საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული კობა კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავეს.

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაკავებული თბილისში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრი“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა შეამჩნიეს, რომ კობა კ-ს ტანსაცმლიდან ცეცხლსასროლი იარაღი უჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).