პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიუნჰენის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნა დაიწყება. თბილისში ამბობენ, რომ სააკაშვილმა გერმანიაში ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რისი მოსმენაც მისგან იქ შეკრებილ აუდიტორიას სურდა. ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი კი პრეზიდენტს ქართული საზოგადოების ინტერესების გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებს.
„საქართველო უახლოეს თვეებში ავღანეთში დამატებით ძალებს გააგზავნის“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 47-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო აცხადებს, რომ იყოს არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი, არამედ მიმწოდებელიც:
„ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, სწორედ ამიტომ ჩვენ ათასამდე ჯარისკაცი გავაგზავნეთ ავღანეთში. ISAF-ის ძალებთან ერთად ჩვენი ძალები ჰელმანდის პროვინციაში იმყოფებიან. ჩვენ ასევე შევთავაზეთ დამატებითი ძალების გაგზავნაც და მომდევნო რამდენიმე თვეში ეს პროცესი დაიწყება.
ეს ყველაფერი კი იმისთვის კეთდება, რომ ავღანელმა ხალხმა მდგრად მშვიდობას მიაღწიოს და ქვეყანა ტერორისტების თავშესაფრად აღარ იქცეს. საქართველო, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონ 700 ათასია და რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, პრივილეგიად მიიჩნევს, რომ ჩვენ არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებლები, არამედ მიმწოდებლებიც ვიყოთ“.
სააკაშვილის თქმით, მან პირობა მისცა ავღანეთის პრეზიდენტს, რომ საქართველო ავღანეთს დაეხმარება პოლიციის რეფორმირებაში, ასევე, ავღანურ ძალებს არტილერისტთა მომზადებასა და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში.
დეპუტატ ნიკა ლალიაშვილის შეფასებით, მიუნჰენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რისი მოსმენაც მისგან იქ შეკრებილ აუდიტორიას სურდა.
„მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა მის მიერ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებულ სამშვიდობო პოლიტიკას მიუნჰენში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და იქვე სინანულით აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია მეორე მხარის - რუსეთის ქმედებით.
არანაკლებად მნიშვნელოვანია ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის გაზრდის თაობაზე გაკეთებული განაცხადი და ასევე იმის ხაზგასმაც, რომ საქართველო ევროპისათვის ერთადერთი ალტერნატიული გზაა ენერგორესურსებით მომარაგების კუთხით და ამიტომ სტაბილურობა და მშვიდობა ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ლალიაშვილი.
მისივე თქმით, „სააკაშვილმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ თქვა, როდესაც განაცხადა, რომ ის, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა, ოკუპაცია იყო, მაგრამ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან ქართული დემოკრატიის მოკვლა ვერ შესძლეს“.
„სააკაშვილმა მიუნჰენის ტრიბუნიდან ქართული დემოკრატია შეაფასა რა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებულად, ვფიქრობ, რომ იგი დემოკრატიულობის იმიჯის შენარჩუნებასა და განმტკიცებას ახლო მომავალში აუცილებლად შეეცდება“, – მიაჩნია ლალიაშვილს.
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე სააკაშვილის მიუნჰენის უსაფრთხოების 47-ე კონფერენციაზე გამოსვლას მნიშვნელოვნად აფასებს.
„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს პოზიცია კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. პრეზიდენტის მიერ მნიშვნელოვანი მესიჯები გაჟღერდა, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის მზადყოფნას, საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ენერგო-დერეფნის არსებობას, ეხება.
მიუნჰენის უსაფრხოების ფორუმი მსოფლიო ლიდერების მიერ აზრთა გაცვლისა და საკუთარი ინიციატივების გაჟღერებისთვის უმნიშვნელოვანესი ფორუმია, რომელიც დაახლოებით 60-იანი წლების ბოლოდან ყოველი წლის დასაწყისში იმართება“, - ამბობს ჩიტაძე.
ექსპერტი ასევე მნიშვნელოვანად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრის ფაქტს. მისი შეფასებით, ოფიციალურმა თბილისმა გერმანიასთან და საფრანგეთთან, რომლებიც საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ჯერ კიდევ ეწინაარმდეგებიან, მჭიდრო ურთიერთობები უნდა იქონიოს.
უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს ქართული საზოგადოების ინტერესების გაუთვალისწინებლობაში ადანაშაულებს.
როგორც სესიაშვილმა მიუნჰენის უსაფრთოხების 47-ე კონფერენციაზე პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, „მიხეილ სააკაშვილის განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთის თვალში ქულების ჩაწერას ემსახურებოდა“.
„პრეზიდენტი სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნაზე გარკვეულ საკითხებს ისე აყენებს, რომ ქართული საზოგადოების ინტერესებს არ ითვალისწინებს. როდესაც ერაყში ჩვენი ჯარისკაცები დაიღუპნენ, ამ თემაზე დიდი მსჯელობა გაიმართა. მაშინ ექსპერტებმა, მედიის წარმომადგენლებმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. ითქვა, რომ საქართველო სამშვიდობო მისიებში უნდა მონაწილეობდეს, თუმცა ეს მისი დემოგრაფიული მდგომარეობის, ჯარისკაცების რაოდენობის და ა.შ. ადექვატური უნდა იყოს.
ამასთან, პრეზიდენტის პოლიტიკა არაადექვატურია. იმ ვითარებაში, როდესაც სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთისგან ყოველდღიური საფრთხე არსებობს, საუკეთესოდ მომზადებულ ჯარისკაცებს ავღანეთში აგზავნის, მე მინდა, ვკითხო მას - ამ სიტუაციაში დამატებით ჯარისკაცებს ავღანეთში რა მიზნით გზავნის? რა გვესაქმება იქ?“, - განუცხადა „პირWელს“ სესიაშვილმა.
მისივე აზრით, სააკაშვილმა ეს განცხადება „დასავლეთის წინაშე ქულების ჩაწერის მიზნით გააკეთა და მას სურს, დემოკრატიული მსოფლიოსთვის საჭირო და მისაღები ლიდერის იმიჯი შეიქმნას“.