მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს ხელისუფლებამ თავიდან თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა, რადგან საზოგადოების წინაშე მათი ლუსტრაცია მომხდარიყო. ახვლედიანი ამბობს, რომ პოლიციის გარკვეულწილად ჰუმანურმა და ლოიალურმა დამოკიდებულებამ აგრესიული აქციის მონაწილეების მიმართ, საზოგადოებას მათი რეალური სახის დანახვის საშუალება მისცა. ამის ნათელი მაგალითი გმირთა მოედნის გადაკეტვის დროს მიმდინარე ინციდენტები იყო, რომელიც აქციის მონაწილეებსა და მოსახლეობას შორის მოხდა.
ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო და აცხადებს, რომ შესაძლოა დაკავებულთა წრეც გაიზარდოს. ოპოზიცია კი ამას რეპრესიებად აფასებს და ცდილობს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გაასაღოს. რამდენად ელით, რომ პროცესები კიდევ უფრო დაიძაბება, რადგან არც ერთი მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს?
- პოლიტიკური დაძაბულობა გარკვეულწილად ისეთ ეტაპზე მივიდა, რომ ოპოზიციას უკანდასახევი ბევრი არაფერი აღარ აქვს. ის ხავსი, რომელსაც ამდენი ხანია ნაცკლასტერი ეჭიდება, შესაძლოა, ხელიდან გამოეცალოს. არსებობს დიდი ალბათობა იმის, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ დისკრედიტირებული აღმოჩნდეს საზოგადოების მიერ. ამ ფიასკოს შემდეგ, ის მარგინალიზების საბოლოო ეტაპზე გადავა. შესაბამისად, არჩევნების შემდეგ, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია გაქრება, როგორც სხვა ბევრი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში გამქრალა. ისინი ამას კარგად ხვდებიან, ამიტომ სიტუაციის დაძაბვას მაქსიმალურად შეეცდებიან, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ლობისტები დასავლეთიდან მათ ქმედებებს ახალისებენ. ისინი ცდილობენ ამ ე.წ. დასავლური მხარდაჭერით ისარგებლონ და პროცესების რადიკალიზება ბოლომდე შეძლონ. ამით გადათამამებულები თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობენ.
ხელსიუფლებამ რა უნდა ქნას იმისთვის, რომ საზოგადოება ოპოზიციის რევოლუციური გეგმის არსებობაში დაარწმუნოს?
- რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ეს პროპაგანდა და ახალგაზრდების მოტყუება მუშაობს. თუმცა იგივე თქვენი სააგენტოს მეშვეობით, სხვა მედია საშუალებებით და სუს-ის დახმარებით, დღის სინათლეზე უნდა გამოვიდეს ამ ადამიანების რეალური ზრახვები. აკერმანის და კანვასის ტრენერების მეშვეობით, რომ ეს რევოლუციური სცენარი იგეგმებოდა, ყველამ ვიცოდით, თუმცა ამის ფარულმა ჩანაწერებმა საზოგადოება, რომელსაც ამის არ სჯეროდა, ამაში დაარწმუნა. ეს უკვე საზოგადოებისთვის ბევრი რამის მთქმელია. ყველამ დაინახა, რომ ეს არავითარი გულწრფელი პროტესტი არ არის და ყველაფერი აკერმანის სცენარით მიდის. მას არაფერი საერთო ახალგაზრდების გულწრფელობასთან არა აქვს.
რაც შეეხება თავად ხელსიუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მკაფიოდ განაცხადა, რომ ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები ამიერიდან ევროპული და ამერიკული სტანდარტებით იმოქმედებენ. ლოიალობა ამ პოლიტიკურ რადიკალიზმს ნამდვილად არ ერგება, როდესაც ძალოვანი სტრუქტურები ყველანაირად ცდილობენ, ახალგაზრდები არ დაზარალდნენ და რამე არ იტკინონ. მაქსიმალურად ჰუმანურობას და ლოიალობას ვერ ირგებენ, პირიქით, ამაში თავის გამარჯვებას და ძლიერებას ხედავენ. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვის მცდელობა აღარ იმუშავებს და ამ ახალგაზრდების შეკავება მოხდება, მაგალითად, ის, რაც 10 მაისს ჭავჭავაძეზე მოხდა - როგორ ცდილობდა რამდენიმე ბავშვი გზის გადაკეტვას. ეს იყო ხელოვნურად მაგისტრალის პარალიზება, რაც კანონით ისჯება. პოლიციამ იმოქმედა ოპერატიულად, არ იქნებოდა ურიგო ასე მოქცეულიყო პოლიცია გმირთა მოედანზეც.
თქვენ ახსენეთ გმირთა მოედანი და მაშინ პოლიციის მხრიდან სიტუციისგან განრიდება, როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლებას ხომ არ სჭირდებოდა იმის საჩევნებლად, თუ ვინ იდგა ამ აქციის სათავეში, რა მიზნები ჰქონდათ რეალურად ამ ახალგაზრდებს და როგორ ხელოვნურად ციდლობდნენ სიტუაციის დაძაბვას? საზოგადოების ნაწილმა მმართველი გუნდი უმოქმედობაშიც კი დაადანაშაულა. აჩვენა „ოცნებამ“ დანარჩენ საზოგადოებას რომ ამ ახალგაზრდების ქმედებებს უფრო მკაცრი ხელი სჭირდება?
- ძალოვანების მხრიდან ლოიალობამ და ჰუმანურობამ თავისი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიიური როლი შეასრულა. როდესაც ამ რადიკალურ ფრთას მიეცა საშუალება საკუთარი თავი ბოლომდე გამოეხატა, ძალიან კარგად დაინახა საზოგადოებამ, რაზე არიან ეს ახალგაზრდები ხელის მომწერნი. რა არის მათი რეალური მიზანი, რას ემსახურებიან. მათი მიზანი არავითარი კანონი და გამჭვირვალობა არ არის, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში შექმნან არეულობა და რევოლუციური ვითარება. ამისთვის აბულინგებენ და, ატერორებენ მოსახლეობას, უმძიმეს ვითარებაში ჩააყენეს ხალხი. შინაგანად, ალბათ, ბევრ მოქალაქეს გაუჩნდა პროტესტი სად იყო პოლიცია, მაგრამ მეორე მხრივ, ამან იმუშავა, რადგან მოსახლეობამ დაინახა, რომ ეს უცოდველი ბავშვები კი არა, კარგად დატრენინგებული ნაცების პარტიული ნომენკლატურაა, რომლებიც ყველაფერზე არიან ხელის მომწერნი. ბევრი მიხვდა უკვე, რომ ეს გულანთებული ახალგზრდები არ არიან და შეცდომაში იყვნენ შეყვანილები.
სუს-მა გააფრთხილა საზოგადოება და ამ ახალგაზრდების მშობლები, რომ მათი შვილების გამოყენება სურთ პოლიტიკურად მოტივირებულ პირებს. ასევე საუბარია იმაზე, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველების შემოსვლა იგეგმება და სიტუაციის „მაიდანიზაცია“. ელით რომ უფრო მეტი შესაძლოა ამ მხრივ ამ დღეებში ცნობილი გახდეს?
- უკვე ძალიან ბევრი რამ გამოაშკარავდა და არ გამოვრიცხავ, რომ სხვა დაკავებებიც ვიხილოთ. მერამდენედ ხდება ცნობილი, რომ ქართული „ლეგიონის“ წევრები ჩვენს ქვეყანაში პუტჩისტური სურვილების განხორციელებას ცდილობენ. მოსმენილი გვაქვს ამ ტვინგახურებული ბოევიკების ნაწილისგან მუქარა, რომლებიც დახოცვას და გაჟლეტვას გვიპირებენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეს მოსალოდნელი გეგმა რეალისტური იყოს. ამიტომ, თუნდაც ის უჩა აბაშიძე, რომელიც იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, არსებობს ეჭვი, რომ უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან ამ გეგმაზე კონტაქტობდა. გასაგებია, რომ ის არის სპეციალური თამაშების ფედერაციის ხელმძღვანელი, თუმცა მოვიკითხე სპეცილისტებთან და მათ თქვეს, რომ ეს არ არის მხოლოდ სათამაშო იარაღი. ეს იარაღი რომ გესროლონ, ბრონის ჟილეტები, ჩაფხუტები და სპეციალური აღჭურვილობა უნდა გეცვას. მის გარეშე რომ ადამიანს ამ იარაღიდან ესროლო, შესაძლოა, სავალალო შედეგით დასრულდეს. ამიტომ არავინ იცის, ამ იარაღის გამოყენებას როგორ აპირებდნენ. შესაძლოა, აქციის მონაწილეები დაეზიანებინათ და პოლიციისთვის დაებრალებინათ.