წითელ ზღვაში ვითარება უფრო იძაბება, საქართველოზე გამავალ დერეფანზე მოთხოვნა კიდევ გაიზრდება

წითელ ზღვაში ვითარება უფრო იძაბება, საქართველოზე გამავალ დერეფანზე მოთხოვნა კიდევ გაიზრდება

შუა დერეფანზე მოთხოვნა არნახულად იზრდება. გლობალური საერთაშორისო გამოცემები ამ დერეფნის გაძლიერებული როლის შესახებ სისტემატურად წერენ. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ წითელ ზღვაში ლოგისტიკური კრიზისი წლის ბოლომდე გაგრძელდება და ამან შესაძლოა, ტვირთების გადაზიდვაში დამატებითი შეფერხება გამოიწვიოს. ზოგიერთმა კომპანიამ უკვე გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით და სხვა მარშრუტზე გადაერთოს.

ყაზახეთში ევროკავშირის ელჩმა კესტუტის იანკაუსკასმა განაცხადა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანზიტო ტვირთის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა. ჩინეთსა და ევროკავშირს შორის სახმელეთო ტვირთის უმეტესი ნაწილი ტრანზიტით ყაზახეთის გავლით გადის, ხოლო ათწლეულების განმავლობაში ეს სავაჭრო ნაკადი რუსეთის გავლით, ჩრდილოეთ მარშრუტით გადიოდა.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე კვლევამ დაადგინა, რომ ამ მარშრუტზე სატვირთო მიმოსვლის გასამმაგების დიდი პოტენციალი არსებობს.

„ეს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის ვაჭრობისთვის. ასევე, ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლის ტრანზიტი უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე საზღვაო გზით“, - განაცხადა იანკაუსკასმა.

შუა დერეფანზე განსაკუთრებულ მოთხოვნას სტიმულს აძლევს ისიც, რომ წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენების გამო საერთაშორისო ვაჭრობაში შეფერხებები შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ამაზე უკვე ხმამაღლა საუბრობენ.

კომპანია „მაერსკის“ ხელმძღვანელმა, ვინსენტ კლერკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წითელ ზღვაში არსებული ვითარების გამო საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხებები არ იქნება ხანმოკლე და ის მინიმუმ, წლის მეორე ნახევრამდე გაგრძელდება. ზოგიერთმა კომპანიამ უკვე გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრანსპორტირება წითელი ზღვის გავლით.

„მაერსკის“ ხელმძღვანელის განცხადებით, წითელ ზღვაში დაძაბულობის განმუხტვის ნიშნები არ შეინიშნება, ხოლო კეთილი იმედის კონცხის გვერდის ავლით მარშრუტი უფრო მეტ დროს მოითხოვს, რაც კომპანიებს უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე მარშრუტი სუეცის არხით. კლერკის თქმით, გადაზიდვის ხარჯების ასეთმა ზრდამ შესაძლოა, ინფლაციური ზეწოლა გამოიწვიოს, რომლის გადალახვაც რთული იქნება.

ჰუსიტებმა, რომლებიც იემენის წითელი ზღვის სანაპიროს უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, დიდი ხნის წინ გამოაცხადეს მხარდაჭერა პალესტინის მიმართ და მზადყოფნა გამოთქვეს, ისრაელთან დაკავშირებულ ნებისმიერ გემს თავს დაესხან.

ქართველი გადამზიდავები შუა დერეფნის გაზრდილ პერსპექტივას ოპტიმისტურად უყურებენ და აცხადებენ, რომ გარკვეული სიძნელეების მიუხედავად, პოზიციების გამყარება მაინც შეძლეს იმასთან შედარებით, რა მოცემულობაც გასულ წლებში იყო. „ივექს ლოგისტიკის“ დირექტორის ლევან თათარაშვილის შეფასებით, ამ დროისთვის განსაკუთრებით აშშ-ს და ევროპის მიმართულებით გადაზიდვებზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი, რაც სწორედ წითელ ზღვაში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება.

„მართალია, ტვირთების გატარების კუთხით არსებული ვითარება ჯერჯერობით რთულია, თუმცა გარკვეული წარმატებაც გვაქვს. ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი გავლენა ავტობანის გახსნამ იქონია. 2023 წლის მეორე ნახევრიდან სიტუაცია მეტ-ნაკლებად მოგვარდა, თუმცა რა მოცულობის ტვირთიც გადაიზიდება, ლამის 10-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რა მოთხოვნაც არსებობს.

გეოგრაფიულმა მდგომარეობამ განაპირობა ჩვენი როლის გაძლიერება. ასევე სავაჭრო ურთიერთობებმა ევროპისა და აზიის ქვეყნებთან. შუა აზიის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს ვაჭრობა ევროპასთან, რუსეთი დიდწილად სანქცირებულია და ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია გაძლიერდა. ინფრასტრუქტიურა რომ გვიწყობდეს ხელს, ნამდვილად 3-ჯერ მეტი ტვირთი უნდა გადაიზიდოს, ვიდრე ამას დღეს ვახერხებთ“, - განცხადა თათარაშვილმა.