„ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დაამტკიცოს შესაბამისმა ექსეპერტიზამ, თუმცა, ამ ჩანაწერების გარეშეც, ოპოზიციის ლიდერების განცხადებები და მოქმედებები იძლეოდა იმის ვარაუდს, რომ ისინი აპირებენ რევოლუციურ სცენარზე წასვლას და ეს გაამყარა მიხეილ სააკაშვილის განცხადებამაც - ის ამბობს, რომ არჩევნებზე დიდი იმედის დამყარება არ უნდა მოხდეს. ეს, ფაქტობრივად, იყო მოწოდება, რომ ოპოზიცია წავიდეს რადიკალური სცენარით“, - განაცხადა For.ge-სთან ინტერვიუში ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ.
ბოლო დღეების განმავლობაში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ლიდერების, ასევე სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით ფარული ჩანაწერები ვრცელდება. როგორ ფიქრობთ, იყო/არის თუ არა ოპოზიციის გეგმა ქვეყანაში მორიგი რევოლუციის მოწყობა?
- ბოლო პერიოდში, ოპოზიციაში ორი მიმართულება გამოიკვეთა: შედარებით ზომიერი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მომხრე არიან, თუნდაც ამ პროტესტის ფონზე, ქვეყანა არჩევნებამდე მივიდეს - იქ გადაწყდეს ქვეყნის ბედი და მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. მეორე - უფრო რადიკალური დაჯგუფებაა, რომლის ავანგარდშიც „ნაცმოძრაობა“ და მისი დანაყოფები დგანან - გვარამია-მელიას პარტია, „გირჩი-ჯაფარიძე“, „დროა“ და სხვები, რომლებიც უფრო რადიკალურ სცენარს ემხრობიან იმისათვის, რომ წავიდნენ რევოლუციური გზით. თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდება, სწორედ იმ განწყობებს ასახავს, რაც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილშია.
ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები იმისა, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მობილურ ტელეფონებზე დაურეკეს და მათი მისამართით იყო მუქარა და დაშინება. ასევე, სცემეს დიმიტრი ჩიქოვანსა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ძმას. არის თუ არა ეს „ქართული ოცნების“ ახალი სტრატეგია ოპოზიციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რაზეც თავად ოპოზიციონერი ლიდერები მიუთითებენ?
- რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, სანამ გამოძიების შედეგები არ გვეცოდინება. ეს შესაძლოა ყოფილიყო ზედმეტად თავგამოდებული ხელისუფლების მომხრეების ნამოქმედარი, ანდა თავად ოპოზიციისა, რომ მინავლებისკენ წასული საპროტესტო მუხტი ისევ გამოეღვიძებინა და დასავლეთისთვის ეჩვენებინათ, რომ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ძალადობრივი და არადემოკრატიულია.
ეს ინციდენტები საერთაშორისო დამკვირვებელთა ანგარიშებში აუცილებლად მოხვდება და თუ გადაწყვიტეს, რომ არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარდა, ეს ყველაფერი არჩევნების მეორე დღეს იქნება გამოყენებული, როგორც ერთ-ერთი ხელასაჭიდი მასალა. ასე დავსვათ საკითხი: ვის აძლევდა ეს ხელს, „ქართულ ოცნებას“ თუ ოპოზიციას, რომელიც ახლა მიკროფონებთან და ტელეკამერების წინ არის გამოფენილი და ცდილობს ამ ყველაფერზე პოლიტიკური ქულები დაიწეროს? ვფიქრობ, რომ გამოძიებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გასცეს პასუხი დაგროვილ კითხვებს.
რას ფიქრობთ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე, რომ შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, „რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ“. იყო თუ არა დღეს ამის აუცილებლობა და რა შედეგს მოიტანს მსგავსი ბაზის შექმნა საპროტესტო აქციების ფონზე?
- ვფიქრობ, რომ ამ ბაზაში მოხვდებიან ის ადამიანები, ვინც დადასტურებულად არიან მხილებული ოპონენტების ბულინგიში, ფსიქოლოგიური წნეხის განხორციელებაში და ა.შ.
ამ მოვლენების ფონზე, სარგებლის მომტანად არ მიმაჩნია შავი სიების გაკეთება და ბაზების შექმნა. თუმცა, ნებისმიერი ქმედება შობს კონტრ-ქმედებას. მიდის პოლიტიკური ბრძოლა, ნერვების ომი და ა.შ. როდესაც ერთი მხარე ასეთ მეთოდებს იყენებს, ხელისუფლებამაც გადაწყვიტა, რომ ზუსტად სარკისებური მეთოდით ეპასუხა. რამდენად ეფექტური აღმოჩნდება, ამას დრო გვიჩვენებს.
არსებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესები რა ასახვას ჰპოვებს მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორ ფიქრობთ?
- ეს, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ მომხრეების მობილიზაციას შეუწყობს ხელს, ხოლო მეორე მხრივ, ამომრჩეველი, რომელსაც არც „ქართული ოცნება“ მოსწონს და არც „ნაცმოძრაობა“ თუ მის ორბიტაზე მბრუნავი ოპოზიცია, შესაძლოა სახლში დარჩეს. ასე რომ, სცენარი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ასევე, ამომრჩეველი, რომელიც დაინახავს, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალების“ დაბრუნების საფრთხე არსებობს, არჩევნებზე მივა ერთადერთი მიზნით, რომ არ დაუშვას ხელისუფლებაში „ნაციონალების“ დაბრუნება.
11 მაისს არის დაანონსებული ევროპული მარში. თქვენ პირადად ელოდებით რაიმე ტიპის ესკალაციას ამ დღეს?
- ეს მარში, როგორც ვიცი, დაგეგმილია ევროპის დღესთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ მგონია, რომ ევროპის დღესთან დაკავშირებით, რადიკალური ქმედებები იყოს განხორციელებული ოპოზიციის მხრიდან, რადგან ამას არ მიესალმება არც ევროპა და არც დასავლური სამყარო. ევროპული მარშია იმისთვის, რომ დაადასტურონ საქართველოს საზოგადოების სწრაფვა ევროპისკენ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ერთგვარი, გარე შეფუთვა და შემდეგ უკვე, როგორც მათ სჩვევიათ, საღამოს აქციამ უკვე სხვა ხასიათი მიიღოს. ამიტომაც, განვიხილავ ნებისმიერ სცენარს.
მიმდინარე აქციებს რა გაგრძელება და პერსპექტივა აქვს მომავალში?
- აქციები გაგრძელდება, მაგრამ თუკი კანონი მიღებული იქნება, აქციების გაგრძელების აზრი იკარგება. თუ ხელისუფლება კანონს უკან არ გაიწვევს, მაშინ აქციების გაგრძელებას, ალბათ, ექნება ის მიზანი, რომ როგორმე მოახდნინონ ხელისუფლების ცვლილება. ხელისუფლებას შეუძლია საკუთარი მომხრეები გამოიყვანოს კიდევ ერთხელ და კონტრ-აქციები მოაწყობს - დაანახოს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, რომ ამ კანონს, არა მხოლოდ მოწინააღმდეგეები, მომხრეებიც ჰყავს. ალბათ, სანამ რესურსები ეყოფათ, ოპოზიცია ამ აქციებს გააგრძელებს და შემდეგ, როგორც აქამდე არაერთხელ ვიხილეთ, ნელ-ნელა მინავლებისკენ წავა, თუკი ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მყარად დგას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამოხმაურება საკმაოდ მკაცრია. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს ევროკავშირთან დააშორებს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან მიმართებაში რა ნაბიჯებია მოსალოდნელი დასავლეთის მხრიდან?
- მიუხედავად იმ კრიტიკისა, რაც ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან ისმის, ევროკავშირი და მისი სტრუქტურები კანონის მიღების შემდეგ, დააკვირდებიან როგორ იმუშავებს ეს კანონი პრაქტიკაში და ამის საფუძველზე გააკეთებენ განცხადებებს და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა განცხადებას გააკეთებს უახლოეს დღეებში ევროკავშირი.
მთავარი მათთვის მაინც იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები - ამაზე არის დღეს ევროკავშირი კონცენტრირებული, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. თუ ის არ ჩატარდა ისე, როგორც ევროპა ელოდება, ან ვერ მიიღეს ის შედეგი, რასაც ელოდებიან, შესაძლოა მოვლენები სხვა სცენარით განვითარდეს და ქვეყანაში დაიწყოს სერიოზული დესტაბილიზაცია.