რა ქმნის პრობლემას გამჭვირვალობის კანონში - შინაარსი თუ სათაური?

რა ქმნის პრობლემას გამჭვირვალობის კანონში - შინაარსი თუ სათაური?

„ქართულ კანონს დაარქვეს რუსული, არ წაიკითხეს, მაგრამ ტანით იგრძნეს, რომ რუსულია“, - ასე აფასებენ ცალკეული ექსპერტები „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებულ აჟიოტაჟს.

სხვათა შორის, გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგენიც აღიარებენ, რომ პრობლემა იმდენად კანონის შინაარსი არ არის, რამდენადაც ის, რომ კანონს რუსულის იარლიყი მიენიჭა.

ბიზნესმენებსა და პრემიერს შორის გამართული შეხვედრიდან გამოსული თემურ ჭყონია ვერ მალავს, რომ აღნიშნულ კანონს რუსული სახელი დაერქვა, რამაც გაუგებრობა გამოიწვია და კანონის შინაარსში პრობლემა არაა.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ ასე ხისტად შემოტანა არ იყო საჭირო, რათა რადიკალურ ძალებს ეს კანონპროექტი რევოლუციური სცენარისთვის არ გამოეყენებინათ. ჯერ კიდევ შარშან, როცა ამ კანონპროექტმა დაპირისპირება გამოიწვია, აკადემიკოსი ლადო პაპავა ამბობდა, რომ ჩვენს ქვეყანას ყველა სფეროში სჭირდებოდა გამჭვირვალობა და, ამდენად, გამჭვირვალობის რეგულაცია მისაღები იყო, ოღონდ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც ხელისუფლებამ წარმოადგინა ეს კანონპროექტი.

ლადო პაპავას თქმით, გამჭვირვალობის მიღწევის ბევრად უფრო მარტივი გზა არსებობდა, თუკი შესაბამისი ცვლილებები შევიდოდა სამ საკანონმდებლო აქტში - საგადასახადო კოდექსში, გრანტების შესახებ კანონსა და ლობირების შესახებ კანონში. ამ აზრს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელისუფლებას შეეძლო ბევრად უფრო რბილად შემოეტანა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი და ამით ვნებათაღელვა არ გამოეწვია, მაგრამ, პოლიტოლოგის აზრით, ხელისუფლება ამ გზით არ წავიდა, რადგან ეს კანონი მართლაც გამჭვირვალეობისთვის არ სჭირდებოდა.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, უბრალოდ, ხელისუფლებამ ჯერ წამოიწყო პროცესი პოლიტიკური მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, ანუ ჯერ მოახდინა მოწინააღმდეგის სტიგმატიზება, რისთვისაც გამუდმებით ერთი და იგივე ტერმინი გამოიყენა - „უცხოური სახელმწიფოს გავლენის აგენტი“. განგებ ატრიალებდნენ ამ ტერმინს, რადგან მოსახლეობაში ცუდად აღქმულიყო სიტყვა „აგენტი“, რაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელს ნიშნავს. თანაც, ვახტანგ ძაბირაძე ეჭვობს, რომ ეს პირველი ეტაპია. მთავარია, ხელისუფლებამ კანონი მიიღოს და მერე უკვე კანონში შესწორებების შეტანა და კანონის გამკაცრება გაცილებით ადვილია.

„სინამდვილეში, ამათ გამჭვირვალობა კი არა, სტიგმატიზაცია უნდათ. იმ კანონში არის ფინანსური კონტროლი. დეკლარაციას რომ გამოაქვეყნებ, შესაბამის ორგანოებს შეუძლიათ მოვიდნენ და შეამოწმონ. იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს, ეს შემოწმება შეუძლიათ გაწელონ, რამდენ ხანსაც უნდათ და როგორც უნდათ. ახლა რომ გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ ენჯეოებით, ასე არ არის, ჩვენს პარტნიორებთან მეც მაქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ერთია, როცა კეთილმოსურნე ხარ და კეთილმოსურნის პოზიციიდან აკრიტიკებ არასამთავრობოების არაგამჭვირვალობას და მეორეა, როცა სხვა განზრახვა გაქვს. ამ შემთხვევაში, ხელისუფლებას არ სურს, არჩევნებზე ლეგალური დამკვირვებელი ჰყავდეს, არც ის აწყობს, ვინმე ლაპარაკობდეს კორუფციაზე, არ სურთ ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება, ამ თემების დახურვა სურთ ზუსტად გამჭვირვალობის შესახებ კანონით“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-თან საუბრისას იხსენებს შარშანდელი მარტის ამბების დროს განვითარებულ მოვლენებს, როცა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ დაწერა, რომ ხელისუფლებას ორ-სამ მოქმედ კანონში უნდა შეეტანა ცვლილება-დამატება გამჭვირვალეობის ხარისხის გასაზრდელად, არ იყო საჭირო ახალი კანონის შემოტანა, ვინაიდან ახალი კანონი სულ სხვანაირ ყურადღებას მიიქცევდა.

„არავითარი სიტყვა „აგენტი“ საჭირო არ იყო. გამჭვირვალეობის შესახებ ცვლილება-დამატების შეტანა შეიძლებოდა საგადასახადო კოდექსში, ასევე, უცხოური დაფინანსების შესახებ კანონში, სადაც საუბარია გრანტებზე. ასევე, უკვე არსებულ ფინანსურ ანგარიშვალდებულებაშიც შეიძლებოდა ამის შეტანა. ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი ვერ შემოგვედავებოდა. ხომ ვერ გვეტყოდა დასავლეთი, რომ არ შეიძლება გამჭვირვალეობის დაშვება საქართველოში?! ამის ნაცვლად, დღევანდელი ჩანაწერით მრავალი ათეული „ენჯეო“ და იქ მომუშავე წესიერი ხალხი გააწბილეს. არიან ენჯეოები, რომლებიც ნეიტრალურ თემებზე მუშაობენ, მათ შორის, ძალიან საჭირო თემებზე, მწვანე ენერგეტიკა იქნება, დაუნის სინდრომით დაავადებული ადამიანები, ბავშვთა რეაბილიტაცია, თუ აგროპროექტები. ეს ენჯეოები ჩვენს სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს და მჭიდრო კონტაქტები აქვთ სხვადასხვა სამინისტროსთან. გარდა ამისა, არასამთავრობოები მჭიდროდ თანამშრომლობენ პარლამენტში შესაბამის კომიტეტებთან და ისედაც ყველაფერი ღიად აქვთ. ყველამ ვიხილეთ, პარლამენტში გამოდიოდნენ ამ ენჯეოების ხელმძღვანელები, ინტელიგენტი ადამიანები და ხმის ამაღლებისა და ხელების ქნევის გარეშე სვამდნენ კითხვას, ჩვენს სამუშაოს უკვე მრავალი წელიწადია ვეწევით ხელისუფლებასთან ერთად, რატომ უნდა იფიქროს ჩემმა შვილმა, რომ თურმე მამამისი ან დედამისი არის უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი, ეს ხომ შეურაცხმყოფელია?!“ -აცხადებს პეტრე მამრაძე.

ამასთან, განმარტავს, რომ პირადად იგი შარშანაც გამოვიდა ფორუმზე და ილაპარაკა, არ გინდათ „გამჭვირვალობის შესახებ ჩანაწერი“ საქართველოში. გასაგებია, რუსეთში ტერმინებს „უცხო ძალას“ და „აგენტს“ რომ ახსენებ, მთელ რუსეთს ჰგონია, რომ საუბარია შპიონზე დივერსანტზე, მტერზე, რომელიც მაშინვე უნდა დააპატიმრონ. უფრო მეტიც, რიგითი რუსები ფიქრობენ, რომ ყველაზე კარგი იქნება, ასეთი ადამიანი დახვრიტონ. რუსეთში ასეთი განწყობაა უკვე მრავალი წელიწადია, მაგრამ ასეთი განწყობა საქართველოში არაა.