„ივანიშვილმა როცა აღნიშნა, სამართლიანობას აღვადგენთო, მომიტინგეები სიხარულის ეიფორიამ მოიცვა, იმედი ვიქონიოთ, ახლა მაინც განხორციელდება მისი დანაპირები“

„ივანიშვილმა როცა აღნიშნა, სამართლიანობას აღვადგენთო, მომიტინგეები სიხარულის ეიფორიამ მოიცვა, იმედი ვიქონიოთ, ახლა მაინც განხორციელდება მისი დანაპირები“

29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა სამართლიანობის აღდგენის მორიგი დაპირება გასცა და ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ 2 ათწლეულის მანძილზე ჩადენილი დანაშაულის გამო „ნაცებს“ დაემუქრა, რითაც საკუთარი მომხრეებისგან ყველაზე მეტი ოვაცია დაიმსახურა. თუმცა იყვნენ ისეთნიც, ვინც უკვე მერამდენედ გაცემული სამართლიანობის აღდგენის დაპირების არ ირწმუნა, მათ შორის, სააკაშვილის რეჟიმის დროს დევნილი ემზარ კვიციანი.

კვიციანმა მიმართა ივანიშვილს, „რა სასიამოვნოდ ისმის, ბატონო ბიძინა, სიტყვები, რისი გაგონებაც გვსურს, მაგრამ რატომ არჩევნების შემდეგ?! დღესვე რატომ არა, ხომ ხართ ხელისუფლებაში?!“

რა ბერკეტები აქვს ხელისუფლებას, რომ ახლა მაინც შეასრულოს ერთ- ერთი მთავარი დაპირება? თუ ეს რევანშისტული ძალების მორიგი გაფრთხილებაა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან?

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი ადამიანი დააპატიმრა და ბევრი მათგანის მიმართ გამოცხადებულია სამართლებრივი ძებნა. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ წავიდა შუალედური გზით, თან ისეთ პოლიტიკას აწარმოებდა, არიქა, ჩვენ არ ვერჩით არავისო და თან აპატიმრებდა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ ყველაზე ცუდი ვარიანტი აირჩია მმართველმა გუნდმა. არადა, სამართლიანობის აღდგენა უნდა დაეწყოთ მაშინვე.

„ხელისუფლება ახლა გვარწმუნებს, არ იყო მაშინ სამართლიანობის აღდგენის საშუალებაო. როგორ არ იყო? კი ბატონო, წლების შემდეგ მაინც აღედგინათ სამართლიანობა, თუკი თავიდან მოერიდათ ვიღაცების გაღიზიანება. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ეს მარტო „ოცნების“ დამსახურება არ ყოფილა, ეს ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დამსახურებაც იყო. სენატორმა შაჰინმა თქვა, რიში და მე დავრბოდით სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არჩევნების აღიარების მიზნითო. იქ იქნებოდა პირობები, რომ სააკაშვილი ერთი წელი დარჩებოდა პრეზიდენტად და მერე არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში, უნდა წასულიყო ჩვენი ქვეყნიდან. ამის შემდეგ სააკაშვილი აღიარებდა არჩევნებში დამარცხებას. იმ პერიოდში ჩვენ გადაგვარჩინეს უცხოელმა პარტნიორებმა, დღეს რომ გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებს ივანიშვილი. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში ივანიშვილი ამ პირობას ვერ გადავიდოდა და სამართლიანობის აღდგენას ვერ დაიწყებდა, რადგან პირობა პირობაა, მაგრამ მერე მაინც ხომ შეეძლო ამ დაპირების განხორციელება, თუნდაც 2022 წელს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე და ფიქრობს, რომ დღეს უკვე ივანიშვილს დიდი პრობლემები აქვს.

პოლიტოლოგის აზრით, როგორც ჩანს, ოფშორების შესახებ კანონი მართლაც ეხება ივანიშვილს, რომელმაც ჩვენს პარტნიორებთან საბოლოოდ გაიფუჭა ურთიერთობა. ახლა ივანიშვილის სურვილია, სამართლიანობის აღდგენის დაპირებით ხალხი ისევ მიიზიდოს. ვახტანგ ძაბირაძე არც იმას გამორიცხავს, არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში თუკი მოვა, შეიძლება მართლაც დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა.

„სხვათა შორის, ძალიან ბინძური იქნება წინასაარჩევნო კამპანია, ეს იქნება ერთ-ერთი უბინძურესი კამპანია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები სამართლიანობის აღდგენის კუთხით, ზოგმა ქონება ვერ დაიბრუნა, ზოგს შურისძიება ამოძრავებს, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ ქართული საზოგადოებისთვის მეტ- ნაკლებად მისაღები რომ იყოს, ივანიშვილი დამთავრებული იქნებოდა. პრობლემა ისაა, რომ „ნაცმოძრაობა“, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ მიუღებელია ბევრი ამომრჩევლისთვის“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ და დასძინა, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი საკმაოდ პროვოკაციულია. როდესაც შენ წინასწარ აანონსებ, რომ არჩევნების შემდეგ მოწინააღმდეგე უნდა დაიჭირო, მაშინ შენი მოწინააღმდეგე ან უნდა გაიქცეს, ან უნდა შეგებრძოლოს. ამიტომაცაა პროვოკაციული ეს განცხადება. ისე, ზოგადად, „ქართული ოცნება“ ეცდება, პროვოცირება გაუწიოს ოპოზიციას.

„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ უკვე 16 წელიწადია გასული და რატომღაც ახლა შედგა სასამართლო როინ შავაძის მკვლელებთან დაკავშირებით. არადა, 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“, ოთხი წლის მომხდარი იყო ეს ტრაგედია. რაც შეეხება ლაფანყურის მოვლენებს, 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ჩაიდინეს ეს სისხლიანი დანაშაული „ნაცებმა“ და დღემდე არ არის გამოძიებული, სასამართლო პროცესი არ შემდგარა ლაფანყურის შესახებ.

„ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ დაგვპირდა სამართლიანობის აღდგენას და, როცა მან ჩამოთვალა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით ეს ჩვენ ვერ გავაკეთეთო, მთელ მომიტინგეებს ერთდროული ყვირილი აღმოხდათ. იმედი ვიქონიოთ, ახლა მაინც განხორციელდება ბიძინა ივანიშვილის დანაპირები ამ კუთხით. ცხადია, თავის დროზეც დიდი იმედი გვქონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობას აღადგენდა, ჯერ კიდევ 2013 წელს ლაფანყურის შესახებ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა კიდეც და იმდროინდელმა მინისტრმა ღარიბაშვილმაც განაცხადა, სულ მალე ადამიანები გაიგებენ იმ საშინელებას, რაც მოხდა ლაფანყურშიო. თუმცა იმ პერიოდიდან მოყოლებული, 13 წელი გავიდა“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.

ანალიტიკოს დემურ გიორხელიძის აზრით, მსგავსი დაპირებები ილუზორულია.

„35 წლის განმავლობაში ჩვენი ხალხი თავს იტყუებს. ისინი იმ მდგომარეობამდე არიან მიყვანილნი, რომ გარბიან საკუთარი ქვეყნიდან. ამის მიუხედავად, მაინც ხალხს თავიანთი ილუზიების და ბელადების სჯერა, ასეთი ხალხის მომავალი ძალიან ბნელი და საშიშია“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ for.ge- სთან საუბრისას.

amo პეტრე მამრაძის აღნიშვნიდან გამომდინარე ხელისუფლება, საკუთარი მოსახლეობისგან, შემოლაწუნების ღირსია, არა და შემოსალაწუნებლად სხვები ჩამოდიან. ამიტომ ხელისუფლებამ, სანამ კიდევ გვიან არა არის, უნდა იჩქაროს დაპირებების შესრულება
6 თვის უკან