„გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა“, - ასე ამხნევებს რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებებიც მმართველ გუნდს აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საპროტესტო მუხტს ნაციონალები და მათი აქტივისტები მართავენ.
მმართველ გუნდის თქმით, სწორედ ის ახალგაზრდები არიან აგრესიულები და ცდილობენ პოლიციის პროვოცირებას, რომლებიც კარგად არიან დატრეინინგებულები და ასევე ნაციონალების პარტაქტივს წარმოადგენენ. „ოცნება“ ამბობს, რომ სწორედ კარგად დაგეგმილი პროვაკაცია იყო, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სპეცრაზმში შევარდა და ფაქტობრივად, პოლიციას თავი აცემინა. იგივეს ამბობენ ნიკა გვარამიასა და ალეკო ელისაშვილზე, რომლებიც აქციის მუხტის აწევას პროვოკაციებით ცდილობდნენ.
სააკაშვილი კი „ვივამედიდან“ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ „გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს, რაც შიშის უტყუარი ნიშანია“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ივანიშვილს დასაყრდენი აქტიური ჯგუფი აღარ ჰყავს.
„ეს კარგად გამოჩნდა გუშინწინდელი აქციის დროს, რომელიც ნამდვილად საკუთარ ფეხში გასროლა აღმოჩნდა. გუშინდელმა დარბევამ აჩვენა, რომ სპეცრაზმელებიც არ ჰყოფნით. საგანგებოდ მოუხდათ შავნაბადას სპეცრაზმის გამოყვანაც.
სკვერში, მიწაზე დაყრილი სპეცრაზმელები ძალიან ნიშანდობლივი სურათი იყო. რუსეთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან მოსკოვს ორ ფრონტზე ომის თავი არ აქვს.
ახლა მთავარია არ დავიღალოთ და კიდევ ბევრი ადამიანი ჩაერთოს. ძალადობის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობა.
გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს, რაც შიშის უტყუარი ნიშანია. იმედი აქვთ, რომ თბილისიდან ხალხი დაბრუნდება რეგიონებში, ახლა კი პირიქით, რეგიონებიდან უნდა ჩამოვიდეს ხალხი და ეს დასვენებები იმისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რომ ხალხის მობილიზაცია მოხდეს“, - წერს სააკაშვილი.
„მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით, პოლიციელებისთვის სხვადასხვა საგნის, მათ შორის შუშის ბოთლებისა და ქვების სროლით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის, მდიდარი „ენჯეოებისა“ და მათი მედიასაშუალებების ერთადერთი იარაღი არის ძალადობა. კობახიძის განცხადებით, ამით გამოირჩეოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამით გამოირჩევა ის ახლაც.
„ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ის ფაქტიც, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე მათ არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ამ კანონს მაინც უხეშ იარლიყებს აწებებენ, მათი ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
თბილისის სკრებულოს წევრი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეები ორ ნაწილად უნდა გავყოთ. ბოჟაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ერთი ნაწილია ახლგზრდების, რომლებიც ნამდვილად გულანთებულები არიან და სჯერათ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ევროპში აღარ მიგვიღებენ და მეორე ნაწილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კარგად დატრენინგებული აქტივისტები არიან. ისინი კარგად არიან გაწვრთნილები და სტუდენტებს ამოფარებულები აქციების პროვოკაციას ახდენენ.
„ნაციონალებმა კარგად იციან, რომ ხალხი მათ არჩევნებით უკან არ დააბრუნეებს, ამიტომ მიდიან ყველაფერზე იმისთვის, რომ ძალაუფლება ისევ ხელში ჩაიგდონ და შემდეგ ქვეყანა რუსეთ - უკრაინის ომში ჩართონ. სწორედ ამ სტუდენტებს დაიყენებენ ეს სისხლისმსმელები და ისევ მათ დაახოცინებენ რუსებს. აი, ეს არის ის ძალა, რომელსაც დღესაც კი ახალგაზრდების სისხლის ფასად უკან ხელისუფლებაში დაბრუნება სურს. დანის პირზე დავდივართ იმისთვის, რომ რუსეთმა იგივე არ დაიწყოს და ისევე არ გაგვანადგუროს, როგორც უკრაინა. აი, ამ მონაპოვარის წართევა უნდათ თუნდაც ამ ახალგაზრდებისთვის. ფიზიკურად სწორედ ისინი იქნებიან პირველები, ვინც ამ დაპირიპირებას შეეწირებიან“, - ამბობს ბოჟაძე.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გარკვევით თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს საბოლოოდ სამართლებრივად და პოლიტიკურად პასუხი აგოს.
„პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება, როდესაც ის კიდევ ერთხელ არჩევნებში მარცხს განიცდის, ხოლო სამართლებრივი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო სერიოზულად მოუწევთ. ადეიშვილი, კეზერაშვილი გაქცეულია, ეს პროცესები ბოლომდე მისაყვანია. სააკაშვილს აქვს კიდევ მიმდინარე საქმეები, რომელიც ბოლომდე უნდა მივიდეს. 2013 წელს პირდაპირ გვითხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენა ყოფილა ქართული დემოკრატიისთვის აუცილებელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ახალგზარდები, რომლებიც აქციაზე გამოდიან, მათ გამოყენებას ნაციონალები ცდილობენ. შევხედოთ მთელი ამ აქციების მიმდინარეობისას ვინ არის პროვოკაციების დამწყები - ნიკა გვარამია, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც პოლიციასთან მივარდა, საქმეები გაურჩია და თავი აცემინა. ალეკო ელისაშვილი, რომელმაც მერამდენად აცემინა თავი. ეს ყველაფერი ხდება სპეცილურად, რათა დაიძაბოს პროცესები, მუხტი აწიონ და ხალხი, რომელიც მათ დაძახილზე გარეთ არ გადის, იქნებ ახალგაზრდების ცემის გამო მაინც გავიდნენ“, - ამბობს ბოჟაძე.
მისივე თქმით, მათ აგებინეს პასუხი გიგი უგულავას, მაგრამ ჩვენი პარტნიორების დავალებით ის პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოაშვებინა. ასევე, ნიკა მელია, რომელსაც გირაოს ფული ევროპულმა ფონდმა გადაუხადა. ბოჟაძე აცხადებს, რომ პასუხი აგებინეს „რუსთავი 2“ -ის გამკოტრებელს და „იმედის“ დამრბევ ნიკა გვარამაის, რომელიც ვითომ პოლარიზაციის შემცირების მოტივით ზურაბიშვილმა გაათავისუფლა. არადა გვარამიაა ახლა ამ აქციების ავანგარდში, რომელიც პოლარიზაციის გამწვავების პირველი ხელშემწყობია.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ 29 აპრილის აქციაზე ყველაზე გულწრფელი იქ შეკრებილი ხალხის რეაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებისას მათი მიმართ ზიზღი იყო. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ფიქრობს, რომ აქციაზე მივიდა ის ხალხიც, ვისაც ნაციონალების უკან დაბრუნება არ სურთ და ყველაზე მეტად სძულთ.
„ხალხს იმდენად არ უნდა „ნაციონალური მოძრაობა“, რომ აღარაფერი აინტერესებთ, გარდა იმისა, რომ ისინი უკან არ დაბრუნდნენ. როგორც კი მათი ლიდერები აქცაიზე გამოჩნდებიან, ან რაიმე ერთობაზე საუბარს დაიწყებენ, ის აქციები იქნება დისკრედიტირებული და ის ერთობა იქნება ხალხის მიერ უარყოფილი. სჯობს ასევე მიხეილ სააკაშვილი გაჩუმდეს, რადგან ამ განცხადებებით, ხელს მხოლოდ „ოცნებას“ უწყობს. ხაბეიშვილს ვუსმენდი და იძახის, რა დროს პარტიულობაა, ყველა ერთად უნდა გამოვიდეთო. ეს არის უბედური განცხადება, რადგან ხალხს სწორედ ამის ეშინია. მათ ქართველი ხალხისთვის ბოდიში არ მოუხდიათ. სისხლიანი 9 წელი ყველა ოჯახს შეეხო თითქმის. ისინი არ ამბობენ უკან რომ დაბრუნდებიან ეს სასამართლო იქნება? რას იზამენ პოლიციასთან მიმართებაში, რა ხედვები აქვთ სხვა საკითხებთან დაკავშირებით? ხალხს ამაზე არ ესაუბრებიან.
ახლა ნაციონალები რომ დაბრუნდნენ, ხალხი ფიქრობს, ეს იქნება მაშინდელი რეჟიმი კუბში აყვანილი. მაშინ თუ „ოცნება“ რუსეთსა და ევოპას შორის არჩევანს გვაკეთბინებს, ნაციონალები სიცოცხელსა და სიკვდილს შორის არჩევნას გვთავაზობენ - აი, ეს დაამოკიდებულება აქვს ხალხს ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. ამიტომ „ოცნება“ მანამდე გაიტანს ამ კანონს, სანამ ხალხი ამის უფლებას მისცემს. ნაციონალები პოლიტიკურ საფრთხობელად არიან ქცეულები. იმის მაგივრად „ოცნების“ ნარატივი არ გაამყარონ, პირიქით საუბრობენ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.