„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ. მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ვინც მორალურ დანაშაულს ჩადის საზოგადოების წინაშე, ყველასათვის უნდა იყოს ცნობილი.
„როდესაც პროტესტს გამოხატავენ, ეს პროტესტი უკვე გადადის ისეთ დაპირისპირებაში, როდესაც შეგიძლია მანდილოსანს შეაგინო, ან ხელით შეეხო, ან უფრო მეტიც, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც აუცილებლა მიგვიყვანს რადიკალიზაციამდე და ორიენტირებულია როგორმე მსხვერპლის დაშავებაზე შეჯახების დროს. რასაკვირველია, იმ ადამიანების სახელები საზოგადოებამ უნდა იცოდეს, მაგრამ თუკი სისხლის სამართლის დანაშაულში გადავა ეს, რასაკვირველია, შესაბამისი პასუხიც უნდა მოეთხოვოს. Mona.ge-ს ქმნის ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ეს არის სულ სხვა რამ. ეს არის ბულინგისთვის გამოყენებული გარკვეული გვერდი, რომელმაც არ გაამართლა, იმიტომ რომ, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი რეალური სურათი. ასე რომ, ადამიანები, ვინც ჩადიან მორალურ დანაშაულს საზოგადოების წინაშე, უნდა იყვნენ ყველასათვის ცნობილი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
საპარლამნეტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, უნდა გაკეთდეს უსამშობლოების სია, რომლებსაც არ სწამთ ღმერთის, ქვეყნის. როგორც ზარქუა ამბობს, ხოშტარიას - mona.ge-ზე განსხვავებული აზრის მქონეების აფიშირება ხდება, ამ შეთხვევაში კი მმართველი გუნდი ცდილობს პარტიულ ჭრილში შექმნას რეესტრი, სადაც მისი თქმით, ის უსამშობლოები მოხვდებიან, რომლებიც აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, მათ შორის, ფეხბურთელებს.
„იმ უსამშობლოების სია უნდა გაკეთდეს, რომლებსაც არ სწამთ არც ღმერთის, არც მშობლის, არც ქვეყნის, არაფრის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დგას და ვინ არის ორგანიზატორი ამ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების, ამაზეა საუბარი. რაც შეეხება იმ ბოლშევიკურ მიდგომას, რაც აქვს mona.ge-ს, (mona.ge-ზე განსხვავებული აზრი ვისაც აქვს, იმის აფიშირება ხდება), ჩვენ ასე არ ვაკეთებთ. განსხვავებული აზრი უნდა ჰქონდეს ნებისმიერს. ჩვენ ვამბობთ, რომ ის, ვინც აბულინგებს საზოგადოებს, შეურაცხყოფს, ის ვინც ეკლესიას უტევს, ის ვინც საჯაროდ გამოდის და დამხობისკენ მოუწოდებს, მათი სახელი და გვარები იყოს იდენტიფიცირებული. ასე რომ, ბოლშევიკური რუსული ფულით დაფინანსებული „ჩახდილების“ და ხოშტარიას პროექტში არ აგერიოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება „კაგებეს“ მეთოდს ახსენებს ოპოზიციონერ რომან გოცირიძეს, რომლის განცხადებით, ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი და ემსახურება ერთადერთ მიზანს - დაიწყოს რეპრესიები, რათა „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნოს.
„ასეთი ე.წ. არაკეთილსაიმედო ადამიანების ბაზა იყო საბჭოთა კავშირში და შემდეგ მოჰყვებოდა ამას რეპრესიები და გაციმბირება. ასეთი ბაზა არსებობდა ფაშისტური გერმანიის დროს, როდესაც განსხვავებული აზრის მქონდე ადამიანები იდევნებოდნენ. ეს არის წმინდა წყლის ფაშისტური მიდგომა და ქვეყანა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, როდესაც მსგავს სისულელეს აცხადებს, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის ენით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი საზღვრები გადალახა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ.
ყველა კანონი, დაწყებული აგენტების „რუსული კანონით“ და დამთავრებული სხვა კანონებით, მათ შორის, აი, ამ ე.წ. რეესტრის შექმნა, ემსახურება ერთ მიზანს - დაიწყოს რეპრესიები და ამ რეპრესიების შედეგად შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება. ძალიან მძიმედ დაამთავრებს „ქართული ოცნება“. ქვეყანას სერიოზული რისკის წინაშე აყენებს. ეს განცხადება არის უკანონო, არაკონსტიტუციური“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა. მისივე თქმით, ხელისუფლება აგონიურ მდგომარეობაში იმყოფება და რეესტრის შექმნა გათვლილია საზოგადოების დაპირისპირებაზე, შუღლის გაღვივებაზე და არჩევნებამდე ბრძოლის რეჟიმში მისვლაზე.
„ჩემი აზრით, ხელისუფლება შედის ისტერიულ რეჟიმში და ზოგადად, ყოველდღიურ რეჟიმში უშვებს შეცდომებს და ხალხს აღიზიანებს დამატებით. ეს რაღაცა რეესტრის შექმნაც ამ მიდგომის ერთ-ერთი პირმშოა. რომ გითხრათ ამაზე ძალიან ვნერვიულობ-მეთქი, არ ვნერვიულობ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი საკუთარი თავის დასრულების ამ შემოდგომაზე, ერთადერთი იმაზე ვნერვიულობ, შემოდგომამდე მშვიდად მივიდეთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ისტორიკოსი, ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ აბსოლუტურად გამართლებულია ის, რასაც ამ მხრივ ხელისუფლება აკეთებს და მიაჩნია, რომ როდესაც სამშობლოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, იქ ყველა ზომა გართლებულია.
„ჩვენ გვყავდა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც ამბობდა - „მართალია, ჩვენ სუსტი სახელმწიფო ვართ, მაგრამ ჩვენი იარაღი არის მხილება“. ეს მიმაჩნია იმ ომის საწინააღმდეგო ნაწილად, რომლესაც ჩვენს წინააღმდეგ ეწევიან შინა, თუ გარე მტრები. ე.წ. კოლექტიურმა დასავლეთმა ჩვენს წინააღმდეგ ყველა ღონისძიება გამოიყენა და დარჩა ერთადერთი რამ - ოფიციალურად საქართველოს წინააღმდეგ ომის გამოცხადება. ვინმეს ხომ არ გონია, რომ ეს ადამიანები, ეს გირჩი ზურაბები, ხოშტარები, ჭიჭიკო ვაშაძეები და სხვა ნაყარ-ნუყარები დამოუკიდებლად მოქმედებენ? - არა. არც ერთ შემთხვევაში არ მოქმედებენ ისინი დამოუკიდებლად. უპირველეს ყოვლისა, ისინი ასრულებენ იმათ დავალებებს, რომელთა მიზანი არის ერთადერთი რამ - მათ მშვენივრად იციან, რომ საქართველოში ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერ შეცვლიან და ამიტომ მათ უნდათ საქართველში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და ამის ერთ-ერთი ნიმუში იყო თქვენი საიტის მიერ არაჩვეულებრივი ჩანაწერების გამოქვეყნება. მე ვიტყოდი, რომ ეს არის საიტის ხელმძღვანელობის გმირობა, ვინაიდან თქვენ აკეთებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საქმეს, რასაც ჰქვია მხილება. მხილება იმ ძალების, რომლებსაც უნდათ საქართველო აღიგავოს პირისაგან მიწისა“, - აცხადებს გვენეტაძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ბრძანება გაცემულია და მოქმედება დაწყებულია. უტევენ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ მაგათ მხილებას. ამიტომ, საიტი, რომლის შექმნას ხელისუფლება აანონსებს, ფიქრობს, რომ აუცილებელია.
„ვინაიდან, ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ამ დემოკრატიულ ქვეყანაში საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არიან ეს ადამიანები, რას ჩადიან და როგორ აბულინგებენ განსახვევბული აზრის მქონე ადამიანებს და ნახეთ, ყველაზე მეტი საშინელება, რაც მათ ჩაიდინეს - ბაღის და სკოლის ბავშვების მიყვანა პარლამენტის შენობის წინ და ძახილი - „არა რუსულ კანონს“. მსოფლიო ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, ჰიტლერულ გერმანიასაც არ უკადრებია ბავშვების მიმართ ის, რაც ამათ გააკეთეს.
ასეთი საზიზღარი ფაქტი მე არ მახსენდება. ვინმეს უნახავს ბაღის ბავშვები ჩართულიყვნენ პოლიტიკაში? ეს გავს ჩვენი მემატიანეების ნაწერს - „შემოსული უცხოელი მტრები ბავშვებს ცეცხლში აგდებდნენ და ცოცხლად წვავდნენ“. ასე უნდოდათ ქართული გენის ამოგდება. ანალოგიური არის ამ მანქურთების მიერ დაგეგმილი ღონისძიება. მეტსაც გეტყვით, ეს ყველაფერი სახელმძღვანელოებშიც უნდა იყოს შეტანილი, რომ მომავალში არავინ გაბედოს ის, რაც ამათ გაბედეს, როდესაც ჩვილი ბავშვები ჩართეს პოლიტიკაში და აყვირებენ „არა რუსულ კანონს“. რა იცის იმ ბავშვმა რა არის რუსული კანონი, ან რუსეთი? ეს ფაშიზმზე უარესია.
მივმართავ შსს და განათლების მინისტრებს, ბავშვთა უფლებადამცველებს - თუ არსებობენ ასეთნი, რომ სასწრაფოდ იქნას გამოძიებული ეს ამაზრზენი ფაქტი და ამ ბავშვების იქ მიმყვანები მასწავლებლები თუ მშობლები კანონის შესაბამისად დაისაჯონ. გაირკვეს დღის რა მონაკვეთში იქნენ იქ მიყვანილი ეს ბავშვები და თუ სწავლის პერიოდში იყო ეს მოვლენა დაშვებული, სამაგალითოდ დაისაჯონ იმ დაწესებულების, ბაღის თუ სკოლის ხელმძღვანელები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.