"არ მინდა მოსალოდნელი პროცესების დრამატიზება, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გართულებები ნამდვილად მოსალოდნელია. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რაც ხდება უკრაინაში, სომხეთში, მოლდოვაში, რომელსაც ასევე სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსეთი. ცხადია, პუტინი ასე ადვილად არ დანებდება, თუმცა რამე კოშმარის დახატვაც არ მინდა. დარწმუნებული ვარ, გონიერი პოლიტიკით მოვახერხებთ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ წარიმართოს ევროინტეგრაციის პროცესი. რუსეთს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით სცადოს ჩვენთვის პრობლემების შექმნა - ვაჭრობიდან დაწყებული, ოკუპაციით დასრულებული", - აცხადებს პარლამენტარი თინა ხიდაშელი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თეა წულუკიანის განცხადებამ გამაკვირვა" / "ვწუხვარ, რომ საზეიმო ღონისძიებისთვის "შალახო" შეარჩიეს".
"ეს არ არის ცხრა მთას იქით მდებარე ქვეყანა, მეზობელი სახელმწიფოა, უზარმაზარი შესაძლებლობებით, დიდი სამხედრო პოტენციალით, ამიტომ ყველა მოსალოდნელ გართულებაზე უნდა ვიფიქროთ და ყველაფერი კარგად გავთვალოთ. სომხეთში ვიზიტისას პუტინის განცხადების სულისკვეთება, რომ რუსეთი ამიერკავკასიიდან წასვლას არსად აპირებს. სრულიად გასაგები და ნათელი იყო. პუტინს საქართველო არ უხსენებია, მაგრამ არც მხოლოდ სომხეთზე ლაპარაკობდა, ახსენა ამიერკავკასია და ის მართლაც არ აპირებს ამიერკავკასიიდან წასვლას, თუმცა ეს მის სურვილზე რომ აღარ არის დამოკიდებული, იმ საპროტესტო აქციამაც აჩვენა, რითაც ჩვენი მეზობლები დახვდნენ. ძალზე სერიოზული, მრავალრიცხოვანი და მნიშვნელოვანი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა მისი შეხვედრები ერევანში, რამაც კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა, რომ სომეხი ხალხის გზაც ევროპისკენ მიდის, ისევე როგორც ქართველების, უბრალოდ, მათთვის ეს პროცესი ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო დროებით შეფერხდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.
"არ შეიძლება იმ ხელშეკრულების დაკნინება, რისი პარაფირებაც ვილნიუსში მოხდა. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ამის გაუფასურებას. მე სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ვნახე, სადაც ამბობდა, არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარაო, ამიტომ ასეთი განცხადებების კომენტირება ძალიან გამიჭირდება. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე კარგად არის ინფორმირებული, რაზეა ხელშეკრულებაში ლაპარაკი, ამიტომ კიდევ უფრო გაუგებარია მისი წუხილი. თუკი ვინმემ არ იცის, ვეტყვი, რომ ტექსტი უკვე ქართულადაც ითარგმნა და შეუძლიათ წაიკითხონ. დეტალებში რომ დავიწყო ჩაღრმავება, გამოდის, თავი უნდა ვიმართლო, რასაც ნამდვილად არ ვაპირებ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩვენმა ხელისუფლებამ (ასევე მედიამ) ყველაფერი იღონა, რომ ქვეყნის მოსახლეობას ამის თაობაზე ინფორმაცია სრულად მიეღო. რას გვსაყვედურობს ქალბატონი სალომე, არ ვიცი. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ვმუშაობთ იმაზე, რომ როგორც მოლდოვას შესთავაზა ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა, ჩვენც იგივე მივიღოთ, ანუ ეს ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოს ყველა მოქალაქის უვიზო მიმოსვლისთვის. რაზეც ქალბატონი სალომე ლაპარაკობს, ის შეღავათები ისედაც გვაქვს. მაგალითად, მე მაქვს დიპლომატიური პასპორტი და შენგენის ვიზა არ მჭირდება, ახლა დღის წესრიგში დგას საკითხი, რომ ყველას ჰქონდეს ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება", - განმარტავს თინა ხიდაშელი.
"ველოდები, რომ უკრაინის უკანდახევა ევროკავშირისთვის განგაშის და გამოღვიძების ზარი იქნება, ოღონდ არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში, არამედ ზოგადად. ვფიქრობ, ეს სტრუქტურა ცოტა უფრო სწრაფი, მობილური და ეფექტიანი გახდება, რადგან მათ თითქმის დაკარგეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა უახლოეს სამეზობლოში. ლაპარაკი იმაზე, რომ იმით, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ჩვენ ვიხეირებთ, ტყუილია, შეუძლებელია ჩვენ რაიმე კარგი დაგვემართოს უკრაინის მდგომარეობის გაუარესებით. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს პროცესები ბრიუსელს უფრო ააჩქარებს. რაც შეეხება ხელშეკრულების პარაფირების საზეიმო ხელმოწერისას მუსიკალურმა გაფორმებას, დარბაზში არ ვყოფილვარ, რადგან ის ღონისძიება სხვა ფორმატისა იყო და მე არ ვესწრებოდი. ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, მაგრამ ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ცუდია, რომ პროტოკოლის რომელიღაც თანამშრომელმა, რომელიც არჩევდა ამ ღონისძიებისთვის მუსიკას, მაინცდამაინც "შალახო" შეარჩია. ჩვენთვის რომ ეკითხათ, ასე ნამდვილად არ მოხდებოდა", - დასძენს თინა ხიდაშელი.
"სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გაურკვეველი ვადით გადაიდო - როგორც ვიცი, ამგვარი გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის. მიმდინარეობს კონსულტაციები. არ ვიცი, რა ერქმევა - მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია თუ სხვა რამ, მაგრამ ეს პროცესი სასწრაფოდ დასაწყებია. ასე რომ, გადადებაზე ლაპარაკიც ვერ იქნება", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ინფორმაციამ, რომ დავით საგანელიძე პოლიტიკიდან მიდის, გააჩინა ვარაუდი, რომ კოალიციის შიგნით წმენდა დაიწყო, ამის თაობაზე რას იტყვით?" - პასუხობს:
"არსებითს ვერაფერს. არაფერი კავშირი პოლიტიკურ ცვლილებებთან ამას არა აქვს. დავით საგანელიძის გადაწყვეტილება პირადად მე ნამდვილად უცნაურად მეჩვენება, არ ვიზიარებ მის აზრს და პოზიციას, ეს თვითონაც იცის, დანარჩენი მას ჰკითხეთ".