ბევრს გაუჩნდებოდა კითხვა - მაინც, რატომ მიიჩნია დასავლეთმა კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებთა გამჭვირვალობაზე“ დემოკრატიის დასასრულად ჩვენს ქვეყანაში, როდესაც თავად ცდილობს მიაღწიოს მათ ქვეყნებში გარედან შემოსული თანხების მაქსიმალურ გამჭვირვალობას? დასავლეთიდან წამოსული უამრავი საყვედურის, გაფრთხილების თუ მუქარის გზავნილებიდან, სადაც ყველაფერზე იყო საუბარი გარდა იმისა, თუ რატომ არ შეიძლება საქართველო ამ კანონით მოხვდეს ევროპულ ოჯახში, ყველაზე ზუსტი პასუხი აშშ-ს 14 სენატორის წერილშია. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონის სამიზნე „სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა, რომლებშიც საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს. სწორედ აქ არის, რომ იტყვიან, ძაღლის თავი დამარხული. დასავლეთში მიხვდნენ, რომ ამ კანონით საქართველოს მოსახლეობა ზუსტად გაიგებს თუ რისთვის, რატომ და როგორ იხარჯება საქართველოში ხხვადასხვა, მათ შორის დასავლური დონორების მიერ შემოტანილი ფული! არადა დასავლეთი, წესით, დაინტერესებული უნდა იყოს ამ კანონის შემოღებით, რადგან ამით გამოაშკარავდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც დასავლეთს მტრებად მიაჩნია და ებრძვის.
თუმცა, აქ უფრო ფართო და მნიშვნელოვან ფენომენთან გვაქვს საქმე. დასავლეთს ეშინია, რომ ამ კანონის შედეგად გავლენებს დაკარგავს მილიონიანი დასავლური ინვესტიციებით საქართველოში მათ მიერ გამოზრდილი და გამოწრთობილი ახალი კონტრელიტა.
ინდოეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჯავაჰარლალ ნერუს მიაწერენ მოსაზრებას: „არ არსებობს ქვეყნისთვის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე კოლონიზატორის მიერ აღზრდილი ელიტა“. არ აქვს მნიშვნელობა მართლაც ეკუთვნის თუ არა ეს სიტყვები ნერუს, რომელიც თავადაც ბრიტანელი კოლონიზატორების გამოზრდილ ახალ ელიტას განეკუთვნებოდა. მთავარია, რომ ამ გამონათქვამის საზრისს აქტუალობა ჩვენს დღეებშიც არ დაუკარგავს.
საქართველო ნამდვილად არ გახლავს ინდოეთი, რომ პარალელები გავავლოთ. თუმცა, ჩვენს უახლეს ისტორიას კარგად ახსოვს ჯერ რუსეთის, შემდეგ საბჭოთა კავშირის ძალისხმევით გამოზრდილი ახალი ქართული ელიტების საქმიანობა. მათი ავკარგიანობის გარჩევა ცალკე თემაა.
რას უქადის ჩვენს ქვეყანას ამჯერად კოლექტიური დასავლეთის მიერ სრულიად ხელოვნურად გამოზრდილი კონტრელიტა? ბოლო 30 წლის მანძილზე დასავლური ფინანსური ინექციებით საქართველოში ახალი ელიტების გამოზრდა მეთოდურად და კონკრეტული მიზნით მიმდინარეობდა - ტრადიციული ელიტების ჩანაცვლება. ახალი კონტრელიტების ადამიანურ რესურსს კი არასამთავრობო ორგანიზაციები და ლიბერალური ინტელიგენცია წარმოადგენდნენ. დასავლელი დონორების გრანტებით ბევრმა მათგანმა დასავლეთში განათლება, სამეცნიერო მივლინებები და სხვა სიკეთეები მიიღო და დღესაც იღებს. მოგვიანებით, ახალი კონტრელიტის შექმნისთვის გაღებულმა დასავლურმა გრანტებმა ახალგაზრდობა და ე.წ. „კრიტიკული მედია“ მოიცვა.
იმისათვის, რომ ახალ, და ულტრალიბერალურ პლატფორმაზე მდგომ კონტრ-ელიტას ქართულ საზოგადოებაში ნდობა და პატივისცემა მოეპოვებინა, თავდაპირველად მათი უცხოური გრანტები დიდწილად სოციალურ, საგანმანათლებლო, ჰუმანიტარულ პროექტებსა და ადამიანის უფლებების დაცვას ხმარდებოდა. ამით მათ შეძლეს საზოგადოების გარკვეული, თუმცა მცირე ნაწილის, მიმხრობა და ამ რესურსს დღეს აქტიურად იყენებენ, თუმცა ავტორიტეტის და ნდობის მოპოვება მთელს ქართულ საზოგადოებაში მაინც ვერ შეძლეს. ბოლო 12 წლის მანძილზე ჩატარებულ NDI/IRI გამოკითხვებში, „ენჯეოების“ მიმართ ხალხის ნდობის მაჩვენებელი არასოდეს ასცილებია ერთნიშნა მაჩვენებელს. ხოლო ამ ახალ კონტრ-ელიტაზე მყარად მიწებებული სახელდება „გრანტიჭამია“, ალბათ, ყველაზე კარგად ასახავს საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულებას მათ მიმართ. დასავლეთში კარგად ხედავენ ამას, მაგრამ რაკი ჩვენს ქვეყანაში სხვა დასაყრდენი ვერ იპოვეს, იძულებული არიან მათივე შექმნილი კონტრელიტა მუდმივი ფინანსური ინექციებით აცოცხლონ.
შესაბამისად, არასამთავრობო სექტორის და ე.წ. „კრიტიკული მედიის“ მხარდაჭერისთვის გაღებული მილიონიანი ფინანსური ინექციები, თუნდაც გრანტის სახით, არ გახლავთ ქველმოქმედება. გრანტის მიმღებნი მიღებულ ფულს იმ მომსახურებით ანაზღაურებენ, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოში მოქმედი დონორების და მათ უკან მდგომი გავლენიანი პირების თუ მთავრობების ინტერესებს.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ ვინ იქნებოდნენ და სად იქნებოდნენ იმ ამ ახალი კონტრელიტის ლიდერები, დღეს გარე მხარდაჭერით გულმოცემულები რომ პოლიტიკაშიც ერევიან, საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებენ, თავი პრივილეგირებულ კასტად მიაჩნიათ და დანარჩენ მათი აზრით „ბნელ“ საზოგადოებას „ფრუსტრირებულ ბიომასად“ მიიჩნევენ.
დასავლური ინვესტიციებით გამოზრდილი ამ კონტრ-ელიტის ფილოსოფია და ცხოვრების წესი შარშან კარგად გამოხატა მათმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როდესაც საჯაროდ განაცხადა - „დასავლეთმა რომ მოგვთხოვის ერთი კვირა ცალ ფეხზე ვიდგეთ, უნდა ვიდგეთ“. ამიტომაც, თავად განსაჯეთ, როგორ დაუშვებს დასავლეთი, რომ მისი ფინანსებით გამოძერწილი ასეთი კონტრელიტის პოზიციებსა და ინტერესებს ოდნავ მაინც რამე დაემუქროს?! ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ იტყვიან, ჩვილი აკვანშივე ჩაკლან და არაფრის დიდებით არ დაუშვან კანონის ამოქმედება. ამიტომაც იზრდება ზეწოლა ხელისუფლებაზე გეომეტრიული პროგრესიით. ეს გასაგებია, კანონის მიღებით დასავლელ დონორებსა და მათი ფულის აქაურ მიმღებთ ერღვევათ ის „კომფორტის ზონა“, რომელშიც მთელი ეს წლები იყვნენ. თუმცა, მათ თავიანთი ზოგიერთი საქმიანობით თავად შეუწყვეს ხელი ამას. სხვა შემთხვევაში, ამ კანონის მიღება არ დადგებოდა დღის წესრიგში.
პოსტსაბჭოთა სივრცეზე დასავლური ფინანსებით შექმნილ კონტრელიტას ნამდვილად აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. ავანსცენიდან ძველი ელიტების ბუნებრივი გასვლის შემდეგ, სწორედ ამ ახალმა ფინანსებით უხვად უზრუნველყოფილმა ახალმა კონტრ-ელიტამ უნდა დაიკავოს მათი ადგილი. საქართველოში უკვე ვხედავთ ამ კონტრელიტის აგრესიულ მცდელობებს გახდნენ ჩვენი საზოგადოებისთვის ცხოვრების ახალი წესების, ახალი ტრადიციების და აზროვნების მოკარნახეები - „ახალი ქართველის“ კულტივირების მიზნით.
სწორედ კონტრელიტების დახმარებით უნდა მოხდეს საქართველოს გადაქცევა დასავლეთის სტრატეგიული ინტერესების მძევლად. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, კონტრელიტების წარმომადგენლები არც კი მალავდნენ თუ რა ბედი სურდათ საქართველოსთვის. დღეს დასავლეთს საკუთარი სტრატეგიული ინტერესების რეალიზებისთვის ძალიან სჭირდება მათი შექმნილი „კონტრელიტების“ ხელისუფლებაში მოსვლა, თუმცა ამის მიღწევა შეუძლიათ მხოლოდ ისე, როგორც ეს მოახერხეს 2003 წელს და შემდეგ მთელი ცხრა წელი „ვარდისფერი სათვალეებით“ უყურებდნენ ამ „კონტრელიტის“ მიერ დემოკრატიის ყველა ნორმის უხეშად გათელვას. სამაგიეროდ, კონტრელიტა ბეჯითად უსრულებდა ყველა დავალებებს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის საზიანოდ. შედეგები ცნობილია!
დასავლეთის ასეთი შემართება ამ კანონთან მიმართებაში, უდავოდ უკეთეს გამოყენებას იმსახურებს, მაგრამ როდესაც საქმე სხვადასხვა ქვეყნებში მათი კლიენტურის თუ კონტრელიტების გადარჩენას ეხება, რეაქციები ყოველთვის მსგავსია. თანაც ფიქრობენ, რომ მათზე ბევრი რამით მიბმულ საქართველოს და მის ხელისუფლებას იოლად წამოაჩოქებენ. ასეთ ქვეყნებში სუვერენული პოლიტიკა და სუვერენული აზროვნებაც ხომ დასჯადია.