საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. აწ უკვე ყოფილი დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით. როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ის გარემოება და განწყობა, რომელიც „რეინკარნირებული კანონპროექტის გამო“ ქვეყნის მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას.
„პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს. მესმის, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად, თუმცა მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს. უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება.
ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ, ვეღარ ვერევი“, - წერს გოჩა ჯავახიშვილი.
აღსანიშნავია, რომ გოჩა ჯავახიშვილს წლების განმავლობაში ეკავა დესპანის თანამდებობა საფრანგეთის საელჩოში, რომელიც დაახლოებული პირია სალომე ზურაბიშვილთან. მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, დესპანი ჯავახიშვილი ელჩის თანამდებობაზე დანიშნა. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, for.ge-ს ინფორმაციით, ჯავახიშვილი ჯანმრთელობის გაუარესობის გამო გეგმავდა თანამდებობიდან წასვლას, თუმცა უშუალოდ ზურაბიშვილის მოთხოვნით გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით ახსნა.
გოჩა ჯავახიშვილის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიეკრი ნინო წილოსანი, რომლის შეფასებით, „ელჩყოფილისთვის“ თავისი რეკომენდატორის ზარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფრანგეთის ქვედა პალატის მიერ მიღებული გამჭვირვალობის „რუსული კანონი“. for.ge-ს ინფორმაციით, ჯავახიშვილის მსგავსად დიპლომატის პორტფელის ჩალაგებას ის ელჩებიც გეგმავენ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის რეკომენდაციით არიან დანიშნული.
რა თქმა უნდა, ჯავახიშვილის გადაწყვეტილება მოუწონა პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა და მოუწოდებს სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის მის დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს.
„ამას უსათუოდ დაგიფასებთ საზოგადოება, ის თაობა, რომელიც დღეს იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად. დღეს კიევში გაიჟღერა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებამ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასა და მოლდოვასთან და იმედია, მათ მალე შეუერთდებიან საქართველო და ბელარუსი. ამასაც მივაღწიეთ, რომ ვართ ერთ დონეზე ბელარუსთან. ეს მოგვწონს? ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი? კარგად დაფიქრდით და ნუ გაწირავთ სამშობლოს!“, -წერს მიხეილ სააკაშვილი.
„ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი მოუწოდებს დიპლომატებს, რომლებსაც, მისი თქმით, აქვთ ღირსება, „რუსულ ხელისუფლებას რუსული დავალების“ შესრულებაზე უარი უთხრას. მისივე თქმით, ევროკავშირი სწორედ იმისთვის დაარსდა, რომ ევროპულ კონტინენტზე ფაშიზმი და მეორე მსოფლიო ომი აღარ განმეორებულიყო და საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, მსგავს დაცულ სივრცეში შეაღწიოს.
„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან ზეწოლა გაძლიერდება და ეს ყველაფერი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ დემოკრატიული გზით, ამ ქვეყანას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავაბრუნებთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯავახიშვილის ნაბიჯი მნიშვნელოვანი სიგნალია და შეუძლებელია დიპლომატიურ სამსახურში ყველა პროფესიონალმა არ გაიაზროს, რას ნიშნავს იზოლაცია დასავლეთისგან, ავტორიტარიზმის დამყარება, გადაქცევა რუსეთის ვასალად. ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია, რომ გოჩა ჯავახიშვილი ჩემოდნების ამოლაგებასაც ვერ მოასწრებს, რომ მას უკან მოუწევს დაბრუნება დიპლომატიურ მისიაში, ამჯერად არა ივანიშვილის რუსული რეჟიმის, არამედ ახალი კოალიციური მთავრობის პირობებში.
„დღეს არსებულ ფონზე, შეუძლებელია დიპლომატიურ სამსახურში ყველა პროფესიონალმა არ გაიაზროს თუ რას ნიშნავს საქართველოს იზოლაცია დასავლეთისგან და რას ნიშნავს საქართველოსთვის ავტორიტარიზმის დამყარება, ამიტომ გოჩა ჯავახიშვილის ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი სიგნალი საქართველოს დიპლომატიური კორპუსისთვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს უკლებლივ ყველა პატრიოტი, პროფესიონალი მოქალაქე და დიპლომატი ხმას ამოიღებს იმ ისტორიული უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჩადის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით არაერთი დიპლომატი არის დანიშნული სხვადასხვა საელჩოში და შესაბამისად, უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში არჩევნებამდე მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ასევე, ექნება პოლიტკური ელფერი.
„საკმაოდ პირადული ხასიათის ინფორმაცია გაჩნდა სოციალურ ქსელში და გავიგეთ, რომ საკმაოდ ავად არის გოჩა ჯავახიშვილი. ამ ავადმყოფობის გამო სრულყოფილად თავის მოვალეობას ბოლო ხანში ვერც კი ასრულებდა. მას შეეძლო ავადმყოფობის გამო დაეწერა განცხადება გადადგომის შესახებ და ეს ყველასთვის მისაღები იქნებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მან ვერ გაუძლო ზეწოლას სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც თავის დროზე იყო მისი რეკომენდატორი, როდესაც დააწინაურა გოჩა ჯავახიშვილი, რომელიც ელჩის თანამდებობამდე დესპანის თანამდებობას იკავებდა იმავე საელჩოში.
ანუ, როგორც ჩანს, უბრალოდ, ვერ გაუძლო ამ ზეწოლას და თავის გადადგომას მისცა პოლიტიკური დემარში, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა მოსალოდნელიც იყო. იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით არაერთი დიპლომატი არის დანიშნული სხვადასხვა საელჩოში და ალბათ, უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში, არჩევნებამდე, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ასევე ექნება პოლიტიკური ელფერი. თუმცა, რაც მოხდა, მოხდა. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც დაკავშირებულია ამ ადამიანის პირად ტრაგედიასთან, რომელიც უბრალოდ, გამოიყენა ამ ვერაგმა ძალამ ამ სიტუაციაში სალომე ზურაბიშვილის სახით იმისთვის, რომ პოლიტიკური დივიდენდები მოეხვეჭათ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
რამდენად აზარალებს პოლიტიკურ პროცესებს დიპლომატების დემარში, ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუმცა ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსში და ზოგადად, ხელისუფლების სტრუქტურებში ვიღაცებისთვის ეს შეიძლება აღმოჩნდეს ეროზიის საწყისი ნიშნები.
„გასაგებია, რომ ამას გააბუქებს ოპოზიციური მედია, მათი ექსპერტები შეეცდებიან ერთი კონკრეტული შემთხვევა რაღაცა ტენდენციის დასაწყისად წარმოაჩინონ, როგორც სჩვევიათ ხოლმე. ვნახოთ, არ გამოვრიცხავ, რომ მსგავს შემთხვევებს კიდევ ჰქონდეს ადგილი. ასეთ ვარიანტს არ გამოვრიცხავდი.
შეიძლება ასეთი რამე მოხდეს, თუ მათზე წავიდა ზეწოლა, თუ მათ დაინახეს, რომ სიტუაცია ხელისუფლებისთვის არასაკეთილდღეოდ იცვლება და შესაბამისად, ისინი შეეცდებიან ახალი პოლიტიკური ძალის ხელში ქულები ჩაიწერონ, რომ შემდგომ რაღაცა შანსები ჰქონდეთ, არ გამოვრიცხავდი ასეთ ვარიანტს.
თუმცა, არა მგონია, რომ ასეთები ბევრი აღმოჩნდეს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საელჩოებში მაღალ თანამდებობებზე, ვგულისხმობ კონსულებს, დესპანებს და ცალკეულ ელჩებს, ამ ხელისუფლების მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, კეთილგანწყობილნი არ არიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.