოუტანს თუ პირიქით, უარეს დღეში ჩააგდებს - ეს არის დღეს არსებული ვითარება.
ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამაზე უკვე აქტიურად და ღიად მიდის საუბარი. დღეს ვითარება სრულიად განსხვავებულია ერთი წლის წინ არსებული მდგომარეობისგან. საგარეო პოლიტიკა უკვე სხვა რაკურსით მიდის. ხელისუფლებას ჯერ მოუწევს ქართული ოპოზიცია დაამარცხოს და შემდეგ გასაგებია, რაც მოხდება - დასავლეთში არ წაგვესვლება, სამაგიეროდ, რუსეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვექნება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბარში.