აჯანყებული „მაიდანი“ თბილისში და დროებითი ტექნიკური მთავრობა, რომელიც არჩევნებს ჩაატარებს - ასეთია მიხეილ სააკაშვილის გეგმა, რომელსაც ის ოპოზიციას და მაისის აქციის ორგანიზატორებს „ვივამედიდან“ სთავაზობს. ექს-პრეზიდენტის შემოთვლას მმართველი გუნდი სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებად და რადიკალური ოპოზიციის გეგმების ღიად გახმოვანებად აფასებს.
პატიმარმა ექსპრეზიდენტმა იანუკოვიჩი და „მაიდანიც“ გაიხსენა. თქვა, რომ საზოგადოებას არჩევნების იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ოპოზიციისთვის წაგებულ თამაშში შესვლაა.
სააკაშვილის Facebook-მოწოდებამ დაბნეულობა მის თანაპარტიელებსა და პოლიტიკურ პარტნიორებშიც გამოიწვია. „ნაცმოძრაობაში“ არ დააკონკრეტეს, როგორ შეიძლება რევოლუციის გარეშე არჩევნები გარდამავალმა მთავრობამ ჩაატაროს. უფრო ზოგადი იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი.
მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას არ იზიარებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკოსების თქმით, დღეს ყველა დემონსტრანტის მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა, თუმცა ამის შესაძლებლობა მოქალაქეებს ოქტომბრის არჩევნებზე ექნებათ.
„ამ რთულ დღეებში საჭიროა შემდეგი მომენტების გათვალისწინება: შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება, მით უმეტეს მას შამდეგ, რაც 29 აპრილს ივანიშვილმა მათი გაყალბება დააანონსა. არჩევნებს თუ ივანიშვილი ჩაატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი გადაყლაპავს საქართველოს. არჩევნები უნდა ჩაატაროს დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ. შემოდგომაზე არჩევნებია აშშ-ში და საქართველოსთვის აღარავის ეცლება. ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ივანიშვილს აქვს იმედი, რომ ის მოუხსნის მას სანქციებს, თუ კიდევაც სახ. დეპარტამენტი მანამდე მას დაასანქცირებს.
რუსეთი უფრო სუსტია მოკლე დისტანციაზე, მას აბნევს და აშინებს მოულოდნელობა, სპონტანურად შექმნილი ვითარება, ისეთი, ჩვენთან რომ არის ახლა. გრძელ დისტანციაზე, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, ინფორმაციის გაყალბებით, ადამიანების მოსყიდვით რუსეთი ძალას იკრებს და მისი გამარჯვების შანსი იზრდება. ჩვენთვის ეს წაგებულ თამაშში შესვლაა. არ უნდა მივცეთ ეს შანსი რუსეთს.
თავის დროზე იანუკოვიჩმა დასავლეთს მიმართა თხოვნით, მიეცათ მისთვის არჩევნების ექვსი თვით გადავადების უფლება. დასავლეთი დათანხმდა, დათანხმდა უკრაინის ხელისუფლებაც. ერთადერთი, ვინც არ დათანხმდა, იყო აჯანყებული მაიდანი და შედეგად იანუკოვიჩი გაიქცა.
ასე რომ არ მომხდარიყო, უკრაინა დიდი ხნის უკან, იმ ექვს თვეში, გადაყლაპული ექნებოდა პუტინს. აუცილებელია ყველა ამ პროცესმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ხალხს დიდი ძალა აქვს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი სააკაშვილის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალებისკენ პირდაპირ მოწოდებად აფასებს. მისივე განმარტებით, დროებით მთავრობაზე საუბარი სწორედ ახლანდელი მთავრობის დამხობისა და ხელისუფლების გადაბარების სურვილს ნიშნავს.
„ეს არის პირდაპირი მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისკენ. ეს ადამიანი არ ისვენებს და არც მოისვენებს არასდროს, ეს არის მისი კრიმინალური ბუნება. დაკავებული ადამიანი პალატიდან მოუწოდებს თავის თანამებრძოლებს, რომ დაამხონ კანონიერად არჩეული ხელისუფლება. ადამიანი პირდაპირ მოუწოდებს თავის თანამებრძოლებს, რომ არ გვინდა არჩევნები, გვინდა ტექნიკური, დროებითი მთავრობა, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისთან დაკავშირებულმა სხვა ჯურის კრიმინალებმა დაამხონ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში.
რაღაც პარალელებს ავლებენ, მაგრამ თვითონ არის იანუკოვიჩი, თვითონაა პუტინიც, ქარდავაც, ახალაიაც, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც და ყველაფერი. თვითონ არის ქართული ფაშიზმის სულისჩამდგმელი, შორს რატომ მიდის?“ - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცახდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებაა და მას სხვანაირად მოვლენების განვითარება არც წარმოუდგენია.
„სააკაშვილს თავად არ სჯერა იმის, რომ მას ქართველი ხალხი უკან, ხელისუფლებაში დააბრუნებს. ამიტომ საუბრობს იმაზე, რაც ერთხელ უკვე გამოუვიდა, ეს არის რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. ანუ დამხობა და სახელმწიფო სადავეების ხელში ისევ ჩაგდება. უცხოელებს უხსნიდნენ შარშან, მარტში ეს ოპოზიციონერი ლიდერები, რომ მთავარია პარლამენტში შევვარდეთ და ვინც პირველი შევა სხდომათა დარბაზში, ის გახდება პრეზიდენტიო. აუცილებლად უნდა ჩატარდეს მერე რიგგარეშე არჩევნები და ამ გზით უკან ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. სააკაშვილი ცდილობს საზოგადოების ნაწილის პროტესტი საკუთარი სურვილების და ამბიციების დასაკმაყოფილებლად გამოიყენოს. ის ასეთია და რაც იცის, იმაზე ლაპარაკობს. როგორც ჩანს, ასეთი გეგმა არსებობს და ეს თქვენი გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს. სააკაშვილს გული არ უთმენს ხოლმე და როგორც ყოველთვის, ამ პროცესების სათავეში ყოფნას ჩქარობს“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ამერიკის არჩევნებით და ტრამპის ხსენებით მიხეილ სააკავილი თავისი პოზიციების გამაგრებას ცდილობს. ის პირდაპირ ხსნის, რატომ არის ახლავე ამ ხელისუფლების დამხობა აუცილებელი და მაგალითად საგარეო ფაქტორებიც მოჰყავს.
„გავიხსენოთ ასევე ამ აქციებზე ნიკა გვარამიას განცხადება, როცა მან თქვა, რომ მოლოდინი უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რადგან მათ აქვთ თავიანთი მიზნები - ხელისუფლება აქ და ახლავე დაასრულონ. ხელისუფლებას ეს ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდა. ოპოზიცია ცდილობს, რომ არჩევნებამდე ყველაფერი დაასრულონ, ხოლო ყველა ძალა იქით უნდა იყოს მიმართული, რომ მასობრივი არეულობის შედეგად მთავრობა გადადგეს. იმ დღესაც პოლიცია პარალმენტის ეზოში რომ არ ჩაკეტილიყო, გეგმა იყო, რომ 300-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც სპეციალურად იყო მომზადებული ზურგჩანთებით, სათვალეებით, თავზე „კასკებით“, რომ პოლიციასთან დაპირიპირებაში შესულიყვნენ. ამით მასობრივ არეულობას გამოიწვევდნენ. სპეცდანიშნულებს რაზმი იძულებული გახდებოდა, სპეცოპერაცია ჩაეტარებინა და სწორედ, ამის ხარჯზე ქუჩაში უფრო ბევრი ხალხი გამოსულიყო. ცდილობდნენ, როგორმე პოლიციის პროვოკაციაზე წამოგებას. ძალიან სასაცილო იყო, როცა ოპოზიციონერი ლიდერები აქეთ-იქით უაზროდ დაბოდიალობდნენ და არ იცოდნენ რა ექნათ. აი, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა გაამხილა“, - ამბობს მამრაძე.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება ძალიან მავნეა, რომელიც „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს მავნებლობა გამაოგნებელია, რადგან არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.
„მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს ევროკავშირში შესვლაზე პრეტენზია და ევროპელობაზე, არჩევნების გარეშე ხელისუფლება როგორ უნდა შეიცვალოს? ამ ქვეყანაში არჩევნებს არა აქვს ალტერნატივა, ჩვენ თუ გვინდა, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ. ყოვლად დაუშვებელია სააკაშვილის ამ განცხადებას ვინმემ სერიოზულად უპასუხოს. ეს უნდა დაიგმოს ოპოზიციის მხრიდან და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაემიჯნოს მის ამ განცახდებას. ცალსახად და მკაფიოდ დისტანცირება უნდა მოხდეს, სხვა ლოგიკური ახსნა მის განცხადებებს არ აქვს, გარდა იმისა რომ ის „ოცნებაზე“ მუშაობს. სააკაშვილი არ არის გუშინდელი პოლიტიკოსი, რომელიც ვერ იაზრებს, რას ლაპარაკობს. უკრაინის მაგალითის მოყვანა და მაიდანზე საუბარი ხომ ხელისუფლების ნარატივს ამყარებს. ახლა ვხვდები სააკაშვილს რატომ აძლევენ ლაპარაკის საშუალებას, ზუსტად იმას ლაპარაკობს, რაც ხელისუფლებას აწყობს. პოლიტიკაში ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანმა ის არ იცის, რომ არჩევნების წინ ამაზე საუბარი არ შეიძლება?! არჩევნების გარდა სხვა მეთოდით ხელისუფლებაში მოსვლა სახელმწიფო გადატრილებაზე საუბარია“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, მხოლოდ არჩევნების გზით შეგვიძლია მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ევროპისკენ მივდივართ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მკაფიოდ უნდა თქვას ოპოზიციამ, რომ ევროპაში წასვლას რევოლუციით ვერ შევძლებთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ვისაც ნაციონალების ხელისუფლებაში უკან დაბრუნების ეშინია, მაშინ მათ წინააღმდეგაც უნდა მისცენ ხმა და სხვა ოპოზიციური პარტიები აირჩიონ.