'- ის მაინც მითხარით, როცა ჯოზეფ ქეი, რომელიც მსოფლიო სასამართლო პრაქტიკაში ცნობილია, როგორც თაღლითი და ეს ადამიანი იგებს სასამართლოებს, რატომ არ აღძარით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე?
- ეგ კითხვაც არამიზანშეწონილად არის დასმული... მე შემიძლია, გესაუბროთ ამინდსა და ბუნებაზე...'
'ჟოზეფ ქეი აშკარად მიდრეკილია სიცრუისკენ', - ჰიბრალტარის უმაღლესი საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე დედლის დასკვნა.
'უდავო მხოლოდ ერთია, ესაა თავად ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალება, დანარჩენი - პატარკაციშვილების ოჯახს ყველაფერი სადავო გაქვთ', - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნანა კალანდაძის დასკვნა.
საქმე კვლავ და კვლავ პატარკაციშვილების ოჯახისა და ბადრი პატარკაციშვილის ანდერძის მიხედვით ქონების 'ცრუ მფლობელის' ჯოზეფ ქეის შორის დავას ეხება. 2009 წელს გამართულ პროცესზე პატარკაციშვილის პირველი რიგის მემკვიდრეებმა, კონკრეტულად, მეუღლე ინა გუდავაძემ, შვილებმა ლია და ია პატარკაციშვილებმა, დედა ნათელა პატარკაციშვილმა, ბადრი პატარკაციშვილის მესამე შვილმა დავით პატარკაციშვილმა, მისმა დედამ ოლღა საფრონოვამ, ასევე ბადრის დებმა, ნანა და მზიამ, ჯოზეფ ქეის სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, მის მიერ წარდგენილი ანდერძის დოკუმენტი კი - გაყალბებულად. სხვათა შორის, ამავე პროცესზე ჯოზეფ ქეის უკვე ბადრი პატარკაციშვილის უმცროსი შვილის, დავითის დედა ოლღა საფრონოვაც დაუპირისპირდა, რომელიც საქმის განხილვისას პირველი რიგის მემკვიდრეებთან ერთად მოპასუხე მხარედ იყო წარმოდგენილი. შეგახსენებთ, ამ პროცესზე მატყუარა ჯოზეფ ქეი უსირცხვილოდ ითხოვდა უფლებას, მისთვის მიენიჭებინათ უფლება გარდაცვლილის ნების აღსრულებისა, რის გამოც თურმე ქეის ინტერესები ზიანდებოდა.
ჟურნალისტებმა სულ ახლახან მიაგნეს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, როგორც ცნობილი გახდა, 2009 წლის ამ ზემოხსენებულ პროცესზე ჩვენი ექსგენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჯოზეფ ქეის საქმეში აქტიურად მონაწილეობდა, კერძოდ, ის იცავდა პატარკაციშვილის შვილის, დავით პატარკაციშვილის დედის, ოლღა საფრონოვას უფლებებს. საინტერესოა, როგორ აფასებს კბილაშვილი ამ გადასახედიდან მაშინდელ ამბებს? ინარჩუნებს თუ არა დღესაც პროფესიულ ურთიერთობას თავის მაშინდელ კლიენტთან?
დეტალებზე იურისტი არჩილ კბილაშვილი საუბრობს:
- კი, მე ნამდვილად ვიყავი ოლგა საფრონოვას ადვოკატი, მის ინტერესებს ვიცავდი, ნამდვილად ვადასტურებ ამ ფაქტს. რაც შეეხება მასთან ურთიერთობას, არ მაქვს კავშირი... ეს წლების წინანდელი ამბავია, ჩაიარა ამ ამბებმა და დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა.
- ის პერიოდი და თავად სასამართლო პროცესი რომ გაიხსენოთ, ბატონო არჩილ, რა იყო თქვენი, როგორც ადვოკატის, მთავარი არგუმენტი ჯოზეფ ქეის წინააღმდეგ? საქმის მასალებიდან გამომდინარე, წესით, ძლიერი არგუმენტი უნდა გქონოდათ.
- ახლა მაგის გახსენებას ჯერ დრო უნდა და მერე რა მნიშვნელობა აქვს, ჩვეულებრივი საადვოკატო საქმე იყო. თუმცა შეიძლება ამ საქმის ნახვა და პოზიციაც იქ ეწერება. ზეპირად არ მახსოვს.
- რა, საერთოდ არაფერი გახსოვთ?
- არა, როგორ არა, უნდა გავიხსენო, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით რადგანაც ვითარება შეიცვალა, რა ვიცი.
- რას ნიშნავს, ვითარება შეიცვალა?
- სხვა ასპექტი შეიძლება წარმოჩინდეს და ვფიქრობ, არასწორი იქნება, ხომ?
- მაინც მაინტერესებს, რა მთავარი არგუმენტი გქონდათ?
- არ მახსოვს ზეპირად, თამარ.
- არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თქვენ აღიარებთ იმ დასკვნას, რის მიხედვითაც ჯოზეფ ქეიმ გააყალბა ანდერძი. მეთანხმებით?
- ამ საკითხზე საუბარი დღეს არ მსურს. მოდი, ასე ვთქვათ, ჩემი პოზიციები არის საქმეში, ასე შევთანხმდეთ. გამიგეთ, ჩემი მხრიდან ნებისმიერი განცხადება უკვე სხვა დატვირთვას იძენს და ეს არამართებულად ჩაითვლება.
- ის მაინც მითხარით, რა ჰქვია იმ პირს, ვინც დოკუმენტს აყალბებს? რა სახელს დაარქმევდით ამ საქმის ჩამდენს თქვენებურად?
- ეგ ლექსიკონში ნახეთ, მე რატომ მეკითხებით?
- ლექსიკონში ბევრ სიტყვას მოვნახავ, მე თქვენეული შეფასება მაინტერესებს, ცნობილი ადვოკატის არჩილ კბილაშვილის!
- უნდა მოვიფიქრო და მერე გაგცემთ პასუხს. ისე, უნდა გითხრათ, რომ ახლა არ არის ამ თემაზე საუბრის დრო და მიზანშეწონილი ჩემი მხრიდან, რადგანაც მთავარი პროკურორი ვიყავი და ამჟამად, ვიმეორებ, ჩემს ნათქვამს სხვა შეფასება შეიძლება, მიეცეს.
- ჩვენ მაშინდელ ამბავს ვიხსენებთ, როცა გენპროკურორი არ იყავით და არა ამჟამინდელს.
- არა, არა, ისევ და ისევ სხვა დატვირთვა მიეცემა ჩემს გვარს. მე უამრავ საქმეში მიმიღია მონაწილეობა, როგორც ადვოკატს და უამრავი პოზიცია დამიფიქსირებია, მაგრამ ამ გადასახედიდან რომ იმ პოზიციების საჯაროდ გახმოვანება მოვახდინო, უკვე ეს შეიძენს სხვა ელფერს.
- კი, მაგრამ თქვენი გენერალური პროკურორობის დროს ქეი იგებს სასამართლოებს და როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს? ანდა, თუ ეს ყველაფერი იცოდით, რომ ქეი მატყუარაა და გამყალბებელი, როგორ აპირებდით მის გამოყენებას მოწმის სტატუსით 'იმედი ტვ'-ის პროცესში? როცა არც მისი სიტყვებია სანდო და არც მის მიერ მოტანილი დოკუმენტები?
- ამ საკითხზე მე პასუხს არ გაგცემთ, თემა უკვე სხვა განზომილებაში გადადის.
- მაშინ ის მაინც მითხარით, როცა ჯოზეფ ქეი, რომელიც მსოფლიო სასამართლო პრაქტიკაში ცნობილია, როგორც თაღლითი, იგებს სასამართლოებს, რატომ არ აღძარით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე?
- აი, ეგ კითხვაც არამიზანშეწონილად არის დასმული.
- რატომ?
- იმიტომ რომ უკვე ყოფილი პროკურორი ვარ და ეს ეხება საქმეს. მე შემიძლია, გესაუბროთ ამინდსა და ბუნებაზე.
- ამინდი და ბუნება კარგია, მაგრამ ამდენი საქმე რომ არის ასე წარმოებული, ამაზე რა პასუხი გაქვთ?
- პროფესიულ საქმეებზე ვერ დაგელაპარაკებით და სხვა თემაზე - სიამოვნებით.
- ახლა რომ გთხოვოთ ქეიმ, გახდებოდით მისი ადვოკატი?
- ვერც ამაზე დაგელაპარაკებით. თქვენ სულ პროფესიულ კითხვებს მისვამთ და იმიტომ.
- აბა, რაზე უნდა გელაპარაკოთ? პროფესიული კითხვები მაქვს თქვენთან.
- ვერ გაგცემთ პროფესიულ კითხვებზე პასუხს, კიდევ ერთხელ ვამბობ. სულ რამდენიმე დღის წინ დავტოვე თანამდებობა და ჩემს პასუხებს იმაზე მეტი მნიშვნელობა მიეცემა, ვიდრე პროფესიული შეფასებაა. ამ ყველაფერზე ორი წლის შემდეგ დაგელაპარაკებით.
ეტყობა, ყოფილ პროკურორს მართლაც არაფერი აქვს სათქმელი, იმდენად დიდი შეუსაბამობები მოხდა მისი ამ მაღალ პოსტზე ყოფნის დროს. იმედი გვაქვს, ახალი გენერალური პროკურორი უკეთ წარმართავს ამ გახმაურებულ საქმეს: საქმეს, სადაც თავიდანვე ყველაფერი ნათელია.