სისხლიანი ანგარიშწორების დეტალები: სადახლოში მომხდარი მკვლელობა ვაკეში ჩხუბით დაიწყო

სისხლიანი ანგარიშწორების დეტალები: სადახლოში მომხდარი მკვლელობა ვაკეში ჩხუბით დაიწყო

სადახლოში მომხდარი სროლის მიზეზი, რომლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ვაკეში, რამდენიმე დღით ადრე მომხდარი ჩხუბია. 

"ამბები.გე"-ს ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი ჩხუბის შედეგად რამდენიმე პირი დაიჭრა, რომელთა ნაწილი დღემდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.

მომხდარი ჩხუბის გაგრძელება იყო სადახლოსთან განვითარებული მოვლენები, კერძოდ, სამართალდამცველებმა გუშინ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, აღნიშნულმა პირებმა 25 ნოემბერს, 19:00 საათზე სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს სამი პირი: მერაბ კალანდაძე, დილარ მუკბანიანი და გიორგი ფირალიშვილი. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადნენ. 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული პირები მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ავტომაგისტრალზე დააკავეს. ამოღებულია "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.

დაჭრილი პირები შემთხვევის ადგილიდან მარნეულში, "ჯეო-ჰოსპიტალში" გადაიყვანეს, ორი მათგანი - მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი - საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.


არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება გიორგი ფირალიშვილს რამდენიმე დღით ადრე მოუვიდა დაკავებულ პირებთან. სადახლოში განვითარებული მოვლენები კი, ამ ფაქტის გაგრძელება იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ამბები.გე"-ს არ დაუდასტურეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინანდელ დაპირისპირებაზე. შსს-ში არც ის დააკონკრეტეს, სად მოხდა ფირალიშვილსა და დაპირისპირებულ მხარეს შორის შელაპარაკება, რომლის დროსაც იარაღით რამდენიმე პირი დაჭრეს.

"ამბები.გე"-ს ინფორმაციით, ამ ჩხუბის დროს, შსს-ს მიერ დაკავებული 6 პირიდან, ერთ-ერთის ძმა დაიჭრა და სადახლოზე მომხდარი ფაქტი შურისძიება იყო. 

რაც შეეხება გარდაცვლილ ბიზნესმენ მერაბ კალანდაძეს, ის მოკლული ფირალიშვილის და დაჭრილი მუკბანიანის მამების მეგობარია.

არსებული ინფორმაციით, მერაბ კალანდაძე ცდილობდა, მუკბანიანი და ფირალიშვილი შურისძიებისგან დაეცვა და სადახლოზე საზღვრამდე მიაცილა, რათა მეგობრრების შვილები სომხეთში გადასულიყვნენ.

სადახლოზე მისულ ფირალიშვილს, მუკბანიანს და კალანდაძეს ცეცხლი გაუხსნეს თავდამსხმელებმა, რომლებიც ორი ავტომობილით იმყოფებოდნენ. 

"მაკაროვის" სისტემის იარაღიდან გახსნილ ცეცხლს კი, ბიზნესმენი მერაბ კალანდაძე და გიორგი ფირალიშვილი შეეწირნენ. დილარ მუკბანიანი კი მძიმედ არის დაჭრილი.
სადახლოში მოკლული გიორგი ფირალიშვილის მამა, სურსათის უვნებლობის 
 
სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნუგზარ ფირალიშვილია. სოფლის მეურნეობის სამინისტროში "ამბები.გე"-ს დაუდასტურეს, რომ მომხდარის შემდეგ, ნუგზარ ფირალიშვილი გულის შეტევით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უმძიმესია. 

მოკლული გიორგი ფირალიშვილი კი, საკუთარ სახლში, ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს.

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს,მერაბ კალანდაძეს, იგი ყოფილი ჩინოვნიკია, რომელიც ბოლოს ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა.