რადიო თავისუფლება ევროკომისარ შტეფან ფულესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც "პირWელი" გთავაზობთ:
უკრაინა ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ან არ მოაწერს ხელს. საქართველომ და მოლდოვამ უნდა მოახდინონ მისი პარაფირება. მაგრამ რას წარმოადგენს ევროკავშირთან ასოცირების ეს შეთანხმებები, რომლებიც ამდენ სკანდალსა და ხმაურს იწვევენ ვილნიუსში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ?
-ზუსტად რას წარმოადგენს ასოცირების შეთანხმება?
-ასოცირების შეთანხმება წარმოადგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან დაახლოების ევროკავშირის ძირითად ინსტრუმენტს. ის შედგება 4 მთავარი თავისგან: საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა; მართლმსაჯულება და საშინაო პოლიტიკა; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DDCFTA); და მეოთხე თავი მოიცავს მთელ რიგ საკითხებს გარემოს დაცვის, მეცნიერების, ტრანსპორტისა და განათლების საკითხების ჩათვლით.
DCFTA-ზე ხელმოწერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები იღებენ თავის თავზე ვალდებულებას მიიღონ ევროკავშირის კანონმდებლობის კონკრეტული აქტები ვაჭრობასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და გარემოდაცვითი ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით. DCFTA-ს ხელისმომწერმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ევროკავშირის დაახლოვებით 350 კანონი 10 წლის ვადაში.
DCFTA-ს ხელმომწერმა ქვეყნებს ხელი მიუწვდებათ აგრეთვე, ევროკავშირის 500 მლნ მომხმარებელზე და მის ბაზარზე, რომლის ერთობლივი ეკონომიკა შეადგენს 12.9 ტრილიონ ევროს. შედარებისათვის, მის მეტოქე რუსეთის მიერ მართულ საბაჟო კავშირს მხოლოდ 170 მლნ მომხმარებელი ჰყავს და მისი ერთობლივი ეკონომიკა კი შეადგენს 1.4 ტრილიონ ევროს.
-ხელმოწერის შემდეგ, რა დრო სჭირდება ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას?
-უკრაინისათვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გეგმა ითვალისწინებდა შეთანხმების ხელმოწერას, თუმცა ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, ხოლო საქართველოსა და მოლდოვასათვის გეგმა გულისხმობს მათი შეთანხმებების პარაფირებას. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანა ხელს მოაწერს ასოცირების შეთანხმებას, იგი რატიფიცირებული უნდა იყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ყველა პარლამენტის მიერ. ეს არის პროცესი, რომელსაც მიაქვს რამდენიმე წელი. შუალედურ პერიოდში, შეთანხმების ძალაში შესვლამდე, მოხდება მისი გარკვეული ნაწილების, კერძოდ, ვაჭრობასთან დაკავშირებული სეგმენტის, დროებითი გამოყენება, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელმომწერი მხარე შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს და ევროპარლამენტი მისცემს მას თანხმობას. უკრაინის მიერ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, ეს შეიძლება მოხდეს უკვე 2014 წლის მარტში.
-რა მოხდება თუ უკრაინა არ მოაწერს ხელს შეთანხმებას ვილნიუსში?
-თუ უკრაინა არ მოაწერს ხელს შეთანხმებას ვილნიუსში, მან შეიძლება თეორიულად ხელი მოაწეროს მას მომავალში ევროკავშირის მინისტრების ნებისმიერ შეხვედრაზე. მაგრამ პრაქტიკულად, ვილნიუსში ხელმოწერაზე უარის თქმამ შესაძლებელია, შეაფერხოს კიევის სვლა ევროპისაკენ --პოტენციურად კარგა ხნით.
-როგორია გრაფიკი საქართველოსა და მოლდოვასათვის?
-მოლდოვამ და საქართველომ დაასრულეს მოლაპარაკებები ივნისსა და ივლისში. შესაბამისად, და იმ დროიდან მიმდინარეობდა იურისტებისა და ლინგვისტების მიერ ერთგვარი "სამართლებრივი წმენდა". იმის შემდეგ, რაც ისინი მოახდენენ თავიანთი შეთანხმებების პარაფირებას ვილნიუსში, თბილისისა და კიშინიოვის მიზანი იქნება 2014 წლის მინიმუმ სექტემბერში ამ შეთანხმებების ხელმოწერა და 2015 წლის დასაწყისისათვის დროებითი გამოყენების მიღება.
-რა საკითხები და უთანხმოებები წამოიჭრა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებთან ასოცირების შეთანხმებების შესახებ მოლაპარაკებების დროს?
-უკრაინა დიდ ყურადღებას უთმობდა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიღებას - საბოლოო წევრობის ვალდებულებას - თავის პრეამბულაში. წევრობის მიღება რთული იქნებოდა ყველაზე სასიკეთო ვითარების შემთხვევაშიც კი, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის შუაგულში ეს ფაქტიურად შეუძლებელი იყო.
-საქართველო დიდად იყო ორიენტირებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე მისი პრორუსული სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამო, ეს საკითხი ლაიტმოტივად გასდევდა მთელ ტექსტს. გარკვეული ნაწილი მოხვდა ტექსტში, მაგრამ უფრო ნაკლები, ვიდრე ამას თბილისი ცდილობდა.
-ერთადერთი უთანხმოება მოლდოვასთან, უკავშირდებოდა კიშინიოვის სურვილს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თაობაზე და ევროკავშირისაგან სამუშაო ადგილებზე არადისკრიმინაციული პოლიტიკის უზრუნველყოფას.
როგორც მოლდოვასთვის, ასევე საქართველოსათვის რთული იყო ასევე მოცემული შეთანხმების ფარგლებში, სწორი ტონის მოძებნა სეპარატისტული რეგიონებისათვის - დნესტრისპირეთში მოლდოვას შემთხვევაში და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში - საქართველოს შემთხვევაში. სამივე სეპარატისტულ რეგიონში, ასოცირების შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული ნაწილი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივი კომპანიები იმოქმედებენ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისად.
-რა პერიოდი უნდა გავიდეს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან, რომ ქვეყნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს?
-პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ ასოცირების შეთანხმების შეთავაზება აღმოსავლეთ პარტნიორებისათვის არ მოიცავს არც ევროკავშირში გაწევრიანებას და არც ცალსახად გამორიცხავს მას. ასე, რომ, ეს გარიგება არც ისე ტკბილია როგორც ის გარიგებები, რომელიც შესთავაზეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომელთაც პირდაპირ მიიღეს წევრობა; მაგრამ ეს გზა გვთავაზობს გაცილებით მეტს, ვიდრე ასოცირების შეთანხმებები მაროკოსა და ტუნისთან, რაც გამორიცხავდა საბოლოო წევრობას. ხორვატიას 12 წელი დასჭირდა ბრიუსელთან სტაბილიზაციისა და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დღიდან, რომ შეერთებოდა ევროკავშირის კლუბს. თურქეთმა ხელი მოაწერა ასოცირებას 1962 წელს და ჯერ კიდევ ელოდება მასში გაწევრიანებას.
-რა სტატუსი არსებობს სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელორუსიისათვის?
-აზერბაიჯანს დასჭირდება მოლაპარაკებების კიდევ ერთი წელი მაინც ასოცირების შეთანხმების გარშემო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ნაწილის ჩართვის გარეშე, რამდენადაც ბაქო ჯერ არ არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. სომხეთმა უარი თქვა ასოცირების შეთანხმებაზე წლის დასაწყისში, შეაჩერა თავისი აჩევანი რუსეთის საბაჟო კავშირზე. ეს ნიშნავს, რომ ვილნიუსში მისი მხრიდან არც ერთ დოკუმენტს არ მოეწერება ხელი, გარდა პოტენციური პოლიტიკური დეკლარაციისა, რომლიც ხაზს უსვამს ორმხრივ პოლიტიკურ ნებას ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ხოლო ბელორუსიისთვის, რომელიც უკვე არის საბაჟო კავშირის წევრი, ყველაზე ამბიციურიმედს წარმოადგენს ახალი სამართლებრივი საფუძვლის მოძიება მისი ევროკავშირთან ურთიერთობისათვის, რადგანაც დღესდღეობით ბრიუსელთან მისი ურთიერთობა ემყარება ძველ ევროკავშირ-საბჭოთა კავშირის შეთანხმებას.