სალომე ზურაბიშვილი: უკრაინა, ევროპა, საქართველო ....

სალომე ზურაბიშვილი: უკრაინა, ევროპა, საქართველო ....

სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელ წერილს აქვეყნებს, სახელწოდებით:"უკრაინა, ევროპა, საქართველო..."


"ბევრი რამ ისმის ამ ბოლო დროს ევროპის შესახებ და ბევრი დამაფიქრებელია. ისმის სიტყვების კორიანტელი: "ვილნიუსი," "პარაფირება," "ასოცირება," "აღმოსავლეთ პარტნიორობა" - არცერთის ახსნა-განმარტება არ ხდება - და ამავე დროს გვპირდებიან (ეს უკვე სააკაშვილის დრო დაიწყო) დიდ წარმატებას და ზრდიან მოლოდინს!

მეორეს მხრივ კი, უკრაინის შეჩერებული ასოცირება, სომხეთის უარის თქმა (აზერბაიჯანი ადრე გამოეთიშა) სვამს კითხვას რეგიონში ჩვენი მომავლის შესახებ, სადაც რუსეთის გავლენა თითქოს და ძლიერდება.

საზოგადოებისთვის ეს საკითხი საერთოდ ძალიან გაუგებარი გახდა, არც არავინ ცდილობს გააგებინოს, რა ხდება, რას ველოდოთ, ან კიდევ რატომ ველოდოთ, ან რისი გვეშინოდეს და რა საფრთხისგან დავიხსნათ თავი?

"პარაფირება", რომელზედაც ყველა საუბრობს და თითქის არავინ იცის რაშია საქმე, ერთროულად ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან ცოტასაც. ძალიან ბევრს, რადგანც სიმბოლურად ეს არის ერთი ნაბიჯი გადაგმული ევროპულობისკენ, ანუ თავისუფალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ, გამყარებისკენ. და ცოტა იმ გაგებით, რომ კითხვაზე "რა სარგებელს" მოუტანს საქართველოს ეს ახალი დოკუმენტი, პასუხი ყოველივე დემაგოგიის გარეშე იქნება "თითქმის არაფერს," რამეთუ ის, რაც გათვალისწინებულია ამ დოკუმენტში, ახლავე არ განხორციელდება და მეტიც, რაც გათვალისწინებულია (ანუ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გახსნა და გამარტივებული სავიზო რეჟიმი), იმ კატეგორიებს ეკუთვნის რომლებისთვისაც დღეს საქართველო დღეს მზად არ არის. ჩვენ დღეს საექსპორტო პროდუქცია არ გაგვაჩნია ისეთი, რომ თავისუფალი სავაჭრო სივრცის გამოვიყენება შეგვეძლოს... რაც ეხება ვიზებს, სწორედ იმ მოსახლეობას, რომელიც სულმოუთქმელად ელოდება, გამარტივება არ შეეხება და მხოლოდ გარკვეულ კატეგორიებზე გავრცელდება... სირთულეები არა თუ არ მოიხსნება ევროპის საკონსულოებში, არამედ თუ ვუსმინეთ ინგლისის პრემიერის, დევიდ კამერონის განცხადებას, ნათელია, რომ ტენდენცია ევროპაში უფრო გამკაცრებისკენ მიდის, ვიდრე გამარტივებისკენ, თვით ევროპის წვერ ქვეყნების მოქალქაეების მიმართაც კი.

აბა, იტყვიან ზოგნი, თუ მატერიალური სარგებელი არ მოაქვს ამ პარაფირებას, რად გვინდა ევროპა? და სწორედ ამაშია მავნებლობა: ჩვენ გვაჯერებენ, რომ ევროპა უნდა გვინდოდეს იმიტომ, რომ კონკრეტულ სიკეთეებს მოგვიტანს და ეს ილუზია როცა გაქრება, ევროპულ ორიენტაციასაც წყალი შეუდგება. იგივე მოხდა სააკაშვილის დროს, ოღონდ ამერიკა/ნატოსთან მიმართებაში: ყველაფრის შემძლე სტარტეგიული პარტნიორის სურათი შექმნეს: ერთად ვცეკვავთ, ვქეიფობთო და ვმეგობრობთო და ხალხი დააყენეს მწარე რეალობის წინაშე: ეს პარტნიორი ომის დროს არ მოდის დასახმარებლად. ამ ხერხით - ცრუ იმედების შექმნით და შემდეგ მათი გაცრუებით სააკაშვილმა პრო-ამერიკული ლოზუნგების მიუხედავად, რეალურად დათესა და გააღვივა ქვეყანაში ანტი-ამერიკული განწყობა.

ეხლა თითქოს იგივე ხდება, ოღონდ ევროპასთან მიმართებაში: სულ ისმის ევროპა! ევროპა! ისეთივე მხურვალე ევროპელობის განაცხადებას ვისმენთ, როგორც გუშინ ამერიკის მიმართ; მაგრამ ამ ლოზუნგების უკან სინამდვილეში არაფერი არ დგას, არც ევროპის უკეთ გაცნობა, არც მისი ღირებულებების გავრცობა. ამჯერად, მცოცავ "ანტი-ევროპულობის" საფუძველი იქნება, სწორედ ის მატერიალური იმედგაცრუება, რომელიც მოჰყვება ვილნიუსს.

უფრო შენიღბულად მიდის ევროპის დისკრედიტაცია უკვე სხვა არსებითი კუთხით: მისი ღირებულებები გაშარჟებულია ვთომცდა მთელი ევროპა გეი პარადების მომხრე იყოს და ამით შემოიფარგლებოდეს ევროპული კულტურა და ფასეულობები.

ევროპა წარმოდგენილია, როგორც სააკაშვილის ბოლო დამცველი: თურმე პარაფირებაზე უარს იტყვიან (ბერძენიშვილის განცხადება) თუ სააკაშვილი გასამართლდება ან მერაბიშვილი ციხიდან არ გამოვა, ანუ ნელ-ნელა იხატება სურათი (სიმეტრიული იმისი, რაც არსებობდა ამერიკა და სააკაშვილს შორის) სადაც გვთავაზობენ ევროპის ხატს - როგორც დამცველს, არა ადამიანის უფლებების და თავისუფლების, არამედ კონკრეტული და "ოდიოზურ" ფიგურების.

უკრაინის მაგალითი ძალიან საინტერესოა, რომ გავიგოთ საით შეიძლება მიდიოდეს ეს ყველაფერი: უკრაინაში იულია ტიმოშენკოს გამო კი არ დაიხურა უკრაინასათვის ევროპის კარები, არამედ ტიმოშენკოს საქმე აძლევს უკრაინის ხელისუფლებას მოტივაციას, საბაბს და ფარს, რომ დაემორჩილოს მოსკოვის განახლებულ წნეხს.

იანუკოვიჩმა (რომელსაც ადრე არა ნაკლებ პრო-ევროპელად მოჰქონდა თავი) შეგნებულად არ გაანთავისუფლა ტიმოშენკო (რომელიც ადვილად შეიძლებოდა სამკურნალოდ გაეშვა). ამით გამოიწვია ის შედეგი, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო - ევროპის გაფრთხილებების გამკაცრება - (რაც ევროპის ბუნებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო) და ამით (ეროვნული თავმოყვარეობის საფუძველზე) გაემართლებინა ევროკავშირითან ასოცირების შეთანხმების გაყინვა, უვადოდ გადადება და რეალურად რუსეთისკენ მიბრუნება. ნიშანდობლივია, რომ ამ დროს ის აგრძელებლს პრო ევროპულ რიტორიკას!

ჩვენთანაც ასეთივე ნიშნები იკვეთება: მერაბიშვილი ციხეში ჰყავთ უკვე რამდენი თვეა, ევროკავშირი აპროტესტებს, ჩვენი მხრიდან არ სჩანს რეალური მცდელობა პარტნიორებს გავაგებინოთ და დავარწმუნოთ ისინი ამ საქმის არა პოლიტიკურობაში, და სამართლებრივად დავასაბუთოდ მისი ბრალეულობა, თუ ასეთი არსებობს, რადგან საზოგადოება დარწმუნებულია, რომ არსებობს. პირიქით, ისეთი განცდაა, რომ რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება "გაუგებრობა" და უფრო ხშირად გაგვაკრიტიკებენ, მოსახელობა უფრო გაღიზიანდება, ევროპელების უადგილო და დაუსაბუთებელი "რჩევების" "მოწოდებების" გამო და... ამას არავინ ეწინაარმდეგება.

ამ დროს, არავინ საუბრობს იმაზე თუ რა უნდა იყოს ჩვენი და ევროპის ურთიერთობის მთავარი ქვაკუთხედი: თავისუფლება და დამოუკიდებლობა.

ჩვენ ევროპა არ გვჭირდება მისაბაძად, პირიქით ჩვენ ჩვენი "განვითარების მოდელი" უნდა მოვნახოთ და დავხვეწოთ ... მაგრამ ევროპა გვჭირდება მოკავშირედ! აქ ლაპარკი არ არის იმაზე, რომ ევროპა ჩაერთვება რომელიმე ახალ კონფრონტაცია თუ ომში. არამედ იმაზე, რომ საქართველოსთვს იზოლაცია არის დამღუპველი. და თავს ვერ დააღწევს, მისი სახემწიფოებრიობა ვერ გადარჩება თუ არა ევროპულ და დასავლურ ოჯახის წევრობით. (ეს იქნება ევროკავშირში, თუ სხვა ფორმით არა არის მთავარი) რათა პირისპირ არ დარჩეს თავის მეზობლებდთან.

და ყველა დაკნინება ევროპის, მათ მიმართ ცინიკური დამოკიდებულების გაღვივება, გაზრდა ... უფრო აძლიერებს საპირისპირო განწყობას: აბა, რა გვეშველება, ჩვენი დამცველი არავინაა, და აბა, ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთი სჯობს კიდევ .. და ასე შემდეგ!

ამიტომ მიმაჩნია სახიფათოდ დღევანდელი გაუმართლებელი ენთუზიაზმი ვილნიუსის შესახებ, რომელსაც არ ახლავს ცივი ანალიზი დ ხალხისთვის ახსნა იმისი, თუ რას უნდა გონივრულად ველოდეთ ამ შევხედრისგან, როგორც გადაჭარბებული ძახილი ევროპა, ევროპულობა ყველაფერზე (თუნდაც ახალ თვითმართველობის კანონზე, რომელიც მერე დაიმსახურებს უარყოფით შეფასებებს, შიგ ჩაქსოვილ საფრთხეების გამო... და ესეც მერე უკურეაქციას ევროპაზე გადაიტანს) ან კიდევ ევროპელებისთვის გადაბრალება ხელისუფლების უმოქმედობის წინარეჟიმის გასამართების საკითხში ... ეს ყველაფერი მეჩვენება, როგორც ფარული უკრაინული გზა, რომელმაც ორ წელიწადში შეიძლება მიგვიყვანოს "ევრაზია რატომაც არა-დან" იანუკოვიჩის "ჯერ არა-მდე" !!!!" - წერს ზურაბიშვილი.