4 ევროპარლამენტარი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

4 ევროპარლამენტარი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

4 ევროპარლამენტარი წერილით მიმართავს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, რომ დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მათი შეფასებით, ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს. ევროპარლამენტარი თიის როიტენის თქმით, სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარალამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და საქართველოს პარლამენტის წევრებს.

„დღეს დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო დაჩქარებული წესით შესაძლო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, გვსურს დაგისვათ გადაუდებელი კითხვები.

ისინი სვამენ კითხვას, „წამოაყენებს თუ არა წინადადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი 27 მაისის საგარეო საქმეთა საბჭომდე ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესების შესახებ, ისევე როგორც ასეთი ზომების დაწესებაზე საქართველოს პარლამენტის ყველა დეპუტატის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ და მასზე პრეზიდენტის მიერ დადებული ნებისმიერი პოტენციური ვეტოს გაუქმებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, სანქციებზე გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები კონსენსუსით იღებენ, როცა სხვა ვერაფერი მოიტანს სასურველ შედეგს, კვლავ მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. როგორც სტანო აცხადებს, ევროკავშირი გმობს დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეუარცხყოფის აქტებს დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ.

„სანქციები არ არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გადასაწყვეტი, არამედ სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები იღებენ. ზოგადად, ის, რასაც ევროკავშირი გააკეთებს, არ არის ის, რისი გაკეთებაც სურს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, თუმცა ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში შექმნილ სიტუაციას. არაერთმა წევრმა სახელმწიფომ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რას ფიქრობენ ამ სიტუაციაზე, განსაკუთრებით უცხოური ჩარევისა და ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

სანქციები არ არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გადასაწყვეტი, სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები იღებენ, როდესაც ისინი მივლენ კონსენსუსამდე, რომ სხვა ვერაფერი მოიტანს სასურველ შედეგს. ჩვენ ჯერ მანდ არ ვართ. ბოლოს და ბოლოს, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმედოვნებთ, ველოდებით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც აიღეს თავად, ნებაყოფლობით, როდესაც თავიანთი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი წარადგინეს“, - განაცხადა პიტერ სტანომ.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ობრაიენი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს, რის გამოც მმართველი გუნდი „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ შეარბილებს. ინფორმაციას არ ადასტურებს უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი, რომლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოს ინტერესების დაცვაზე, მასთან სანქციებით საუბარი არასდროს არის ეფექტური.

„ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი ყოველთვის იყო ერთი რამ - საქართველო არის სახელმწიფო და ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით ყველას შესაბამისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ასე რომ, სანქციებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს არის ეფექტური. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში იგი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ერთხელ არ უღალატია“, -აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.