„ვიღაც რომ გადაძვრა რკინის კარებზე და ჩავარდა შიგნით ეზოში, ვიფიქრე, ახლა მთელი მსოფლიო დააბრალებს ქართულ პოლიციას, როგორთუ არ დაახვედრეს იმ უბედურს ხალიჩა და არ უზრუნველყვეს მისი რბილი დაცემა. ასეთ უსამართლობასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.
ვაშინგტონი არ არის მოსკოვი. შესაბამისად, გაუგებარია, რას ნიშნავს ულტიმატუმითა და დათქმებით საუბარი ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით და მოთხოვნა, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება შეაჩერონ? თუკი ჩვენი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ ქართულია და საქართველოსთვისაა განკუთვნილი, მაშინ ამერიკაში რატომ უნდა განიხილებოდეს სუვერენული ქვეყნის კანონების მიზანშეუწონლობა?
- დავიწყოთ იმით, რომ, სამწუხაროდ, ამერიკის ქალბატონმა ელჩმა აშკარად თაღლითობა ჩაიდინა. მას რომ ეთქვა, რომ ჩვენ, ამერიკის ხელისუფლებამ, სახელმწიფო დეპარტამენტმა მივმართეთ საქართველოს მთავრობას, როგორც პარტნიორს, გთხოვთ, დროებით შეაჩეროთ ამ კანონის განხილვა, ჩამობრძანდეთ ჩვენთან, ერთად დავსხდეთ და განვიხილოთ პარტნიორობისა და უსაფრთხოების საკითხები და შემდეგ უკვე თქვენ დაბრუნდით საქართველოში და თავად გადაწყვიტეთ „გამჭვირვალობის კანონი“, ეს ბევრად უფრო გასაგები ნათქვამი იქნებოდა. თუმცა ეს არ თქვა ამერიკის ელჩმა, მან თქვა, ჩვენ დაპატიჟებული გვყავდა ქართველი პარტნიორები, მაღალჩინოსნები ასეთი შეხვედრისთვის და უარი მივიღეთო. საქართველოს საგარეო უწყება იძულებული გახდა სრულყოფილი განცხადება გაეკეთებინა, რომ ასეთი დათქმები, შენ გააჩერე კანონპროექტის განხილვა შენს პარლამენტში და ჩამოდი ჩემთან, სულაც არ ეთანხმება პარტნიორობის სულისკვეთებას. ეს არის ზუსტად ის, რასაც ადრე ერქვა წითელ ხალიჩაზე გამოძახება და გაკიცხვა. რას ჰქვია, საქართველო დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანაა, თავისი პარლამენტი ჰყავს და კონსტიტუციის მიხედვით, მიმდინარეობს კონკრეტული საკითხის განხილვა. როგორ ეუბნები, ახლა შეაჩერე ამ კანონპროექტის განხილვა, რადგან მე უნდა გელაპარაკო?! რატომ თქვა პრეზიდენტმა მაკრონმა შარშან, ჩინეთიდან რომ დაბრუნდა, დიახ, ჩვენ ვართ შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობები, მაგრამ პარტნიორობა არ ნიშნავს ვასალობას. სადამდე უნდა მიიყვანო საფრანგეთი, ეს ბირთვული ქვეყანა, რომ იძულებული გახადო მისი პრეზიდენტი, ასეთი რამ თქვას.
ცალკეული ევროპელი დეპუტატები აღიარებენ, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ამდენი ჩარევით ართმევენ სუვერენიტეტს. მაგალითად, ევროპარლამენტარი კლერ დეილი პირდაპირ ამბობს, „ოდესმე შევწყვეტთ ჩარევას და ქართველებს მივცემთ საშუალებას, თავად აშენონ მომავალი“?
- დიახ, არიან პატიოსანი ევროპარლამენტარებიც, მათ შორის, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც წლების წინ დაწერა სტატია, სახელწოდებით, „როგორ ამოვაშროთ ევროგაერთიანების ჭაობი“. მართალია, მან დაწერა ევროგაერთიანების სრულ კორუმპირებულობაზე, მაგრამ იმის შემდეგ იმდენი სკანდალი მოხდა, კატარგეიტის ჩათვლით, რის გამოც ჩვენზე ბევრად მკაცრი კანონის განხილვა დაიწყეს ევროპაში, რადგან, როგორც ჩანს, ეს ჭაობი არათუ შრება, არამედ ღრმავდება.
საპროტესტო აქციაზე მდგარ ადამიანთა უმეტესობას „ნაცები“ არ მოსწონს, მაგრამ „გამჭვირვალობის კანონიც“ არ უნდათ. რატომ ვერ აცნობიერებენ იმას, რომ „ნაცებმა“ თუ მოახერხეს რევანში, აღარავინ დაეკითხება აქციაზე მდგომებს, რა პერსპექტივა სურთ საქართველოსთვის, „ნაცები“ ხალხის მაგივრად მიიღებენ გადაწყვეტილებებს „ნულოვანი ტოლერანტობის“ კონტექსტში, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.
- როდესაც ასეთი ემოციური ტალღა წამოიწევს ნებისმიერ ერში, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ეს, საფრანგეთი, თუ ყველაზე განვითარებული ქვეყნები, მაშინ კრიტიკული აზროვნების იმედად ყოფნა შეუძლებელია. ადამიანები იწყებენ თავიანთი ჯიგარით, შიგთავსით, ემოციით აზროვნებას. დღესაც ბევრ ადამიანში დაისადგურა სრულიად ყალბმა წარმოდგენამ იმასთან დაკავშირებით, თითქოს ევროპაში ვეღარ შევალთ ამ კანონის გამო, თითქოს კანონი რუსულია, ხოლო ამ კანონს თუ არ მივიღებთ, მაშინ შევალთ ევროპაში, სინამდვილეში, ორივე აბსურდული ტყუილია, როგორც თავის დროზე იყო ტყუილი, არიქა, სააკაშვილს აწამებენ, აშიმშილებენ, სვენებ-სვენებით კლავენ, ნავლნის მსგავსადო. ამას ტირაჟირებდნენ მთელი დასავლეთის პრესა და უცხოეთის ლიდერები. ახლა ისევ სიცრუის ტირაჟირებაა მსოფლიოს მასშტაბით, თურმე საქართველო ღებულობს კანონს, რომელიც თითქოს ერთადერთი დაბრკოლება ხდება ევროგაერთიანებაში სრული გაწევრიანების გზაზე, სხვა ყველაფერი თურმე მოგვარებულია.
ერთი მხრივ, ლომჯარია გაფიცვისკენ მოუწოდებს ხალხს, მეორე მხრივ, „ნაცმოძრაობის“ წევრები რადიკალიზმს ავლენენ და მოითხოვენ, რომ ხელისუფლებასთან ერთადერთი მოლაპარაკების საგანი სახელისუფლებო მართვის სადავეების მათთვის გადაბარება იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ზღვარი, სად მთავრდებიან არასამთავრობოები და სად იწყებიან ოპოზიციონერი რადიკალები? რატომღაც ვამაყობთ, რომ სულ სხვა თაობა მოდის, რომელიც თავს არავის გამოაყენებინებს, მაგრამ ამის ნიველირებაც ხომ არ ხდება ამ დღეებში?
- ახალგაზრდები ვერ ხვდებიან, რომ მათ იყენებენ, ახალგაზრდებს ვერაფერს მოვთხოვთ, როცა ასეთ ეიფორიაში არიან, თანაც ცნობილ ნჯო-ებში შემოსულია ძალიან დიდი ფული, რაზეც ისაუბრა ირაკლი კობახიძემ, მრავალ მილიონზეა საუბარი. ეს ფულადი ნაკადი კი მხოლოდ იზრდება. ამიტომაც ვიხილეთ გეგმა, რომ პოლიციასთან უნდა ყოფილიყო სასტიკი შეჯახება, რათა ვიღაც დაღუპულიყო, მოდიოდნენ აირწინაღებით, მუზარადებით, სავსე ზურგჩანთებით, თავს უნდა დასხმოდნენ პოლიციას. ცხადია, პოლიცია იძულებული იქნებოდა, მიეღო ზომები და ძლიერი შეტაკება მოხდებოდა. რადიკალების აზრით, ხალხი მაშინ იხუვლებდა, მასობრივად გავიდოდა ქუჩაში და დამთავრდებოდა ყველაფერი. ამის ნაცვლად მთავრობამ მოახერხა, რომ ჩაიკეტა შიგნით, პარლამენტში, და ვნახეთ, როგორი ვანდალებიც არიან რადიკალური ჯგუფები, როგორ ამტვრევდნენ ყველაფერს, აწყობდნენ ხანძრებს გარშემო. ამის შემდეგ უტიფრად და ურცხვად, როგორც მათი ტელევიზიები, ისე საზღვარგარეთის მრავალი სააგენტო თუ მოღვაწე ამბობდა, თითქოს ეს მშვიდობიანი გამოსვლა იყო და პოლიციას თურმე დაურბევია. საინტერესოა, როგორ დაარბია ეს „მშვიდობიანები“ შიგნით მყოფმა პოლიციამ?! ადრეულ წლებში თვითონ უცხოელები მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს, არავითარ შემთხვევაში, არ დაერღვიათ წესრიგი, ახლა ასეთი მოწოდებებიც არ ყოფილა. ტანში მზარავს იმაზე ფიქრი, ნოუ-იორკში ან ვაშინგტონში ვინმეს ასე გადაეკეტა ქუჩა, როგორც გადაკეტეს ძირითადი სატრანსპორტო ხაზი საქართველოში, ხუთ წუთში გაწმენდილ იქნებოდა სატრანსპორტო ხაზი ამერიკაში. კამპუსები რომ ალაგმეს შეერთებულ შტატებში, თავისთვის ხალხი იჯდა გაშლილ კარვებში, დაესხნენ თავს, უნივერსიტეტებში შევარდნენ მიდგმული კიბეებით პოლიციელები, ალაგმეს სრულიად მშვიდობიანი აქცია. საქართველოში კი საპირისპირო ვითარებაა. ვიღაც რომ გადაძვრა რკინის კარებზე და ჩავარდა შიგნით ეზოში, ვიფიქრე, ახლა მთელი მსოფლიო დააბრალებს ქართულ პოლიციას, როგორთუ არ დაახვედრეს იმ უბედურს ხალიჩა და არ უზრუნველყვეს მისი რბილი დაცემა. ასეთ უსამართლობასთან გვაქვს საქმე.
ხელისუფლების შეცდომებსაც შევეხოთ. ხელისუფლებას არ უნდა გაეთვალა, რომ უცხოეთიდან გარანტიების გარეშე არ უნდა მიბრუნებოდა ამ კანონს?
- მეტსაც გეტყვით, გამჭვირვალეობა აუცილებელია. ადრეც მითქვამს თქვენთვის, რომ მითარგმნია იმ უცხოელი ანალიტიკოსების ცნობილი სტატიები, რომლებიც წერდნენ, რომ საქართველოში დადგა ენჯეოკრატიის ეპოქა, რომ ეს ენჯეოკრატია ფრიად მავნეა ერისა და სახელმწიფოსთვის, რადგან ისინი ბლოკავენ ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას და საკუთარ თავს ასაღებენ სამოქალაქო საზოგადოებად. გარდა ამისა, ისეთ პრიორიტეტებს ასახელებენ, რომელიც სულაც არ არის ქართველი ხალხის და ერის ინტერესებში. ვიცოდი, რომ ეს კანონი ააფეთქებდა საქართველოს და სალაპარაკოს მისცემდა უცხოეთს.
სავარაუდოდ, ხელისუფლება ელოდება, როდის ამოწურავს საპროტესტო აქციები საკუთარ თავს?
- ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ ამოწურა აქციებმა საკუთარი თავი. იმ ღამით აპირებდნენ ხელისუფლების გადატრიალებასა და გასტუმრებას, რასაც ამბობდა გვარამია. კიდევ კარგი, პოლიცია შევიდა შიგნით და შიგნით გამაგრდა, თორემ გამოიწვევდნენ შეტაკებებს, ამას გადაიღებდნენ, ტელევიზიით აჩვენებდნენ, იმედი ჰქონდათ, ხალხი იხუვლებდა. სამაგიეროდ, ყველამ დაინახა, როგორი ვანდალები არიან ესენი და რას უშვებიან ადმინისტრაციულ შენობებს, სახელმწიფო ქონებას, უმოწყალოდ არბევენ, თითქოს ჩამოსული მტრები იყვნენ და არა ქართველები. ფული შემოდის და შემოდის. ესენი აქციებს არ დაასრულებენ მანამ, სანამ არ მოხდება მათი მარგინალიზაცია. ამ დღეებში რამდენი მძღოლი გაამწარეს, როცა გადაკეტეს გზები. რამდენ ადამიანს მოუწია სხვა გზების ძებნა, ზოგი აეროპორტში მიდიოდა, ზოგს შვილი ჰყავდა ავად და გამოსული იყო წამლის საშოვნელად. სამაგიეროდ, გამოვიდა და ყვიროდა ერთი ქალბატონი, „ვისაც დისკომფორტი ექმნება ჩვენი აქციით, ის ქოციაო. თუ ამ პროცესში თანდათან პროტესტის ორგანიზატორებმა დაინახეს, რომ ხდება მათი და „ენჯეოების“ მარგინალიზაცია, ამან შეიძლება შეაწყვეტინოს აქციები. მსგავსი რამ მომხდარა საქართველოში. თუ ისინი უფრო და უფრო ააგორებენ ხალხის რაოდენობას ქუჩაში და, ღმერთმა ნუ ქნას, პოლიციას დააშვებინებენ შეცდომას, მაშინ უფრო მეტს გაბედავენ. პოლიცია ვალდებული იყო გმირთა მოედანზე გაეწმინდა და გაეთავისუფლებინა გზა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნებოდა პოლიციის უფლებამოსილების შეუსრულებლობა და გულგრილობა. თუმცა პოლიციამ დაიწყო თუ არა მოედნის გაწმენდა, ორგანიზატორებმა უფრო მეტი ხალხი მიუსიეს. კიდევ კარგი, პოლიციამ უკან დაიხია. აშშ-ში სხვა ვითარებაა. იქ მკაცრად უსწორდებიან პროტესტანტებს გზების გადაკეტვის გამო. 1992 წელს ამერიკაში გახლდით და ვუთხარი ამერიკელ სენატორს, საქართველოში პროტესტის ნიშნად რკინიგზა გადაკეტეს-თქო. ვერ დაიჯერა, რას ჰქვია, რკინიგზა გადაკეტეს, ეს ხომ ეროვნული ეკონომიკის დანგრევაა და არა მთავრობის მიმართ პროტესტიო, ჩვენთან ეს რომ მოხდეს, ეროვნული გვარდია 10-15 წუთში აღადგენს მოძრაობას და გააკეთებს ისე, ვინც ეს ჩაიდინა, ცხოვრების ბოლომდე ამის სურვილი აღარ ექნებაო.