საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Russia Today-სთან ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს.
"რუსეთი ჩვენი მეზობელია და თბილი ურთიერთობები ქართველებსა და რუსებს შორის ყოველთვის იყო. ჩვენ ქართველებს გვახსოვს ეს ურთიერთობები, რომელიც იყო ადრე და რომელიც არის ახლა. თქვენ იცით, რომ მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს. ჩვენ ამას ვაცნობიერებთ. ამ ფონზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესები ჩვენთვის გაუგებარია", - აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერმა ნატო-სკენ საქართველოს სწრაფვასა და პარალელურად, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
"ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ჩვენი სწრაფვა ნატო-სკენ და ევროკავშირისკენ, რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს ჩვენი ამოცანაა. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის დიალოგი, მოლაპარაკებები საჭირო. მინდა, რამდენიმე სიტყვა კონფლიქტის შესახებაც ვთქვა. ეს კონფლიქტი უნდა გადაიჭრას, სხვაგვარად, ძალიან რთული იქნება რუსეთთან ეფექტური დიალოგის წარამართვა. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი სერიოზული პოლიტიკური დიალოგისთვის მზად, ღარიბაშვილი პასუხობს:
"არ ვიცი. აი, სწორედ ამიტომ გამოთქვამს სურვილს ჩვენი მთავრობა რუსეთთან დიალოგის წარმოებასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე გადადგით ეს ნაბიჯი ჩვენ შორის ურთიერთობების დარეგულირებისთვის. ჩემი აზრით, აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ნამდვილად მძიმე ტვირთია. თუკი ერთ დღესაც (საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს) რუსეთის მთავრობა გადაწყვეტს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზით, ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც რუსეთს საქართველოს წინა მთავრობასთან დიალოგის სურვილი არ ჰქონდა და ღიად აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს არ დაელაპარაკებოდნენ, მავთულხლართების გაბმის პროცესი ასეთი ინტენსიური არ იყო.
"ახლა როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა და რიტორიკა შეიცვალა, ასევე არის რეალური სურვილი ურთიერთობების დარეგულირების, გაუგებარია, რატომ აგრძელებნ ისინი ბორდერიზაციის პროცესს. ასე, რომ ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს", - აღნიშნავს პრემიერი.
- თქვენ ახლახან ახსენეთ მავთულხლართები. მაშინ, რატომ ხართ ასე ოპტიმისტურად განწყობილი? ბოლო ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ არცერთ ფაქტს ადგილი არ ექნებოდა, რომ არა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება ცხინვალში შესვლასთან დაკავშირებით. მაგრამ რაკი უკვე მოხდა, იგი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი უკვე დასრულებულია და შეუქცევადია. რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა", - მიმართა ჟურნალისტმა სოფო შევარდნაძემ საქართველოს პრემიერს.
"პრეზიდენტმა პუტინმა განცხადება გააკეთა რუს და ქართველ ხალხს შორის ნდობის დანერგვის აუცილებლობასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ეს პროცესი უნდა იყოს სწრაფი. ეს ბორდერიზაციის პროცესი ხელს უშლის ნდობის ჩამოყალიბებას. ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს მართლაც, რომ გაუგებარია. ერთის მხრივ, ჩვენ გულწრფელად გვინდა, აღვადგინოთ ნდობა ჩვენ ერებს შორის. მეორე მხრივ, სწორედ ბორდერიზაციის პროცესი ქმნის დიდ დისკომფორტს: როგორიცაა, ადამიანთა დროებითი დაპატიმრების შემთხვევების გააქტიურება; გამყოფი ხაზის მოპირდაპირედ რამდენიმე საცხოვრებელი სახლის დაშლა. ჩვენი მოსახლეობა ძალიან შეშფოთებულია ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მოდით, ვაღიაროთ, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები, მაგალითად, 1990-იანი წლების დასაწყისში. არ არსებობს, რომ მხოლოდ ერთი მხარე იყოს უმანკო და უმწიკლო. თუმცა, ჩვენ ეს გულთან მიგვაქვს. ჩვენთვის მტკივნეულია, რადგან ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები აღარ ცხოვრობენ ჩვენთან ერთად. რატომღაც მე მჯერა და ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიან, აფხაზები და ოსები იძულებულნი გახდებიან ჩვენთან ერთად იცხოვრონ. მე ნამდვილად მაქვს იმის იმედი, რომ ეს ოცნებაც ახდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.