კონფლიქტოლოგი მამაუკა არეშიძე for.ge-სთან ინტერვიუში ქვეყანაში, ბოლო დროს, განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ კანონის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს კონკრეტული ინტერესები და მიზნები აქვს. არეშიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ნამდვილად არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან აფილირებულები, რადგან სააკაშვილმა შეძლო და მოახერხა, რომ მისი პარტაქტივისთვის დასავლეთიდან დონორების სახით დაფინანსება უზრუნველყოფილი ჰქონოდა. სწორედ ეს ძალები არიან, რომლებიც ახლა კანონის წინააღმდეგ გაშმაგებით იბრძვიან.
„გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ხელისუფლებამ მესამე მოსმენით მიიღო, ოპოზიციისთვისაც და მმართველი გუნდისთვისაც ძალიან პრინციპული აღმოჩნდა. დათმობას ოპოზიცია არ აპირებს და აქციები რუსთაველის გამზირზე გრძელდება. რატომ არის ეს კანონი ხელისუფლებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი?
- ამ კანონის გარშემო მხარეები ახლა რასაც ლაპარაკობენ, თავიდან რომ ესაუბრათ, უკეთესი იქნებოდა. ერთი მხრივ გაუთავებელი საუბარი იმაზე, რომ ეს ე.წ. რუსული კანონი იყო და არავინ არაფერს ხსნიდა, ამან გამოიწვია სწორედ ეს გაუგებრობა. თავიდანვე ვიტყვი, რომ მე, რომელიც კონკრეტული გამოწვევების მიმართ ვმუშაობ, ძალიან ხშირად ვხვდები აბსოლუტურად დახურულ არასამთავრობო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ვერ გაიგებ ერთი შეხედვით ეს ორგანიზაციები რა ფუნქციას ასრულებენ. თუმცა ნელ-ნელა ხვდები, რომ ისინი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ეს შეეხება, ჩემს შემთხვევაში, უფრო მეტად რუსულს და სამხრეთის ქვეყნებს, არ მინდა ქვეყნების სახელწოდებაზე უფრო დავკონკრეტდე.
ვმუშაობ ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე გამოწვევებზე და მსგავს ფაქტებს ვარ შესწრებული. უამრავი ნახევრად პოლიტიკური, რელიგიური, კულტურის ცენტრის დასახელებით არსებული ორგანიზაციებია, რომელთაც არასამთავრობო ორგანიზაციების სტატუსი აქვთ და თავისი ქვეყნის ან პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ევროპაში განლაგებული ორგანიზაციები მოქმედებდნენ. მათ შორის მსხვილი ეკოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც შემდეგ გაირკვა, რომ დონორი ჰოლანდიაში იყო, ხოლო „გაზპორმის“ მხრიდან ფინანსდებოდა.
ამიტომ ასეთი ტიპის კანონი აუცილებელია, საჭიროა და ადრეც უნდა ყოფილიყო მიღებული. თუმცა, არის კანონში მუხლები, რომლებიც ჩემთვის მიუღებელია. აგენტი იქნება თუ უცხო ქვეყანაზე მომუშავეს სტატუსი, არ მომწონს. ვერავინ ვერ დამისახელა არგუმენტი რატომ უნდა მომწონდეს. თუმცა არც ის არგუმენტი მუშაობს ჩემთან, რომ ეს რუსული კანონის ანალოგია. ამ კანონის პათოსს ვემხრობი თუმცა ფორომა არ მომწონს.
ხელისუფლება ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არიან პოლიიტკური პარტიები ამოფარებულები, რომლებიც სწორედ დასავლეთიდან შემოსული თანხებით კანონის ავლით ფინანსდებიან. მმართველი გუნდი ამბობს, რომ 70 მილიონამდე გაუმჭვირვალე თანხა აქვს ამ ორგანიზაციებს აღებული და რაზე დაიხარჯა ცნობილი არ არის. რაზე საუბრობს ხელისუფლება და რამდენად რეალურია ეს ბრალდებები?
-ასეთი შემთხვევები მე მქონდა, როცა პოლიტიკური ორგანიზაციები გაუმჭვირვალე თანხებით ფინანსდებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული ფულიდან უამრავი თანხები, რომელიც არ არის გამჭვირვალე, მის მონათესავე პოლიტიკურ ორგანიზაციებში მიდის. ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შესაძლოა ისეთი სახელი ერქვათ, რომლსაც ხვდები, რომ პოლიტიკასთან საერთო აქვს, მაგრამ მთლად არ არის ღიად დაფიქისრებული. მაგალითად, არა აქვს პარტიის ფორმა და სტატუსი, მაგრამ პოლიტიკური გაერთიანებაა. ეს არ არის ცალკეული შემთხვევები, ასეთი ფაქტები ბევრი მომხდარა და ბოლო დროს ძალიან არიან გამრავლებულები.
არასამთავრობოების ციფრი ბოლო წლებში ბევრად გაზრდილია, რა არის ამის მიზეზი? დასავლეთიდან გაზრდილი დაფინანსება?
- დიახ, ბოლო წლებში ეს რიცხვი ძალინ გაზრდილია. დააკვრდით მათ, ისინი ძირითადად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან აფილირებულები. ამას ორი მიზეზი აქვს - ერთი ის, რომ პარტია თავისი წევრების დასაქმებას ცდილობს, ხოლო მეორე მიზანია ამ ორგანიზაციების მეშვეობით პარტიული დაფინანსება მოხდეს, მათი მეგობარი ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც დასავლეთში არსებობს მათ შორის. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ამ მიმართულებით ძალიან ნაყოფიერად იმუშავეს. მათ შექმნეს სამეგობრო პლატფორმები და საქმიანი ურთიერთობები, რომ ასეთი ტიპის დაფინანსებას მუდმივი ფორმა ჰქონოდა.
„ნაციონალურ მოძრაობას“, როცა ის ხელისუფლებაში იყო, ენჯეოებიდან მიღებული ფული ნამდვილად არ სჭირდებოდა. თუმცა თავისი საყრდენი ენჯეობი ჰყავდა და სულ ცდილობდა მათ დაფინანსება ჰქონოდა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ებრძოდა ის ზოგიერთ მსხვილ ორგანიზაციას, რომელიც მის ნება-სურვილს არ ასრულებდა. მაგალითიად, იგივე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“.
რამდენ ორგანოზაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, რომლებიც ნაციონალებთან თანამშრომლობენ და მათ ხელისუფლება ე.წ. მდიდარ ენჯეოებს ეძახის?
-ეს ეხება ძალიან რომ გავჭიმოთ, 100-მდე ორგანიზაციას. დანარჩენების რიცხვი ძალიან დიდია, რომლებიც აბსოლუტურად უანგაროდ, თავის პროფესიულ სამქიანობას ასრულებენ. ის, რომ დასავლეთი წლების განმავლობაში საქართველოში უამრავ დახმარებას აგზავნის, ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უფასო ყველი სათაგურშიც არ არის. სოროსს აქვს ნათქვამი, როცა ჩემს საქველმოქმედო საქმიანობას ვახორციელებ, ეს ეხება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. ბუნებრივიც არის და ამაში გასაკვირი არაფერია. უბრალოდ, ამ ინტერესების კორექტირება უნდა მოახდინო საშენოდ. არც იმის ინტერესები უნდა იყოს შელახული, როგორც მოკავშირის და არც შენი.
ბოლო დროს დასავლეთიდან მმართველი გუნდი ამ კანონის გამო სერიოზულ ზეწოლას განიცდის. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის ნაციონალების მიერ ლობიზმით დაკავებული ევროპარლამენტარები, რომლებმაც რეზოლუცია სააკაშვილის დედის გიული ალასანიას კარნახით მიიღეს. რა ხდება ამ მხრივ, რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ამ კანონის უსაფრთხოებაში მათ დარწმუნებას?
- ბიძინა ივანიშვილს, რამდენადაც მე ვიცნობ, წამგებიანი თამაში არ უყვარს. ის ყოველთვის ცდილობს, რომ ისეთი დრო და მომენტი შეარჩიოს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. როგორც ყოველთვის, ეს ნაბიჯი მისთვის და საქმისთვის სარგებლიანია. ივანიშვილის ბიოგრაფიას რომ გადახედოთ, ჩემს სიტყვებში დარწმუნდებით. ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელი ამ პროცესის მიმართ, სრულიად სხვა ურთიერთობები არსებობს, მათ შორის დასავლეთში. ის შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიო პოლიტიკას ევროპარლამენტარი ფოტიგა არ ქმნის. არც ის 14 ამერიკელი სენატორი, რომელმაც წერილი გამოაგზავნეს. მსოფლიო პოლიტიკას ქმნიან ფინანსური სტრუქტურები, რომლებიც ნებისმიერ პოლიტიკის უკან არსებობენ. გინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და გინდა სხვაგან. არსებობს ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომელთაც, რასაკვირველია, თავის კორექტივები შეაქვთ მსოლფიო პოლიტიკაში. დღევანდელ ამერიკის ვითარებასაც ეტყობა ვინ დგას რესპუბლიკელების და დემოკრატების უკან. რამდენად ძლიერია ეს თუ ის პოლიტიკური ძალა.
ბიძინა ივანიშვილმა პირველად ახსენა „გლობალური ომის“ პარტია და, ფაქტობრივად, თქვა, რომ სწორედ ამ ძალას არ სურს „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, რადგან მათ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გახსნეს. ის პირველად ღიად ალაპარაკდა, დასავლელი პოლიტიკური წრეების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ლობირებაზე. ვინ არის ეს ძალა და რას გულისხმობს ივანიშვილი?
- „გლობალური ომის პარტიაში“ არ გულისმხობს ქვეყანას, აქ საუბარია დასავლეთში არსებულ ზოგიერთ პოლიტიკურ წრეზე, ადამიანებზე. კონტურები ჩემთვის დაახლოებით ცნობილია, მაგრამ ამაზე ღიად არ ვისაუბრებ. ერთ ფაქტზე მოვყვები, როცა ჩემს რამდენიმე ქართველ კოლეგას, ამერიკელ კოლეგებთან 2009 წელს გვქონდა საუბარი 2008 წლის ომში თეთრი სახლი რამდენად იყო ჩართული, ამ სერიოზულ კამათში, ამერიკელები გვიმტკიცებდნენ, რომ პირიქით, თეთრი სახლი ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს ომი თავიდან აცილებული ყოფილიყო. თუმცა ერთ-ერთმა ქართველმა კოლეგამ ჰკითხა, გასაგებია თეთრი სახლის პოზიცია, მაგრამ პენტაგონიო? იქიდან პასუხად დუმილი იყო.
ზოგ შემთხვევაში ასეთი რამე ხდება, როცა ერთი უწყება ერთ პოზიციაზე დგას და მეორე სრულიად სხვა პოზიციაზე არის. ამერიკას ასეთი ფუფუნების უფლება აქვს. დააკვირდით ევროპარლამენტს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, „სახალხო პარტიის“ მეთაურობით, ხოლო არის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათ ან აკრიტიკებენ ან ნეიტრალურები არიან. „ოცნების“ შეცდომაა, როდესაც ხელისუფლებაში მოსვლის დასაწყისში ლობისტურ საქმიანობაზე უარი თქვა.
აქციებთან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველზე იმართება, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დაიღლებიან და თავიანთ ენერგიას შემოდგომამდე დახარჯავენ. როგორ ხედავთ ამ აქციების გაგრძელების პერსპექტივას და ვინ დაგას ამ საპროტესტო მუხტის უკან რეალურად?
- აქციაზე მისული ადამიანები რამდენიმე კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. იქ არის ადამიანების ნაწილი, რომლებსაც ამ კანონის მიღება მართლა არ უნდათ. ხოლო არის ორგანიზებული ნაწილი, რომელიც მისულია, რომ ეს კანონი ხელისუფლებას არ მიაღებინოს, ეს არის, ძირითადად, პარტიული ნომენკლატურა, პარტიასთან აფილირებული ახალგაზრდების ჯგუფები. მე თავად ვარ შემსწრე, ლექციაზე მყოფ ჩემს სტუდენტებს ესემესი როგორ მოუვიდათ. თავად მაჩვენეს როგორ ხდებოდა ამ აქციების ორგანიზება. შეთანხმების რეალიზაცია, ვიკრიბებით აქ, ასე და ასე უნდა მოვიქცეთ. ამაშიც ვერ ვხედავ განსაკუთრებულს, რადგან ჩვენი პოლიტიკური ცოხვრების წესი ასეთია. დღეს როცა ხაბეიშვილი დავინახე, გამახსენდა ამაზე უარეს მდგომარეობაში მყოფი ელდარ კურტანიძე. საშინლად ნაცემი ხალხი 7 ნოემბრის აქციაზე. ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. იგივე „უცნობი“, რომლიც დღემდე იმ დაავადებებს ებრძვის. თვალების დათხრა ხომ საერთოდ რა მოსატანია. საზოგადოების დიდ ნაწილს ამიტომ არ სჯერა ნაციონალებთან აფელირებული ჯგფების. ეს პრინციპი მუშაობს, როცა შენ უარესი გაქვს გაკეთებული, ბოდიში არ მოგიხდია, ხოლო გამოდიხარ და თავს დაზარალებულად ასაღებ, არავინ დაგიჯერებს.
ხალხი, მასა იმიტომ არსებობს, რომ ემოციები დახარჯოს და ორთქლი გამოუშვას. ეს, უბრალოდ ანტურაჟია.
გადაწყვეტილებები კი სხვაგან მიიღება. კანონები და მოვლენები, რომელიც სხვადასხვა მხარის ფულიან ხალხს აწყობს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღება ხოლმე. ოპოზიცია პატარა კნავილითაც კი არ წაიკნავლებს.