დატყვევებული დედების სევდა

დატყვევებული დედების სევდა

მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...

თათარი „გულია“

გულია ერთი ჩვეულებრივი, ცხოვრებისაგან დაღლილი ქალი იყო. შინ რვა შვილი ელოდებოდა... ბედმა             “გაუღიმა” და სასამართლომ მხოლოდ ოთხი წელი მიუსაჯა... ბრალდება ქურდობისთვის ჰქონდა წარდგენილი... ერთხელ, სააპელაციო სასამართლოდან დაბრუნებული, ატირებული ვნახე, “ზონის” ერთ მიგდებულ კუთხეში ქვაზე ჩამომჯდარიყო და გულამოსკვნილი ტიროდა.

- აი, გულია, რა მოგივიდა, რამე სერიოზული ხდება? - ვეკითხები გაოცებული. ქალი ნაცემ-ნაგვემს უფრო ჰგავდა, ვიდრე - დათრგუნულს...

- ეჰ, რა გითხრა, რა მოგიყვე, აპელაციამ იგივე დამიტოვა, დარბაზში არც ერთი ჩემი შვილი არ შემოუშვეს. ბავშვების წივილი ახლაც ყურში მიდგას. რომ წამომიყვანეს, მანქანას უკან მოსდევდნენ და ყვიროდნენ, დედა, გვიყვარხარო... ვიცი, დავაშავე - ბაზრობაზე ჩემს პატარა ბიჭს ქუდი და ბურთი ვუყიდე. უფროსისთვის ფული არ დამრჩა, რამე რო მეყიდა. ცდუნებას ვერ გავუძელი და “დუტის კურტკა” მოვიპარე. მეგონა, გამყიდველმა ვერ შემამჩნია და გავთამამდი - იქვე, ლამაზი სასკოლო ჩანთა ეკიდა, ისიც მოვიპარე. ოცნებებში წასული ვფიქრობდი, გოგოსაც გავახარებ-მეთქი. გამყიდველი მიხვდა, დამეწია და ერთი ამბავი ამიტეხა. პოლიციელს ვეუბნები, ვიყიდე, კაცო, რა გინდა-თქო?! გამყიდველი მეკითხება, აბა, რა ღირდაო? არ ვიცოდი და ტყუილში დამიჭირეს. აი, ეს დანაშაული ჩავიდინე, ჩემო კარგო!

ბავშვები მეუბნებიან, დედიკო, რასაც გვეტყვი, ციხეში იმას მოგიტანთო. რა უნდა ვუთხრა, - წადით, იქურდეთ და მომიტანეთ-მეთქი?! დილით, პური რომ არ ექნებათ, იქურდებენ, მაშ, რას იზამენ?! გული მისივდება, გული! რვა შვილი მყავს გარეთ და სულ კარისკენ ვიყურები. განა, წასვლის იმედით? - არა, ჩემო კარგო. იმის შიშით, ვინმე არ შემოვიდეს და ჩემი რომელიმე შვილის დაჭერა არ მითხრას...

ასე დაასრულა გულიამ საუბარი და საცოდავი, გულამოსკვნილი აქვითინდა. მას მერე დღეები და კვირეები გავიდა. გულიას გულის ხეთქვა დამავიწყდა, იმდენ უბედურებას ვუსმენდი და ვუყურებდი.

 

***

რამდენიმე თვის მერე, ექოსავით გავარდა “ზონაზე”, გულიას უფროსი შვილები დაიჭირეს და „მალალეტკებში“ ჰყავთო. გულიამ შიმშილობა დაიწყო იმ იმედით, შვილებს შემახვედრებენო. მოთხოვნა ადმინისტრაციამ შეუსრულა - იქვე, ოცდაათ მეტრში მდებარე ბავშვთა საპყრობილეში დედა შვილების სანახავად გადაიყვანეს. მთელი “ზონა” კართან ველოდით შეშლილ ქალს. კარი გაიღო და... გულია გაფითრებული, სასოწარკვეთილი და ღონემიხდილი მოლასლასებდა.

- რა მოხდა

- რა მუხლით არიან?

- რა გაიგე? - შეკითხვები დააყარეს გათიშულ, ცოცხალ მიცვალებულს.

ძლივს ამოილუღლუღა:

- ერთს ფული მოუპარია, მეორეს - მაღაზიის დახლიდან ქალის კოსმეტიკა!

ქალები აქაქანდნენ:

- ფული კიდევ გვესმის, მაგრამ ეს ოხერი კოსმეტიკა რაღა ჯანდაბად უნდოდა, ბიჭები არიან და ქალის კრემს რაში გამოიყენებდნენ?!

- ფული საჭმლისთვის უნდოდათ, კოსმეტიკა კი, - დედისთვის, - ჩავილაპარაკე...

3 მარტი ახლოვდებოდა...

დედას საჩუქარს უმზადებდნენ პატარა კაცები!

ოჰ, ღმერთო, რა დააშავა გულიამ, რომ ასე იწირება?!

საბედნიეროდ, გულიას შვილები მხოლოდ ექვსი თვე იყვნენ საპყრობილეში. ვიღაცას, ალბათ, ნამუსის ძარღვმა შეაწუხა და ბავშვები საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლა, თან ორი წელი ე.წ. პირობითი გაატანა.

გულიას სადარდებელი მაინც არ გამოელია - იმას ფიქრობდა, ისევ არ შეცდნენ, ისევ არ მოიპარონ. რომ მოშივდებათ და საჭმლის ფული არ ექნებათ, ვაი, რა ვქნაო?

ამ ფიქრებში გაიარა გულიას ორმა წელმა - ქალი გათავდა, ცოცხალ მოჩვენებად იქცა, მთელი დღე სხვის სარეცხს რეცხავდა, აუთოვებდა, ალაგებდა... სანაცვლოდ, სიგარეტს იღებდა - “ზონაზე” მოსულ შვილებს ატანდა, რომ გაეყიდათ და პურის ფული ეშოვათ.

ერთხელ, “ნადზორმა” ჩუმად მითხრა:

- ჩვენც ძალიან გვეცოდება. ბავშვებთან რომ გადის პაემანზე, თან თავისი ულუფა შაქარი მიაქვს და ნაჩუქარი ტანსაცმელი. ხანდახან აქ აღებულ “ანალგინსაც” კი ატანს... შვილებს ეუბნება, როცა მოგშივდებათ და თავი აგტკივდებათ, ეს წამალი დალიეთო...

ჯოჯოხეთად ექცა გულიას სიცოცხლე.

ერთხელ, ეზოში სარეცხსა ჰფენდა. უცებ, გული შეუწუხდა, ექიმმა გასინჯა, გულია ხელით მარჯვენა მკერდს უჩვენებდა - მკერდზე უზარმაზარი სიმსივნე აღმოაჩნდა...

ყველაფერი მთავრდებოდა - სიკვდილი ახლოვდებოდა, მძიმე დღეები სრულდებოდა და... შვილების დარდი თან მიჰყვებოდა.

მეოთხე სტადიის კიბო დაუდგინეს...

ონკოლოგიურში გადაიყვანეს.

უბედურ დედას სასამართლომ და დეპარტამენტმა სასჯელი არ გადაუვადა...

გულია წევს და წუთებს ითვლის.

ერთხელ, ღონემიხდილმა მკითხა:

- მაკა, რა უფრო დიდი დანაშაულია: ჩემი დაპატიმრება თუ ჩემი შვილების უპატრონოდ დატოვება?

არ ვიცი, გულია...

ნამდვილად არ ვიცი...

ჩვენს გულს და სულს არავინ უსმენს...

ჩვენი შეცდომების მიზეზს არავინ იძიებს...

ჩვენი შვილების ტკივილი არავის სტკივა...

ჩვენი ღირსება მათთვის ღირებული არ არის!

მათთვის, ვინც ჩვენ დაგვიჭირა, არარაობები ვართ, მაგრამ ისინი „ამა სოფლის” ჭრელი ტარაკანები არიან.

ღმერთმა შეუნდოს ცოდვები!

შენ კი, დღეგრძელი მყავდი. სხვა რა უნდა გისურვო, არ ვიცი...

28 ოქტომბერი 2009 წელი

 

 

 „მოსიკოს“ დღიური

„რეშკა, რეშკა, რეშკა”...

ნეტა, თუ იცის დედაშენმა, რას ნიშნავს სიტყვა “რეშკა”?

ისე, რატომ უნდა იცოდეს?! - ის ხომ მთელი სიცოცხლე დიასახლისი იყო, ცხოვრების საუკეთესო წლები სამზარეულოში, ქურასა და შვილებთან აქვს გატარებული.

მე?

მე ხომ დედის სირცხვილი ვარ!

ღმერთო, როგორ მენატრება დედა...

ფიფქები ძლივს მოჩანს “რეშკის” მიღმა - დახტიან, დარბიან... ისინი მხედავენ, მეჯღანებიან და დამცინიან. ამ დროს, თელავში, ჩემი სახლის სარკმლიდან, თეთრ თუშურ ნაბადში გახვეული ქალაქი ჩანს - ამაყი ისტორიითა და მეფით, მაგრამ ზამთარში ერეკლეც კი აღარ მეფობს - თოვლის პაპას ჰგავს, ხმლის მაგივრად, დიდი, ჯადოსნური ჯოხი უჭირავს და პატარა კახელებს ამხიარულებს.

რა კარგია თელავი - ჩემი უბერებელი ქალაქი... ლამპიონებით აპრიალებული ცა, იისფერი ღრუბელი, მოფარფატე ფიფქები, ბებერი ჭადარი, მარტოსული კახელი ღვინის დოქით ხელში...

დედა მოფუსფუსე ღუმელთან, ბავშვები ტყლაპითა და ჩურჩხელით... თხუნელები... სადღაც, სოროში თაგვიც კი, ბედნიერი, თავისუფალი, კატისაგან დასვენებული, თხილისა და კაკლის თამაშში გართულა... პატივცემული გოზინაყი..

- გოგოებო, აიღებთ „ბალანდას“? - ოცნებას “ბალანდიორი” გაწყვეტინებს.

- არა! - და მე ისევ აქ ვარ, საკნის „რეშკასთან“ ფეხისწვერებზე ვდგავარ, ვცდილობ, ფიფქები დავინახო.

მიყვარს წარსული - აწმყოშიც წარსულს ვეძებ.

აგერ, დავინახე, მსუქანმა ფიფქმა ჩამირბინა და თვალი ჩამიპაჭუნა..

P. S. “რეშკა” საკნის სარკმელია, ის არასოდეს იხსნება.

“ბალანდა” ციხის ტრადიციულ კერძს ჰქვია. “ბალანდიორი” - “ბალანდის” დამტარებელს.

 

წერილი შვილებს

ჩემო ჩიორებო, არ არსებობს დედამიწის ზურგზე საოცრება, რომელიც თქვენზე ლამაზია.

არ არსებობს დედამიწაზე ღირებულება, რომელიც თქვენზე ძვირფასია!

არსებობს შეუფასებელი და აუწონავი სიყვარული, რომელიც თქვენ ხართ.

ციხეში ხშირად ვფიქრობ, რა აუცილებლობაა, რომ ადამიანმა იარსებოს,

თუ არ გაქვს ჰაერი, ვერ სუნთქავ...

ეს შენ ხარ ჩემი ჰაერი, თამარ!

თუ არ გაქვს წყალი, იფიტები და კვდები...

ჩემი უკვდავების წყარო შენ ხარ, ვანო!

თუ ძარღვებში არ გიჩქეფს სისხლი, უძლური ხარ და ჩემი სისხლი შენ ხარ, მარიამ!

ძალა, წყურვილი და სუნთქვა ჩემი თქვენზეა დამოკიდებული.

თქვენ ჩემი ნაყოფი ხართ!

მცენარის არსებობას, რომელსაც ნაყოფი არ აქვს, აზრი ეკარგება და ხმება.

ამიტომ იცოდეთ, ვარსებობ მაშინ, ვსუნთქავ და მწყურია, როცა კარგად ხართ!

უზომოდ მიყვარხართ, თქვენით ვამაყობ!

თქვენი დედიკო, მაკა მოსიაშვილი

 

სუნამო

დანგრეული ქარხნის წინ, ორი მამაკაცი გზას გასცქეროდა. მაღალი, უშველებელი ღიპითა და გრძელი ულვაშით, ძვირადღირებულ სიგარას ღეჭავდა.

მეორე, ახალკაცობაში შესული, ნორჩი წვერულვაშით, გაბანჯგლული თმით, დაუბანელი ცხვირ-პირითა და ჭუჭყიანი თითებით, “პრიმას” აბოლებდა.

- კიდევ რამდენი ხანი უნდა გელოდო, ბიჭო?! - იკითხა უკმეხად ულვაშამ.

- კაი რა, ოთარი ბიძია, მოვა წუთი წუთზე და ცხრა ბოთლსაც მოიტანს.

- აგეღოთ თოთხმეტი ლარი და მოვრჩებოდით ბაზარს...

- თხუთმეტი რომ გვჭირდება? - დარცხვენით უთხრა ბიჭმა.

- ჰო, კაი, აგე, შარაზე გამოჩნდა შენი ძმაც, - ქლოშინით მიუახლოვდა ორეულს უფრო პატარა ბიჭი. ხელში ტილოს ტომარა ეჭირა. უთქმელად ამოალაგა შუშის ბოთლები და ჩაილაპარაკა:

- დათვალეთ.

ულვაშა ბოთლებს ათვალიერებდა, ბზარს ეძებდა შუშაზე.

- ჰო, გავსწორდით, თხუთმეტისაა... - და ფული ჩაუთვალა ბიჭებს.

ძმები ქვაფენილზე დაეშვნენ, უფროსმა უმცროსს ხელი გადახვია და ფეხს აუჩქარა.

ღიპიან კაცს ქარხნის ნანგრევებიდან ძმაკაცმა გამოაკითხა.

- რას მალოდინებ ამდენს, ღვინო გათბა.

- ბოთლები ჩავიბარე იმ ბიჭებისგან...

- ჰოო... ვიცნობ მაგათ, - შორიდან გახედა ძმაკაცმა, - დედა ჰყავთ მაგ საცოდავებს ციხეში. წავლენ ახლა და მაგ ფულით დედას სუნამოს უყიდიან. იცი, რა მაგარი მამა ჰყავდათ, მაგარი დამრტყმელი კაცი იყო. ვაჟკაცი, აფხაზეთის ომში მოკლეს, საცოდავი, გაგონილი გექნება გოგი მახათაშვილი...

- როგორ არ ვიცი, ჩემი თანაკლასელი იყო... ფუ, ამისი... მისი შვილები ცხრა ბოთლისთვის ორი საათი ვაწვალე.

- წამო, წამო, დავლიოთ...

- არა... არა... ბავშვებს უნდა დავეწიო, საქმე მაქვს...