კონსენსუსის ძიება თუ პოლიტიკური თამაში? - რა დგას პრემიერ ირაკლი კობახიძის შეთავაზების და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უარის უკან? როგორც ცნობილი ხდება, პრემიერმა კობახიძემ პრეზიდენტს და ოპოზიციას შესთავაზა მესამედ მოსმენის შემდეგ, ვეტოს დადების დროს, გამოიყენონ შესაძლებლობა და დაწერონ ის შენიშვნები, რაშიც არ ეთანხმებიან, რაც მხარეებს კონსენსუსამდე მიიყვანს და სიტუაციაც განიმუხტება.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოიყენებს ვეტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, მაგრამ არც ერთ მანიპულაციაში არ შევა.
მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ეს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლის მორიგი დასტურია. თუ პრეზიდენტი კანონის ხელისმოწერაზე უარს ამბობს და, პარალელურად, არც შენიშვნების გაზიარებისთვისაა მზად, ეს მხოლოდ მის პოლიტიკურ ინტერესზე მიუთითებს.
მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიდგომა იმ გზებს კეტავს, რომელიც კანონში სამართლებრივი შენიშვნების გაზიარების შესაძლებლობას ტოვებდა. სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, მათი მოწინააღმდეგეები შანსს მიზანმიმართულად უშვებენ.
სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მისაღებია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ილუზიაა, თითქოს ვეტოს პირობებში გაწერილი შენიშვნების გაზიარება რეალურად მოხდება. ამიტომ თავადაც ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს, უბრალოდ, ხელი არ უნდა მოაწეროს.
პრეზიდენტი ვეტოს უფლებით რიგით მეშვიდედ ისარგებლებს, თუმცა, სხვა ყველა შემთხვევისგან განსხვავებით, ეს ვეტო საკანონმდებლო ორგანოს შენიშვნების გარეშე წარედგინება. სახელისუფლებო პარტიას კი საკმარისზე მეტი ხმა აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტის მიერ უარყოფილი კანონპროექტი კანონად აქციოს.
პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით მმართველი გუნდი მზად არის დისკუსიებისთვის.
„მართალია, სალომე ზურაბიშვილმა არაკონსტრუქციული განცხადება გააკეთა, თუმცა მას მინდა, მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე. თავად არასდროს წერდა საკუთარი ვეტოს კანონპროექტებს, უწერდნენ „ენჯეოები“ ან გარედან უწერდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და ამის შესაძლებლობას თუ არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა, 14 მაისიდან 28 მაისამდე და ამ დროში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, შემდეგ კი ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში. თუმცა, სალომე ზურაბიშვილს თუ ექნება დესტრუქციული პოზიცია, ამ შემთხვევაში, გართულდება ეს პროცესი. ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას დისკუსიისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ იკრალი კობახიძის განცხადებები ბადებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება რაღაცა კომპრომისზე წასვლას ცდილობს. ძაბირაძე for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ უცხოელ პარტნიორებთან ამაზე დისკუსიაც მიდიოდეს.
„მე მგონია კობახიძემ ეს განცხადება არა მხოლოდ შიდა აუდიტორიისთვის გააკეთა, არამედ დასავლეთისთვის საჩვენებლადაც, რომ აი, პრეზიენტს ხომ ენდობით, მისი მეშვეობით დაგვიწერეთ რაში არ გვეთანხმებით და იქნება გავითვალისწინოთ. ასევე, რაც მოვისმინე ევროკავშირის ელჩის და სხვების განცხადებები, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პარტნიორებიც გამოსავლის ძიებაში არიან. აქ არავის აწყობს რეალურად რომ ეს დაპირისპირება გაგრძელდეს. ცნობილია, რომ ობრაიენი ჩამოვიდა და მასაც ექნება ხელისუფლებასთნა და ოპოზიციასთან შეხვედრები. აქედანაც ჩანს, რომ რაღაცა დიალოგის ძიებაში არიან.
მე არ მესმის ოპოზიიცის ერთი რამ, ასე უგეგმოდ და უაზროდ სიარული ცოტა გაჭირდება. რაღაცა თემა უნდა შემოიტანონ. ასე, უპირობოდ რომ უკან გაიტანე და ა.შ. თავად „ოცნების“ ამომრჩევლისთვის იქნება ძალიან გაუგებარი. ვნახეთ ღარიბაშვილის განცხადებაც, რომელიც ასევე მოსინჯვა მგონია. ესეც რაღაცა სცენარის ნაწილად მიმაჩნია. არაფერია გამორიცხული, რომ სხვადასხვა ვარიანტებს ტესტავდნენ. რაც შეეხება პრეზიდენტს, ვნახოთ, წინასწარ იმაზე საუბარი რომ არა და არ ვიზამ, არასწორია. არავინ იცის პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციაც და პრეზიდენტიც როგორ აზრზე იქნებიან. მე მაინც ჯერ მოვლენების განვითარებას დავუცდიდი“, - ამბობს ძაბირაძე.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური ფანდია, რადგან მსგავსი პოლიტიკური ტრიუკები უკვე გაუკეთებიათ. ამის მაგალითად ზაქარეიშვილს შარლ მიშელის ხელშეკრულება და შემდეგ „ოცნებისგან“ მისი ანულირება მოჰყავს.
„ოცნებამ“ ისიც თქვა, რომ ამ კანონს უკან აღარ დააბრუნებდა, მაგრამ მაინც დააბრუნეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური ფანდი და რეალურად არაფერს არ აპირებენ. არ მჯერა, რომ „ოცნება“ რამე დათმობაზე წავიდეს. მათ უნდათ კანონი ნებისმიერ შემთხვევაში გავიდეს, თუნდაც ეს სახეცვლილი იყოს. ამიტომ ახლა ცდილობენ პრეზიდენტის საშუალებით, თუნდაც უცხოელები, კანონზე საუბარში ჩაითრიონ. კანონს ოფიცილურად ჰქვია „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“. გამჭვირვალეობა გასაგებია, თუმცა გავლენა უკვე დეტალებში დამალული ეშმაკობაა. ამიტომ მე არ ველი, რომ რაიმე დათმობაზე წავლენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
თუმცა რა გამოსავალი აქვს ახლა დასავლეთის და ქვეყნის შიგნით მიმდინარე ზეწოლის ფონზე „ოცნებას“, რათა პოლიტიკურად არ დაზიანდეს, ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ჩიხშია სიტუაცია შესული. ამიტომ ის ცდილობს ისეთი გამოსავალი იპოვოს, რომელსაც თავის ამომრჩეველსაც აუხსნის.
„ერთადერთი გამოსავალი რაც არის, ერთია, თქვან, რომ რაღაცა დეტალებზე არ მოხდა შეთანხმება და მეორე მოსმენაზე, უკან დააბრუნონ. ახლა იმაზე შეიძლება იყოს საუბარი, როგორ შეუნარჩუნდეს „ოცნებას“ სახე, რომ კანონი გაიტანოს. დღემდე აქციაზე ხალხს არ მოუთხოვია ხელისუფლების წასვლა, გადადგომა. ამიტომ შესაძლოა „ოცნებამ“ 1 ნოემბრამდე გადაავადოს კიდევაც და არჩევნების შემდეგ გადაწყდეს, რა ქნას. თუ ჩვენ გვინდა, რომ „ოცნება“ როგორც პოლიტიკური ძალა ელექტორატის თვალში არ დაზიანდეს, მაშინ მესამე მოსმენით მისი ჩაგდება არ იქნება მომგებიანი. ამიტომ ვამბობ, რომ დააბრუნონ უკან კანონი და შეჩრედეს ცოტა ხნით. ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, ახლა არ მისცემს ხელისუფლებას მისი დახმარებით ამ პრობლემიდან გამოძრომის საშუალებას. ეს ლოგიკურიც არის ის ამას პოლიტიკურად მიხვდა და არ მისცემს ამ შესაძლებლობას. ყველაზე კარგი ვარიანტია, საერთოდ, ივანიშვილმა თქვას, რომ მას ეს კანონი არ უნდოდა, არასწორი გადაწყვეტილებაა, უკმაყოფილოა ახალი მთავრობით და მოითხოვოს კანონის უკან გატანა. ეს ვერსიაც შესაძლოა გათამაშდეს. არაა გამორიცხული, კობახიძეც გაწიროს და ახალი პრემიერი დანიშნოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, მას ღარიბაშვილის განცხადება ენიშნა და ძალიან ჭკვიანური სვლა გააკეთა, როცა თქვა, რომ ამ კანონს ამ ფორმით არ მიესალმება.
„ალბათ, ვიღაცა იურისტმა ურჩია და ცდილობს ამ სიტუაციაში თავისი სვლა გააკეთოს. მან თქვა შემდეგი, რომ „წინააღმდეგი ვარ უცხო აგენტების ლეგალიზაცია მოვახდინოთო“. ანუ მან თქვა, რომ ვისაც ამ კანონით დავაკისრებთ, ლეგალური იქნებიან. ღარიბაშვილმა თქვა, რომ მოდი, დავტოვოთ ისე როგორც არის, ხელი არ ვახლოთ. ბუნდოვან - ეშმაკური ვარიანტი თქვა და თან გააკეთა აპელირება იმაზე, რომ ის ასე არ მოიქცეოდა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გარკვეულწილად შიდა ბრძოლებიც მიდის. კობახიძე პრინციპულად ცდილობს ამ კანონის გაწვევას და ღარიბაშვილი პირიქით, ამბობს, რომ ზედმეტია ასეთი მოქმედება. მე მგონია, მაინც ივანიშვილი ჯერ პროცესებს აკვირდება და ვნახოთ, შესაძლოა, თავისი სვლები მერე გააკეთოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.