რა დაანახა 29 აპრილის სახალხო შეკრებამ დასავლეთს და ქართულ ოპოზიციას?! მმართველი გუნდის ჩანაფიქრი იყო, რომ უცხოეთშიც გაეგოთ ილიას სიტყვები - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“.
თუმცა პროცესები სხვაგვარად დაინახეს შიდა რევანშისტულმა ძალებმა. მათ „ნორჩი ლენინელების“ შეკრებად წარმოსახეს 29 აპრილის აქცია. სააკაშვილმა კი გამოაცხადა, რომ ამ აქციით ივანიშვილმა ომი გამოუცხადა დასავლეთს. უფრო შორს წავიდნენ ოზიციურად განწყობილი ცალკეული ადამიანები და დაასკვნეს, რომ ბიძინას ეშინია რევოლუციების, ამიტომაც მოაწყო ეს შეკრება.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ განწყობა, რაც სუფევდა საყოველთაო-სახალხო შეკრების მონაწილეებში, არავითარი ძალდატანების კვალს არ ტოვებდა. აქციაზე ადამიანები თავიანთი ნებით მივიდნენ და მანამდეც, სანამ ეს შეკრება მოეწყობოდა, ბევრი ადამიანი გამოთქვამდა გულისწყრომას იმის გამო, რომ ოპოზიცია აფიქსირებდა იმ მოთხოვნებს, რასაც საერთო არ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. ამიტომ ასეთი შეხვედრის ჩატარება აუცილებელი იყო და იმ ადამიანთა განწყობას ეხმიანებოდა, რომლებიც იქ მივიდნენ.
„ხალხს უნდოდა იმის დაფიქსირება, რომ საქართველო არ არის ის, რასაც გვთავაზობს ოპოზიციის მცირე, მაგრამ პასიონარული ჯგუფი, რომელიც იმიტომ არის პასიონარული, რომ ქვეყნის გარედან ფინანსდება. ყველა მათი ქმედება, სლოგანი, რეაქცია გარედან შემოტანილ ტექნოლოგიებში ჯდება. უტიფარი ადამიანები არიან, თეთრზე შავს ლაპარაკობენ. ისინი მუშაობენ ჯინ შარპის და აკერმანის მეთოდებით. უბრალო ადამიანმა შეიძლება ეს ვერ შეამჩნიოს, მაგრამ მე პოლიტოლოგი ვარ და ვხვდები, რომ მათი ყველა ქმედება ამ ტექნოლოგიებს უკავშირდება. წარმოიდგინეთ, ამდენი მაისური, ამდენი სლოგანი, ტრანსპარანტები, დროშები - ყველაფერი მიუთითებს, რომ ისინი ფინანსდებიან. უბრალოდ, მმართველმა გუნდმა რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანების ტრანსპორტირება დააფინანსა. ხალხი ადგილიდან არ დაძრულა, მათ გამოხატეს დადებითი რეაქციები ლიდერების, განსაკუთრებით კი, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლისას. ეს იყო იმის დაფიქსირება, რომ ოპოზიციას არ გაუვა მორიგი შანტაჟი“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.
მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი გამოირჩევა იმით, რომ სიტყვით გამოსვლისას ძალიან გულწრფელია. თამარ კიკნაძის თქმით, რაზეც ბიძინა ლაპარაკობდა, ამის შესახებ შეფარულად რამდენიმე წელიწადია თავადვე საუბრობს, მათ შორის, გავლენის აგენტებზე, გარედან დაფინანსებაზე, თავს მოხვეულ დღის წესრიგზე. გასაკვირიც არაა, რომ ბევრი ადამიანი კმაყოფილი დარჩა ბიძინა ივანიშვილის გულახდილი გამოსვლით.
„ბიძინა ივანიშვილმა თქვა ჩემთვის საყვარელი ფრაზა, რომ პოლიტიკაში მთავარია ბიბლიური ჭეშმარიტება დაიცვა, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს - არის დრო ქვების გაბნევის და ქვების შეგროვების. ბიძინამაც ამას გაუსვა ხაზი, რომ შესაძლოა, მას უნდოდა კიდეც სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ „ქართული ოცნება“ თავის მოქმედებებში თავისუფალი არ იყო. ახლა მოვიდა იმის დრო, რომ სამართლიანობას შეიძლება ხორცი შეესხას, რასაც დიდი იმედით ველოდები“, -აღნიშნა თამარ კიკნაძემ.
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძისთვის გასაკვირი და მოულოდნელი არ ყოფილა ხალხმრავლობა მმართველი გუნდის შეკრებაზე, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია დააორგანიზოს ასეთი აქციები. გვახსოვს 2012 წელს სააკაშვილმა მთელი სტადიონი გაქვსო, მერე დაკეტეს გასასვლელები, რომ ხალხი არ გაპარულიყო. ანალოგიურად ახლაც შუქები ჩააქრეს რუსთაველზე.
„ასე არ არის, თითქოს ხელისუფლებას ჰყავს თავგადაკლული მომხრეები და იმ მომხრეებს ერთი სული აქვთ, როდის ჩამოვლენ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად თბილისში, ეს გზა შევარდნაძის დროსაც გავიარეთ, გამსახურდიას დროსაც, ახალი არაფერია. საინტერესო ის არის, რომ გარკვეული დროის შემდეგ ასეთნაირად მოწყობილი აქციები სწორედ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს, ეს ხალხი უკან ბრუნდება, მათ ყველას ჰყავთ მიკრო სოციალური წრე, მეზობელი, ნათესავი, მეგობარი და ჩნდება კითხვა, რატომ წახვედი აქციაზე?! ეს ადამიანებიც იწყებენ თავის მართლებას და იმის მაგივრად, ეს ხალხი გახდეს ხელისუფლების პროპაგანდისტი, რეალურად ანტისახელისუფლებო პროპაგანდას ეწევა. ხელისუფლებები, როგორც წესი, ამას ან ვერ ხვდებიან, ან ისე უჭირთ, უკვე აღარ აინტერესებთ შედეგი“, -აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბრისას და, შეკითხვის საპასუხოდ, რას იტყვის ოპოზიციის ბრალდებაზე, თითქოს ხელისუფლებამ თბილისი დაკარგა, განმარტავს, რომ რთულია იმის თქმა, თითქოს თბილისში ხელისუფლებას მხარდამჭერები ნაკლებად ჰყავს, ან როგორ შეიძლება, მხარდამჭერები არ ჰყავდეს სახელისუფლებო პარტიას?!
პირიქით, ადმინისტრაციული რესურსია თბილისში და ამ აქციაზეც ადმინისტრაციული რესურსი იყო როგორც თბილისიდან, ისე რაიონებიდან, იყვნენ კოორდინატორები, რომლებიც მუშაობდნენ სკოლებში, სახელისუფლებო დაწესებულებებში, პოლიციაში. ზოგადად, ასე გროვდება ხოლმე მიტინგზე გამოსაყვანი ხალხი ყოველი ხელისუფლების დროს. სამაგიეროდ, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ოპოზიციის მხარდამჭერები თავისით მოდიან.
„ახლა ამბობენ, ოპოზიციაში ფულადი ინტერესებია, კლუბური ნარკოტიკებია, რასაც ეტანება ახალგაზრდობა, მაგრამ, თუ კლუბური ნარკოტიკით აგზნებული ბავშვები გამოდიან ქუჩაში, მაშინ ხელისუფლება რას აკეთებს, აქამდე რატომ მიუშვა საქმე 12 წლის განმავლობაში?“, - ინტერესდება პოლიტოლოგი და ყურადღებას ამახვილებს ივანიშვილის ერთ შეცდომაზე, როცა მან თქვა, პროტესტანტები დაიღლებიანო. ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, ეს ძველი თაობა არ არის, ესენი ახალგაზრდები არიან, განსხვავებით, 4-5 წლის წინანდელი ასაკობრივი შემადგენლობისგან, მანიფესტაცია და მიტინგი ძალიან გაახალგაზრდავდა. ამდენად, ეს ხალხი არ დაიღლება.
რაღას უყურებენ ესენი ..................... გაუშვით მოდელირებული ქრონიკის სტილით 26 მაისის კადრები ............. გაუშვით
გაუშვით. გაუშვით მანამ საქართველოს ბოლომდე არ დაგაჯვამენ შინაური გარეული მტრები.....