"ბატონ არჩილ კბილაშვილს ვიცნობ პატიოსან, წესიერ პიროვნებად და კარგ იურისტად. ერთს ვიტყვი - დალაგებულ, სამართლებრივ ქვეყანაში ასეთ პროკურორს ბევრი ინატრებდა - რას ვგულისხმობ, გამგები გაიგებს. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. დრო განსაზღვრავს ყველაფერს - ვგულისხმობ უამრავ გახმაურებულ საქმეს, რომელთა გადაწყვეტა, სამწუხაროდ, ამ ერთი წლის განმავლობაში პროკურატურის მხრიდან ვერ მოხერხდა, თუმცა დაპირებები სისტემატურად გვესმოდა", - აცხადებს ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვახტანგ თალაკვაძე: "პროკურატურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა".
"იმედი მქონდა, რომ სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავეთა დასჯა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მთავარი პრიორიტეტი გახდებოდა, რაც პროკურატურის ხელმძღვანელობის მხრიდან სისტემატურად გვესმოდა საჯარო გამოსვლებში და სატელევიზიო დებატების დროს. იყო დაპირებები, რომ მთავარ პროკურატურაში შეიქმნებოდა ცალკე დეპარტამენტი, რომელიც გადაამოწმებდა და გამოიძიებდა ათასობით პატიმრის საჩივრებს მათი უდანაშაულობის თაობაზე. ადვოკატებმა დავიჯერეთ ასეთი კომისიების შექმნის შესაძლებლობა, დავარწმუნეთ პატიმრები ამ ფაქტის რეალობაში და ათასობით მომზადებული დოკუმენტი შევიტანეთ პროკურატურაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა არსებობის მოტივით. სამწუხაროდ, ეს მასალები დღესაც პროკურატურის თაროებზეა შემოწყობილი ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ თალაკვაძე.
"პირდაპირ ვიტყვი - საკადრო ცვლილებები განაპირობა არა მარტო ამ დაპირებების შეუსრულებლობამ, არამედ პროკურატურის ხელმძღვანელობის მხრიდან არაპროფესიონალიზმმა და არასათანადო კონტროლმა საგამოძიებო სამსახურებზე. სამწუხაროდ, სასამართლოში იგზავნებოდა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებსაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდა. გარდა მოწმეთა განთქმითი ჩვენებისა, ამ საქმეებს სხვა მტკიცებულებები არ ერთვოდა და ჩვენებების სასამართლოში შეცვლის ან დაზუსტების პროცესში პროკურატურის ბრალდებიდან რეალურად არაფერი არ რჩებოდა. ამ ფონზე, 9-წლიანი დიქტატურისგან გათავისუფლებულ მოსამართლეებს გამამართლებელი განაჩენი გამოჰქონდათ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ძალიან კარგად ვიცი, პროკურატურა ბევრ ობიექტურ სირთულესა და წინააღმდეგობას წააწყდა გამოძიების პროცესში, მაგრამ იყო საქმეები, რომლებიც ფაქტობრივად ხელისგულზე იდო და მხოლოდ მისი იურიდიული გაფორმება რჩებოდა, რაც, ჩვენთვის გაუგებარი მოტივებით, არ იყო მიყვანილი ბოლომდე. ავიღოთ თუნდაც "მუხროვანის" საქმე. შს სამინისტროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციით, რომელსაც ძნელად შეიძლება სპეცოპერაცია უწოდო, რადგან გლდანის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა საქმის ფიგურანტების - გია კრიალაშვილის, ლევან ამირიძისა და კობა ოთანაძის - არა დაკავების, არამედ ლიკვიდაციის ოპერაციას. დაიღუპა კრიალაშვილი, ხოლო ამირიძე და ოთანაშვილი ათეულობით ტყვიით იყვნენ დაცხრილულნი და შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს. მე გახლდით კობა ოთანაძის ადვოკატი", - დასძენს ვახტანგ ტალაკვაძე.
"მიუხედავად იმისა, რომ ოთანაძემ და ამირიძემ სრულად ამხილეს ჩადენილ დანაშაულში - სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედრო და ხელისუფლების თანამდებობის პირები, დღემდე რამე საგამოძიებო მოქმედებები საერთოდ არ მიმდინარეობს. ამ დღეებში წავიკითხე ლევან ამირიძის განცხადება, რომ თუ პროკურატურა არ დასჯის ამ სპეცოპერაციის დამგეგმავებსა და შემსრულებლებს, იგი პიროვნულად თავად გაუსწორდება მათ. ეს არის უსამართლობის შედეგად სასოწარკვეთილებამდე მისული პიროვნების განცხადება. სწორედ ასეთი ადამიანების პროტესტმა გამოწვია ის საკადრო ცვლილებები, რაც ამჟამად მიმდინარეობს პროკურატურის სისტემაში. შეიცვალნენ პროკურატურის ხელმძღვანელი პირები და მათი ადგილები დაიკავეს ახალგაზრდა კვალიფიციურმა კადრებმა. მათი შემდგომი პროფესიული წარმატება თითოეულ მათგანზე იქნება დამოკიდებული. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წინასწარი პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. ალბათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ. არჩევანი კი ყოველთვის არსებობს, ამას ვერც კოაბიტაცია და ვერც სხვა ზეგავლენა ხელს ვერ შეუშლის", - მიიჩნევს ადვოკატი.