ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ზედა პალატის ორპარტიული ჯგუფი, 14 სენატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს. სენატორები ხელისუფლებისგან გამჭვირვალობის კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული გახდებიან, საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ. სენატორები აკონკრეტებენ, რომ ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესებაში, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტასა და სავიზო შეზღუდვების გაფართოებაში.
ამერიკელი სენატორები წერილში წერენ, რომ ქართული კანონპროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება და მედიაა და პროექტი აშშ-ის არც ერთი კანონის ანალოგი არ არის. ამას „ქართული ოცნებაც“ ეთანხმება, თუმცა ამბობენ, რომ ამერიკული „ფარა“ გამჭვირვალობის კანონთან შედარებით უფრო მკაცრია. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ფინანსების გამჭვირვალობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობისა და ნდობის ხარისხს გაზრდის. საუბრობენ იმაზეც, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადახედვას ნამდვილად საჭიროებს, თუმცა გაუმჯობესების კუთხით.
„პირდაპირ და კატეგორიულად გეუბნებით, რომ ჩვენც მოვუწოდებთ იმ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, უნდა უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები: უნდა გაიხსნას ვიზა, თავისუფალი უნდა იყოს გადაადგილება - პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება“, - ამბობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი, მამუკა მდინარაძე.
მისი განცხადებით, საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან და საქართველოს მეგობრულ დამოკიდებულებას აშშ-დანაც შესატყვისი დამოკიდებულება სჭირდება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ აშშ-ში გამგზავრება, უნდა გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდინარაძისთვის გაუგებარია, რას უნდა გადახედონ სენატორებმა.
„ვიზალიბერალიზაცია, რომელიც არ არის დღეს, თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ გვაქვს დღეს - ესენი უნდა გაიხსნას. თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით - არაა, ინვესტიციები უნდა გაიზარდოს, უნდა შემოვიდეს მეტი ინვესტიცია საქართველოში აშშ-დან. თუ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ აშშ-ში, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები უნდა გვქონდეს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ამდენი წელია სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ხელი მოწერილი, 10 წელზე გაცილებით მეტია გასული და პირდაპირი ფრენები არ გვაქვს. დიახ, უნდა გადაიხედოს, ამ საკითხს ჩვენ ვაყენებდით. არანაირი ულტიმატუმი არ არის, თქვენ გინდათ ულტიმატუმი დაარქვათ, მაგრამ ასეთია ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების მიმართ. თუ ჩვენ მართლა მეგობრები ვართ და ჩვენი დამოკიდებულება ასეთია, ამ დამოკიდებულებას შესატყვისი თანხვედრა სჭირდება მათი დამოკიდებულების. როცა არაფერი არ გაქვს, რაღა უნდა გადაიხედოს? თავისუფალი ვაჭრობა უნდა გადაიხედოს, თავისუფალი საჰაერო მიმოსვლა უნდა გადაიხედოს თუ რა? - დიახ, თუ გადასახედია, უნდა გადაიხედოს და ამერიკელი ხალხის ფული სად მიდის საქართველოში, ესეც უნდა გადაიხედოს, რასაც „გამჭვირვალობის კანონი“ უზრუნველყოფს“. - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე for.ge-სთან ინტერესდება, რა ურთიერთობის გაწყვეტით გვემუქრებიან სენატორები. მისი თქმით, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა და არც პირდაპირი ფრენები არ გვაქვს. ამიტომ რა ურთიერთობის შეწყვეტაზე საუბობენ, მისთვის გაუგებარია.
„რაო, ნატოში მიგვიღეს და იქიდან გამოგდებით გვემუქრებიან? ეს არის ტემპერატურის და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დაძაბვის მცდელობა. რაც ვერ გააკეთა რეზოლუციამ და ევროპარლამენტარებმა, ახლა ესენი ცდილობენ. ისეთი წითელი ხაზები გადაკვეთა ამ 14-მა სენატორმა, რომ ახლა სრულიად ერი გააერთიანეს ამ ფესევდოლიბერალების წინააღმდეგ. ჩვენ ვნახეთ ასევე საპატრიარქოს განცხადებაც, რის შემდეგაც შესაძლოა, ხალხის რაოდენობა გამოვდეს 29 აპრილს.
ვერც მიხვდნენ რა პროცესებს ჩაუყარეს საფუძველი. ალბათ, 29 აპრილს რეფერენდუმის შედეგს ნახავენ, სადაც საქართველოს მოსახლეობამ 31 მარტს თქვა, სურდათ თუ არა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ახლაც იგივე კითხვას გასცემენ პასუხს, რომ უნდათ ნამდვილად სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება. 30 წლის წინ, როცა მოსკოვს გავექეცით და უარი ვუთხარით, ახლა არანაირად არ გვჭირდება ახალი ბატონი და პატრონი. ნატოში ახლა ჩვენი ღირსებით და იდენტობით უნდა შევიდეთ და არა თავში წამორტყმით და პლანტატორის დამოკიდებულებით“, - ამბობს ქადაგიძე.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ რეკომენდაციის სახის არის, სენატორები მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობენ, რომ შიდა საქმეებში ვერევით და ჩვენი ნება-სურვილის მიხედვით თუ არ გააკეთებთ, რასაც გეტყვით, მაშინ მათრახს მოგიღერებთო.
„ნამდვილად, ამ ტონით პარტნიორები ერთმანეთს არ ესაუბრებიან და თუკი საჭირო გახდება, მაშინ ურთიერთობებს ნამდვილად უნდა გადახედონ. ჩვენ ორიენტირები ძალიან კარგად გვაქვს განსაზღვრული. პირველ რიგში, ჩვენი სწორებაა, მამული, ენა და სარწმუნოება და მის რევიზიას ვერავინ მოახდენს - აქ ვერანაირი თაბაგარები და მისდაგვარი უსამშობლოები ამას ვერ შეძლებენ. ყველამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ეს არის გლობალური ომის პარტიის მიერ მართული პროცესები. ეს სენატორები არიან სწორედ 2013 წელს ვანო მერაბიშვილს პოლიტპატიმარს რომ ეძახდნენ. ამ სენატორების ნებისმიერ კაპრიზს ვინც შეასრულებს, ყველა მათი მეგობარია. აი, ეს მოთხოვნა აქვთ მათ“, - ამბობს ქადაგიძე.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სენატორების განცხადებას კლასიკურ შანტაჟს უწოდებს. აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სწორედ ისევ ის სენატორები არიან ამ განცხადების ავტორები, რომლებმაც მამუკა ხაზარაძის ანაკლიის აფიორის შემდეგ, დაფინანსებული განცხადებები გააკეთეს.
„ეს განცახდებაც ისე ჩაივლის, როგორც იმ რეზოლუციებმა და განცხადებებმა ჩაიარა, სადაც ივანიშვილის და სააკაშვილის გვარების ზუსტად დაწერაც კი არ შეეძლოთ. ეს ხალხი იმდენად ვერ ერკვევა და ზერელეა ამ საქმეში, რომ წარმოდგენა არა აქვთ რეალურად ჩვენს შიდა პოლიტიკაში რა ხდება. რასაკვირველია, ამერიკის კონგრესში, სადაც 535 წევრია, სენატში კი 100-ია, 14 სენატორის განცხადება საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაში არაფერს შეცვლის - ეს გაგრძელდება, მიუხედავად ამ ცილისწამებისა და ბრალდებების ნიაღვარის მიუხედავად. საქართველო იყო, არის და რჩება ამერიკის მოკავშირედ ამ რეგიონში. წლებია, თითქოს მოგვცეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, გამარტივებული ან უვიზომიმოსვლა, მაგრამ პარადოქსია, რომ ვიზებზე უარის თქმის მხრივ, საქართველოს მოქალაქეები უფრო წინ არიან, ვიდრე რუსეთის მოქალაქეები. რას უნდა გადახედონ? არ არის გასაკვირი, ამერიკის ზოგიერთი წარმომადგენლები სხვა მოკავშირეებთანაც მიზანმიმართულად აფუჭებენ ურთიერთობას, ასეთებია ისრაელი და თურქეთი“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, ძალიან საინტერესოა ეს სენატორები მსგავსი შანტაჟის შემცველ წერილის გაგზავნას პრეზიდენტ მაკრონის მიმართ თუ გაბედავენ: „სწორედ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და ევროპა შეერთებული შტატების ვასალები არ უნდა იყვნენ“.