ეკონომიკის ზრდის ტემპი იმდენად მაღალია, რომ ყველა „კანონზომიერებას“ ეწინააღმდეგება

ეკონომიკის ზრდის ტემპი იმდენად მაღალია, რომ ყველა „კანონზომიერებას“ ეწინააღმდეგება

არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი და ეკონომიკური ზრდის ტემპი ქვეყანაში არათუ მცირდება, არამედ სწრაფად იზრდება. მასზე არ მოქმედებს არც პოლიტიკური მღელვარება და არც ტრადიციული წინასაარჩევნო დაძაბულობა.

საქართველოს სტატიტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2024 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 7.8%-ით განისაზღვრა.

კერძო სექტორის ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 12.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.5%-ით მეტია.

მიმდინარე წლის თვეების მიხედვით ეკონომიკური ზრდა ასე ნაწილდება, იანვარი - 5.8%; თებერვალი - 9.5%; ხოლო მარტი - 8.2%.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებად დაასახელა ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის ზრდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, რომელმაც 2024 წლის პირველ კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2024-29 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონის, ისე ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის.

საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ხელს უწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუანრიანობის წახალისებას, რაც, საბოლოო ჯამში, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნაში, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაში, სიღარიბის შემცირებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში აისახება“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მიღწეულ შედეგს გამოეხმაურნენ საკანონმდებლო ორგანოშიც. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ქვეყანას ექნება როგორც პირდაპირი, ასევე აკუმულირებული ირიბი ეფექტები.

„გასათვალისწინებელია, რომ „შუა დერეფნის“ კონტექსტში იზრდება საქართველოს, როგორც ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობა და ფუნქცია, რომელიც უკვე მატერიალიზებულია ბიუჯეტში კონკრეტული შემოსავლების სახით. ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გვექნება როგორც პირდაპირი, ასევე აკუმულირებული ირიბი ეფექტები. ეს არის სწორედ ის თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები და პროექტები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს და რომელსაც გრძელვადიანი სარგებლიანობის პერსპექტივაში ვუყურებთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სპეციალისტები კი ხაზს უსვამენ, რომ ფასების სტაბილურობა და დაბალი ინფლაცია ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოსახლეობის რეალური შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდისთვის. ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს. ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის შეფასებით, ფულადი ტრანზაქციების შემცირება რუსეთიდან და ზრდა ევროპის ქვეყნებიდან და აშშ-დან, ადასტურებს საქართველოს მოსახლეობის მზარდ ეკონომიკურ და მენტალურ კავშირს დასავლეთთან.

„2024 წლის მარტში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი ზრდა - საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის მარტში გაიზარდა 8.2 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის მარტის მაჩვენებელს 29.9 პროცენტით გადააჭარბა.

სამომხმარებლო ბაზარზე ფასების დონე ინარჩუნებდა სტაბილურობას. წინა თვესთან იგი უმნიშვნელოდ (0.01%-ით) გაიზარდა, ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით - მხოლოდ 0.5 პროცენტით.

ასეთი დაბალი ინფლაცია საქართველოში არ დაფიქსირებულა: მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, 2013 წლის მარტის შემდეგ, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით - ბოლო თითქმის 7.5 წლის მანძილზე (2016 წლის ნოემბრიდან). ასევე, აღსანიშნავია, რომ 12 თვის საშუალო ინფლაცია (0.7%) მარტში ყველაზე დაბალი აღმოჩნდა ბოლო 20-თვიან პერიოდში (2022 წლის ივლისის შემდეგ).

უკვე მეექვსე თვეა (2023 წლის ნოემბრიდან), რაც ფასების ინდექსი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მცირდება. ამასთან, ბოლო 12 თვიდან ფასები სურსათზე კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა და 2024 წლის მარტში წინა წლის მარტის მხოლოდ 95.9 პროცენტი შეადგინა.

305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, საიდანაც იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია), 2024 წლის მარტში წინა წლის მარტთან შედარებით ფასების დონე შემცირდა 142 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე.

ფასების სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოსახლეობის რეალური შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდისთვის.

ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მთლიანი ექსპორტი, ისე ადგილობრივი ექსპორტი მარტში შემცირდა წინა წლის მარტთან შედარებით, მათი აბსოლუტური მოცულობები (შესაბამისად, 522.7 მლნ. აშშ დოლარი და 289.5 მლნ. აშშ დოლარი) მაინც ყველაზე მაღალი იყო ბოლო ექვსთვიან პერიოდში. მარტში რეექსპორტი გაიზარდა 4.3 პროცენტით და 289.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მის წილად მოდიოდა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 55.4 პროცენტი (2023 წლის მარტში - 49.2%).

ექსპორტის მდგომარეობა მარტში განაგრძობდა გამოსწორებას და მისმა მოცულობამ იანვრის დონეს 54.4 პროცენტით გადააჭარბა, მაშინ როცა იმპორტი იმავე პერიოდში მხოლოდ 5.3 პროცენტით გაიზარდა.

წლის დასაწყისიდან საქართველოდან განხორციელებულ მთლიან ექსპორტში პირველი 5 ადგილი ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა დაიკავეს (ყირგიზეთი, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომელზეც საქართველოს მთელი ექსპორტის ნახევარზე მეტი (50.1%) მოვიდა.

ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2024 წლის პირველ კვარტალში 39.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის მხოლოდ მარტში – 45.7 პროცენტი. ამასთან, საქართველოდან ექსპორტით პირველ ადგილზე მყოფ ყირგიზეთთან ყოველ 1 დოლარის იმპორტზე მოდის 191.3 დოლარზე მეტი ექსპორტი, ანუ ადგილი აქვს ვაჭრობის ცალმხრივ ზრდას, ძირითადად რეექსპორტის მატების ხარჯზე.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა დაახლოებით 140 სახელმწიფოსთან, ამასთან ასეთი ურთიერთობების მრავალვექტორულობაზე სიმბოლურად მიუთითებს ის გარემოება, რომ 2024 წლის პირველ სამ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვის თითქმის თანაბარი მოცულობა დაფიქსირდა ჩინეთსა და აშშ-სთან (7.0-7.0 პროცენტი თითოეულთან), ისევე როგორც ყირგიზეთთან და გერმანიასთან (5.0-5.0 პროცენტი).

2024 წლის მარტში საქართველოში გაიზარდა ფულადი ტრანზაქციები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან, მათ შორის ევროპის 23, აქედან კი - ევროკავშირის 18 სახელმწიფოდან.

ფულადი ტრანზაქციების შემცირება რუსეთიდან და ზრდა ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდან, ადასტურებს საქართველოს მოსახლეობის მზარდ ეკონომიკურ და მენტალურ კავშირს დასავლეთთან. ამასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი ხაზს უსვამს ამაში ქვეყნის შიდა, ენდოგენური პოტენციალის ამაღლებას. აღნიშნული დიდწილად მიღწეულია საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციებისათვის სასურველი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებით, ქვეყნის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის საგრძნობი ზრდითა და რეგიონული ჰაბის მზარდი როლით“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

პირველ კვარტალში მიღწეულმა მშპ-ს ზრდის მაჩვენებელმა ყველა ოპტიმისტურ პროგნოზს გადააჭარბა. ასე რომ, მალე როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ანალიტიკური ორგანიზაციები საკუთარ შეფასებებს გადახედავენ.

DDDzia "ეკონომიკის ზრდის ტემპი იმდენად მაღალია, რომ ყველა „კანონზომიერებას“ ეწინააღმდეგება", რის გამოც მოსახლეობის ცხოვრების დონე ვერ ეწევა.
6 თვის უკან