სამშენებლო კომპანია "M.G. და კომპანიის" სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერს შეეწირა. მაღალჩინოსნებმა - ზურაბ ადეიშვილმა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია მიზანმიმართულად გააკოტრეს. მრავალმილიონიანი პროექტი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთათვის ყაზარმების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ითვალისწინებდა, სამშენებლო კომპანიას მძიმე ტვირთად დააწვა. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს პროექტის მთლიანი ღირებულება არ დაუფარავს და კომპანიას მხოლოდ თანხის ნაწილი გადაურიცხა. მეტიც, "M.G. და კომპანიის" სადაზღვევო კომპანია "არდიმ" დააზღვია და დიდი რაოდენობით თანხის გადახდას, ჯარიმის სახით ვერც სადაზღვევო კომპანია გადაურჩა. მთავარი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფომ სამშენებლო კომპანია გაწირა ისაა, რომ "M.G. და კომპანიის" ხელმძღვანელმა ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობაზე უარი განაცხადა.
ყველაფერი 2010 წელს დაიწყო, როდესაც კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში სამშენებლო კომპანია "M.G. და კომპანიის" დამფუძნებელი ზურაბ მახოხიშვილი დაიბარეს და ანაკლიაში, პატრიოტთა ბანაკის მშენებლობა დაავალეს. "ვერსიასთან" საუბრისას ზურაბ მახოხიშვილი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით, არც ტენდერი გამოცხადებულა და არც აუქციონი. "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა მას და კიდევ რამდენიმე სამშენებლო კომპანიას უბრძანეს, რომ პატრიოტთა ბანაკის პროექტი განეხორციელებინათ:
"ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში კატეგორგიულად მოგვთხოვეს, რომ პროექტი სამ თვეში დაგვესრულებინა. მშენებლობას კი უშუალოდ, ზურაბ ადეიშვილი კურირებდა. ადგილზე ანაკლიაში, ზედამხედველობა როლანდ ახალაიას დაავალეს, რომელიც ობიექტზე ყოველდღე მოდიოდა. მოკლედ, პროექტი მართლაც სამ თვეში დავასრულეთ და ანაკლიის პატრიოტთა ბანაკი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩვეული პომპეზურობით გახსნა. თავდაპირველად, თანხის გარკვეული ნაწილი ჩაგვირიცხეს, მაგრამ მშენებლობის პროცესში, პროექტი რამდენჯერმე გადაგვაკეთებინეს და შეგვაცვლევინეს, რაც გარკვეულ ხარჯს უკავშირდებოდა. ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ანაკლიაში საკმაოდ ხშირად ჩამოდიოდა, გვეუბნებოდა, რომ თანხას აუცილებლად აგვინაზღაურებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ობიექტის დასრულების შემდეგ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები მიიწვიეს, რათა ობიექტის რეალური ღირებულება დაედგინათ. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა სამუშაოს დიდი ნაწილი არ ჩაგვითვალეს, პროექტის მთლიანი ღირებულების გარდა, დამატებით, 822 000 ლარი გვერგებოდა და ეს დასკვნაშიც მითითებულია. მიღება-ჩაბარების აქტი გავაფორმეთ, მაგრამ თანხა მაინც არ ჩაურიცხავთ. ბოლოს გადავწყვიტე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ზურაბ ადეიშვილის ხელში მოხვედრილიყო, ასეც მოვიქეცი - ოფიციალური წერილითაც მივმართე და თანხის ანაზღაურება მოვითხოვე. მას შემდეგ, რაც დასკვნა და წერილი ადეიშვილს გავუგზავნე, ზუსტად სამ დღეში, აბსურდული ბრალდებით დამაპატიმრეს. ადრე განათლების სამინისტროში ვმუშაობდი, პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მშენებლობებს ვხელმძღვანელობდი. დამიჭირეს ბრალდებით, თითქოს სასოფლო უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა გარკვეული თანხა მიითვისა და მეც ხელი შევუწყვე ანუ შესაბამის დოკუმენტებზე ხელი მოვაწერე. დაჭერილი 4 თვე ვიყავი და, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცოდი, რატომ დამაპატიმრეს. დოკუმენტებზე, რის გამოც მედავებოდნენ, ხელი ნამდვილად არ მომიწერია; მეტიც - 4 თვის განმავლობაში ერთხელაც არავის დაუკითხივარ, გამომძიებელი თვალითაც არ მინახავს. ბოლოს 20 000-ლარიანი საპროცესო გარიგება შემომთავაზეს, პროკურორს ვთხოვე, ეჩვენებინა დოკუმენტები, რომლებზეც თითქოს ხელი მქონდა მოწერილი. როდესაც ეს დოკუმენტები საქაღალდიდან ამოიღო,
პროკურორი თვითონვე დარწმუნდა, რომ იქ არც ჩემი გვარი იყო ნახსენები და შესაბამისად, არც ხელი მქონდა მოწერილი, თუმცა მაინც მითხრა, თუ გინდა, ციხიდან გახვიდე, საპროცესი გარიგება უნდა გაფორმდესო. დავწერე, რომ ბრალს ვაღიარებდი, მაგრამ ამ საქმეში დევს საბუთები, რომლებზეც ხელი მოწერილი არ მაქვს. ოფიციალურად არავის უთქვამს, რატომ დამიჭირეს, მაგრამ ვფიქრობ, რადგან ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის აშენების შემდგე, თანხის გადახდა მოვითხოვე, ციხეშიც ამიტომ ჩამსვეს", - გვიამბობს ზურაბ მახოხიშვილი.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გამცხადებულ ტენდერში "M.G. და კომპანიამ" მაშინ მიიღო მონაწილეობა, როდესაც ზურაბ მახოხიშვილი ჯერ კიდევ ციხეში იჯდა. კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთათვის განკუთვნილი ყაზარმის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის მზადება დაიწყო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ზურაბ მახოხიშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელ უფროსს, თემურ ჯანაშიას შორის შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა. იმის გამო, რომ ეს ხელშეკრულება და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტები გრიფით საიდუმლოა, ზურაბ მახოხიშვილმა "ვერსიას" მხოლოდ ის განუცხადა, რომ პროექტის ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარი იყო:
"ტენდერში 2011 წლის ზაფხულში გავიმარჯვეთ, სარემონტო სამუშაოები კი დეკემბრის ბოლომდე უნდა დაგვესრულებინა. პრაქტიკულად, ვადებში ვეტეოდით, მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთ ყაზარმაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ცხოვრობდნენ, სარემონტო სამუშაოები დროულად ვერ შევასრულეთ. შეთანხმებულები ვიყავით, რომ პროექტი 20 დეკემბერს უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოუციათ. 15 დეკემბერს ობიექტზე სპეცრაზმი შემოვიდა, სადაც 500-მდე ადამიანი მუშაობდა, ზუსტად ერთი დღის საქმე გვქონდა დარჩენილი, მაგრამ სპეცრაზმმა მუშები გამოყარა ობიექტიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ხელშეკრულება შეგვიწყვიტა. ამის გამო, თემურ ჯანაშიას უწყებამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის გადახდა უკვე სადაზღვევო კომპანიას დააკისრა. ჩემი კომპანია "არდიში" იყო დაზღვეული და შესაბამისად, რამდენიმე ასეული ათასი ლარი სწორედ ამ კომპანიამ გადაიხადა. ობიექტზე, დაახლოებით, 200 000 ლარის სამშენებლო მასალები დაგვრჩა, მაგრამ ეს მასალებიც დაიტოვეს და არ გამოგვატანეს".
სადაზღვევო კომპანია "არდის" იურისტი კობა ბობოხიძე "ვერსიასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ძირითადი ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც "არდისა" და "M.G. და კომპანიას" შორის გაფორმდა, თუ სამშენებლო კომპანია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ყაზარმებს დროულად ვერ გაურემონტებდა, პასუხს სადაზღვევო კომპანია აგებდა:
"სამშენებლო კომპანიამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წინაშე საკუთარი ვალდებულება შეასრულა – პროექტის მიხედვით, გარემონტდა შენობა-ნაგებობები, რასაც ხელშეკრულება ითვალისწინებდა. სამწუხაროდ, სამშენებლო კომპანიას ობიექტური, ხელისშემშლელი გარემოებების გამო, პრობლემები შეექმნა, რაც წინა ხელისუფლების ზემოქმედებაში გამოიხატებოდა. სამშენებლო კომპანია სახელმწიფოსთვის კონკრეტულ ობიექტზე სამუშაოს ასრულებდა, მაგრამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობა ზურაბ მახოხიშვილს აიძულებდა, ეს სამუშაოები მიეტოვებინა და ანაკლიაში სასტუმრო აეშენებინა. მახოხიშვილმა არ მიატოვა მშენებლობა და ყაზარმის სარემონტო სამუშაოები განაგრძო, რაც დეკემბრის ბოლომდე უნდა დაესრულებინა. როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები დარწმუნდნენ, რომ კომპანია ვადებში ეტეოდა, მოულოდნელად ვადა შეცვალეს. სამშენებლო კომპანიას კი წერილი მიწერეს, რადგან სამუშაოს 15 დეკემბრამდე ვერ ასრულებდა, ერთდღიან ვადას მისცემდა. ერთი დღის შემდეგ კი მე, როგორც სადაზღვევო კომპანია "არდის" იურისტი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან ვიღებ წერილს, რომ სამშენებლო კომპანია ვადებში ვერ ჩაეტია, რის გამოც "არდის" ჯარიმა დაეკისრა".
სადაზღვევო კომპანია "არდის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ქართლოს პორანაშვილმა "ვერსიას" განუცხადა, რომ ჯარიმის სახით, რამდენიმე ასეული ათასი ლარი გადაიხადა. მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებთან შეკამათებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ერთდღიანი დაგვიანებაც კი, დარღვევად მიიჩნევა. მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სამშენებლო კომპანია მიზანმიმართულად გააკოტრა:
"ჯარიმა, რომელიც გადავიხადეთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა სამშენებლო კომპანიასაც დააკისრა. გარდა ამისა, პირგასამტეხლო შესრულებული სამუშაოს ნაწილის მიხედვით კი არა, პროექტის მთლიანი ღირებულებიდან უანგარიშეს. არადა, ვსაუბრობთ პროექტზე, რომლის ღირებულებაც რამდენიმე მილიონი ლარია. ახლა კი სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახური, მის მიერ მშენებლობის დასაწყებად, ავანსად გაცემული თანხის დაბრუნებასაც ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ სამშენებლო კომპანიამ ავანსი ვერ აითვისა. რეალურად, სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ავანსად მიღებულ თანხას ბევრად აღემატება".
სადაზღვევო კომპანია "არდის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ობიექტები, რომლის დროულ გარემონტებაშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა ეჭვი შეიტანა, 2011 წლის დეკემბრის ბოლოს, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნა. ამის დამადასტურებელი სატელევიზიო სიუჟეტები არსებობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სამშენებლო კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დროულად შეასრულა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო პროექტის ღირებულების გადახდა არ უნდა და უკვე გადახდილი თანხის ნაწილის დაბრუნებასაც ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და სადაზღვევო კომპანია "არდის" შორის მიმდინარეობს. სახელმწიფო სტრუქტურა "არდისგან" იმ თანხის ანაზღაურებას ითხოვს, რაც სამშენებლო კომპანიას ავანსის სახით გადაუხადა. სადაზღვევო კომპანიამ პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესი წააგო და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს სხდომა 2013 წლის 10 დეკემბერს გაიმართება.
მართალია, საბოლოო ვერდიქტი მოსამართლემ უნდა გამოიტანოს, მაგრამ სამშენებლო კომპანიის მიზანმიმართულად გაკოტრების საქმეში, რომელშიც სახელმწიფომ სადაზღვევო კომპანიაც ჩაითრია, ბევრი შეუსაბამობაა. რა მიზნით გააკოტრა სახელმწიფომ სამშენებლო კომპანია? "ვერსიას" "M.G. და კომპანიის" დამფუძნებელი ზურაბ მახოხიშვილი ესაუბრება.
- ბატონო ზურაბ, რატომ შეგიწყვიტათ ხელშეკრულება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა?
- მიზეზი ის იყო, რომ ამ უწყებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანუ რამდენიმე მილიონი ლარის გადახდა არ უნდოდა, ამიტომ ობიექტი ვადაზე ადრე დაგვატოვებინა და გვითხრა, თითქოს ვადებში ვერ ჩავეტიეთ. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ობიექტზე, სადაც ჯერ კიდევ სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის თანამშრომლები ცხოვრობდნენ და რის გამოც სარემონტო სამუშაოები ვერ დავიწყე, ამის შესახებ თემურ ჯანაშიასთვის ოფიციალურად, წერილობით უნდა მიმემართა.
- რატომ უნდა შეეჩერებინა პროექტი თემურ ჯანაშიას, ყაზარმების გარემონტება ხომ სახელმწიფოს ინტერესში შედიოდა?
- ხელშეკრულება რომ შეგვიწყვიტეს და დავა დავიწყე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზურაბ ადეიშვილს დაურეკა. სხვათა შორის, ამ ყაზარმების სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებსაც ზურაბ ადეიშვილი კურირებდა. ამის შემდეგ, ჩემს კომპანიაში პროკურატურის თანამშრომლები შემოვიდნენ, უკაცრავად, მაგრამ ნაგვის ყუთში რომ ქაღალდები ეყარა, ისინიც კი წაიღეს შესამოწმებლად. პროკურატურამ საქმე ფულის გათეთრების მუხლით აღგვიძრა და კიდევ კარგი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა მოგვისწრო, თორემ ისევ დამაპატიმრებდნენ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 6 ნოემბერს მივმართე პროკურატურას, სადაც ყველაფერი დეტალურად აღვწერე – ანაკლიის პატრიოტთა ბანაკიდან დაწყებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტენდერით დამთავრებული. სამწუხაროდ, პროკურატურაში ჩვენი საბუთები დაკარგულია, რასაც დღემდე ვერ პოულობენ. მას შემდეგ, რაც პროკურატურაში განცხადება შევიტანე, დამიბარეს და დამკითხეს კიდეც, მაგრამ უშედეგოდ. ამ საბუთების პოვნა ძნელი არ არის, ჩამოვწერე კონკრეტულად, სად და რომელ უწყებაში შეეძლოთ მათი მოძიება, მაგრამ რადგან არ მოინდომეს და თავი არ შეიწუხეს, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ნაციონალურ მოძრაობას თანაუგრძნობენ. ახლა, როდესაც მთავარ პროკურატურაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, ვაპირებ, მთავარ პროკურორს შევხვდე.
- ტენდერში გამარჯვების შემდეგ თემურ ჯანაშიამ ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობა შემოგთავაზათ?
- კონკრეტულად, თემურ ჯანაშიამ არა, სიტყვიერად შემომთავაზეს ანაკლიის მშენებლობაში მონაწილეობა, მაგრამ უარი ვუთხარი. ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის მშენებლობაში "გამოცდილება" უკვე მქონდა და უარი ამიტომაც ვთქვი. ვფიქრობ მიზეზი, რის გამოც სახელმწიფომ მიზანში ამომიღო, ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის პროექტს უკავშირდება. როგორც ჩანს, არ მოეწონათ, თანხა რომ მოვთხოვე, ამის გამო დამიჭირეს კიდეც. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი იგივე ანაკლიაში, სასტუმროს მშენებლობაზე უარი განვაცხადე, სხვა მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა. ესეც ჩემი ვარაუდია, თორემ ოფიციალურად არავის უთქვამს, რატომ შემიჩერეს ხელშეკრულება და თანხის გადარიცხვაზე უარი რატომ თქვეს.
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ავანსად გაცემული თანხის დაბრუნებას რატომ ითხოვს?
- 1 800 000 ლარზე საავანსო გარანტია მქონდა, მაგრამ ეს სამუშაოები შევასრულეთ, ახლა კი სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახური დამატებით, 500 000 ლარზე მეტს ითხოვს. მოსამართლემ ამ სამსახურის წარმომადგენლებს უთხრა კიდეც, თუ ეს თანხა გადახდილია და სამუშაოც შესრულდა, რაღას ითხოვთო, რაზეც ვერაფერი უპასუხეს. ვიფიქრე, მოსამართლე ჩვენს სასარგებლო განაჩენს გამოიტანს-მეთქი, მაგრამ 500 000 ლარზე მეტის გადახდა მაინც დაგვაკისრა. 10 დეკემბერს გაიმართება სასამართლო პროცესი და იმედი გვაქვს, სიმართლეს დავამტკიცებთ.
- ნაციონალური მოძრაობის პარტიის ანგარიშზე გარკვეული თანხა ხომ არ გადაგირიცხავთ?
- ასეთი შეთავაზებები მქონდა, თუმცა ერთი თეთრიც არ გადამირიცხავს. შესაძლოა, ესეც იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენი კომპანია მიზანმიმართულად გააკოტრეს.
- თემურ ჯანაშიას იცნობდით?
- მხოლოდ შორიდან. ისიც იმიტომ, რომ ზოგჯერ ობიექტზე მოდიოდა...
P.S "ვერსია" სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსაც დაუკავშირდა, მაგრამ სამსახურის წარმომადგენლებმა კომენტარისგან თავი შეიკავეს.