პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღეს, მესამე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს. კომიტეტის სხდომა 09:00 საათზეა ჩანიშნული. მესამე მოსმენის ფარგლებში მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი. რაც შეეხება კანონპროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანის თარიღს, ამაზე გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს. for.ge-ს ინფორმაციით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მიმდინარე კვირას დაამტკიცებს. ამით საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ კანონს ვეტოს დაადებს. პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ კანონი ისევ პარლამენტში ბრუნდება და ამის შემდეგ მმართველი გუნდი ჩვეულებრივი უმრავლესობით, 76 ხმით ვეტოს დაძლევს და ამის შემდეგ კანონი ოფიციალურად შევა ძალაში.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. რაც შეეხება მედიას, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. შესაბამისად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე განხილვის პირობებშიც, სხვა მედიასაშუალებებს შენობაში მუშაობის საშუალება არ ექნებათ. პარლამენტში არ აკონკრეტებენ, რა ვადებში იმოქმედებს შესაბამისი ზომა.
პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება დააანონსა რადიკალურმა ოპოზიციამ. მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც თბილისში მიმდინარე რადიკალური აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია, მოუწოდებს სტუდენტებს, რომ შეიკრიბონ პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ 83 დეპუტატს ერთად ჩახედონ თვალებში. როგორც მან აღნიშნა, რაც უფრო ბევრნი იქნებიან, უფრო მალე გაიტანენ უკან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაააშკარავა პროვოკაციული გეგმის სცენარი - იერიში სპეციალური დანიშნულების რაზმზე, პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა თუ სხვა სამთავრობო შენობის ბლოკირება, ქალაქის პარალიზება, რამაც დაპირისპირება უნდა გამოიწვიოს. ოპოზიცია რევოლუციური სცენარით მოქმედებს. სუს-ის ცნობით, აქციის ორგანიზატორები ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოელი ტრენერ-ინსტრუქტორების მიერ და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია CANVAS-ის და პიტერ აკერმანის თეორიებს. პროცესში ასევე ჩართულები არიან აქტორები უკრაინიდან. იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეებისგან წამოვა აგრესია, შს მინისტრის განცხადებით, პოლიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს და პასუხი იქნება ძალიან მკაცრი.
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაგეგმილია მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ პარლამენტის ბლოკირება და საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს ხელი შეუშალონ შენობაში შესვლაში.
„გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძემ გააფრთხილა რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, სამართალდამცველებს კი მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდა.
„მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით. გასული კვირების განმავლობაში, იყო რამდენიმე გამონაკლისი ინციდენტი, რომელიც ვერავისთვის იქნება მოსაწონი და მისაღები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის.
აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ ნებისმიერი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციის მიერ მათ მიერ დაგეგმილი ძალადობის გადასაფარად იქნება გამოყენებული. მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი, ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, რომ მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავის მხრივ რევოლუციონერებს მხარს უჭერს პრეზიდენტი და მიმართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ გაბედოს რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება. მისი თქმით, აქციის მონაწილეები რამდენიმე კვირაა პროტესტს მშვიდობიანად, შეგნებულად და შემართებით გამოხატავენ და სამართალდამცველებს მიმართა, რომ ისინი მხოლოდ იმას აჩვენებენ მსოფლიოს, რომ კანონს არ ემორჩილებიან.
„მინდა მივმართო ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც უკვე რამდენი კვირაა მსოფლიოს აჩვენა, თუ რამდენად მშვიდობიანი, რამდენად შეგნებული, რამდენად შემართებული და არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ასე რომ, ვერავის ვერაფერს დააჯერებთ. მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, იმიტომ რომ, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი. ამას წინასწარ ვამბობ და მე მგონი, რომ ყველასთვის გასაგებია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ვითარება რთულია, პოლიცია კი მოქმედებას იწყებს. ისტორიკოსი, ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, საქართველოს საკანონმდებლო ყველა აქტი გამოდის კონსტიტუციიდან, რომლის მიხედვით ხალხის ნება არის უზენაესი და ამ უზენაესი ნებიდან გამომდინარე მოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.
„მინდა ერთი რამ ხაზგასმით აღვნიშნო, ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამონათქვამი - ყველა კანონი ცუდია, მაგრამ კანონი, კანონია და იქვე აყოლებდნენ - კანონი აუცილებლად უნდა აღსრულდეს. აქედან გამომდინარე, არავინ არავის არაფერს არ უშლის კანონის ფარგლბში თავისი პროტესტის გამოსახატავად, მაგრამ როგორც კი რაიმე გადაცდომა იქნება, აუცილებელზე აუცილებელი ზომა იქნება მიღებული, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს.
მეტიც, ჩვენი სახელმწიფო ამ დღეებში გადის უდიდეს სახელმწიფოებრივ გამოცდას. ფაქტობრივად, აქ დგება საკითხი ჩვენში სახელმწიფო შედგა თუ არა. რამდენი შარახვეტიას მოუნდება პარლამენტში შეხტომა, დეპუტატებზე შეურაცხყოფის მიყენება და ა.შ. იმიტომ არსებობს სახელმწიფო, რომ ამ შარახვეტიებს მიუჩინოს ის ადგილი, რომელიც კანონის დარღვევის შემთხვევაში ელოდებათ. ამიტომ, ამ დღეებში დგას საქართველოს სახელმწიფოს პრესტიჟის საკითხი“, - აცხადებს გვენეტაძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, არც ერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, ვინაიდან, ამ დაუსჯელობამ მოიტანა 1991-92 წლების სამოქალაქო ომი, ამ დაუსჯელობამ მოიტანა 2003 წელს მეორედ სახელმწიფო გადატრიალება და ამ დაუსჯელობამ მოიტანა ის, რომ საქართველომ დაკარგა თავისი ისტორიული მიწები.
„ამიტომ, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ამ კანონის მიუღებლობა და მეორე, სახელმწიფოს მხრიდან არ მოქმედება. ყველა დარწმუნებული იყოს, რომ იმ ადამიანების უკან, რომელთაც ე.წ. გულანთებულ ახალგზრდებს უწოდებენ, რაშიც მე ეჭვი მეპარება, მათ უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გამოიყენებს ამ ე.წ. გულანთებულ ახალგაზრდებს და შემდეგ საზარბაზნე ხორცად აქცევს მათ. ვინაიდან, ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნება, რაც უნდათ ჩვენს დაუძინებელ დასავლელ „მეგობრებს“ გამოიწვევს საქართველოს ომში ჩაბმას, რაც იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის.
რაც შეეხება იმ ბეხრეწ დედაბერს და განცხადებას, სალომე ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რასაც დაავალებენ. მის სასახლეში რომ შეიჭრან, მიაყენონ შეურაცხყოფა, არავინ არ უნდა დაიჭირონ?! გაითვალისწინოს ყველამ, საქართველოს ერთიანობის ხელყოფა როგორც დიდი კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, არავის არ ეპატიება და არც არავინ აპატიებს. ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, უნდა იქნას დაკავებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ახლა სახელმწიფომ არ შეასრულა თავისი მისია, ჩათვალეთ, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო არ იარსებებს, რაც არც ერთი ჭეშმარიტი ქართველის ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.