ახალმა სტატისტიკურმა მონაცემებმა მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელში ბევრი რამ შეცვალა. გაირკვა, რომ ემიგრაცია პიკზეა, მოსახლეობა მცირდება, მაგრამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა. ამ ყველაფერს თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს.
საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 75 წლამდე გაიზარდა. „საქსტატის“ ცნობით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ 2023 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 62.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2023 წელს საქართველოდან ემიგრანტების რაოდენობამ ჯამში 245 064 კაცი შეადგინა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ზოგადად, ემიგრანტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 95.6%-ით არის გაზრდილი. 2022 წელს საქართველოდან 125 269 კაცი წავიდა ემიგრაციაში. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ემიგრანტების ძირითადი ნაწილი - 66.7% საქართველოს მოქალაქე იყო.
უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ქვეყნიდან ემიგრაციაში 163 480 საქართველოს მოქალაქე წავიდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 100 802 კაცი იყო. შესაბამისად, წლიურად 62.2%-იანი ზრდა გვაქვს. 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრაციაში 62 678-ით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა.
ემიგრაცია შეუქცევადი, გლობალური პროცესია, რომელიც არამხოლოდ ჩვენი, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2023 წელს ემიგრანტების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გადინებას ვიზალიბერალიზაციითა და კოვიდის შემდგომი პერიოდით ხსნის.
„ეს შეუქცევადი გლობალური პროცესია, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი. მაგალითად, ბალტიისპირეთის მაჩვენებელი რომ აიღოთ, მოსახლეობის მაჩვენებელი ვიზალიბერალიზაციის გამო 1 მლნ-ით არის შემცირებული.
2022 წელს ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა დაახლოებით 125 000 იყო და ახალი მონაცემებით 245 000. ამის მიზეზი შეიძლება იყოს კოვიდ პანდემიის პერიოდში მიგრაციული პროცესები შედარებით დაბალი მატებით ხასიათდებოდა, ხოლო 2023 წლიდან ჩვენს და სხვა ქვეყნებში მიგრაცია ზრდის ტენდენციით ხასიათდება, შეიძლება ეს იყოს ვიზალიბერალიზაციის თემა, გამარტივებული სატრანსპორტო კომუნიკაცია და სხვა ფაქტორები“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
საინტერესოა ისიც, თუ როგორ შეიცვალა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 2003-2012 წლებსა და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 2012-2023 წლების პერიოდში მოსახლეობის რიცხოვნობა და მიგრაციული სალდო, რაზეც „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შემდეგი პასუხი გასცა:
„2023 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 1.1%-ით არის შემცირებული. თუ განვიხილავთ 2012-23 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა, დაახლოებით 0.7%-ით არის შემცირებული, რაც 23 000 კაცია, ხოლო წინა პერიოდში 2003-12 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 220 000 კაცით.
მოსახლეობის რიცხოვნობის ცვალებადობას წლიდან წლამდე განაპირობებს მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მატება, ბუნებრივი მატება გახლავთ დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის სხვაობა და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე შემცირდა და მინუს 2500-ია. მექანიკურ მატებას რაც შეეხება, ეს გახლავთ შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა, აღნიშნული მაჩვენებელი მინუს 39 000 - ესეც მოსახლეობის რიცხოვნობის ერთ-ერთი შემამცირებელია ფაქტორია.
როდესაც მიგრაციულ სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობაზე, ანუ სალდოზე, თუ გვინდა სრულფასოვანი ანალიზი გავაკეთოთ.
2013-23 წლებში ჯამურად მიგრაციული სალდო იყო - 36 000 - 37 000 იყო და ეს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1%-ია, ხოლო 2003-2012 წლებში ჯამური მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი დაახლოებით - 247 000, ანუ დაახლოებით 7-ჯერ მეტი. ანუ ეს მთელი მოსახლეობის 7%“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
ახალ მონაცემებზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც. მან მედიასთან საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, 2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში რეკორდულად ბევრი, 163 ათასი მოქალაქე წავიდა. მისი შეფასებით, დემოგრაფიული პრობლემა ორი მიზეზითაა განპირობებული: ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკური ჩამორჩენითა და ღია საზღვრებით.
„ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის დემოგრაფია უმთავრესია. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა როგორც შობადობის, ასევე მიგრაციის კუთხით, რასაც აქვს თავისი მიზეზები.
რაც შეეხება მიგრაციას, მას არსებითად ორი მიზეზი აქვს: პირველი არის ის, რომ ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა ევროკავშირის ქვეყნებთან, მეორე კი ის, რომ გახსნილია საზღვრები და უფრო მარტივია ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. მაგალითად, გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა, ცხოვრების დონის კუთხით, ჯერ კიდევ სამმაგია. 2012 წელს ეს ჩამორჩენა იყო 4.5-ჯერ მეტი. სწორედ ამიტომ, წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები ბევრად უფრო მძიმე იყო“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, მიგრაციის მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალი იყო.
„ჩვენი ხელისუფლების პერიოდშიც ცუდი მაჩვენებლებია, მაგრამ ამას, როგორც უკვე ვთქვი, აქვს ორი მთავარი მიზეზი. ეკონომიკური ჩამორჩენის დროს ცდუნება არსებობს, რომ ქვეყნიდან გავიდნენ ადამიანები. „ნაცმოძრაობის“ დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, მიგრაციის მაჩვენებელი ორჯერ უარესი იყო“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, დემოგრაფიულ პრობლემას ეკონომიკის განვითარება მოაგვარებს, რისთვისაც ხელისუფლებას „უახლოესი რამდენიმე წელიწადი“ დასჭირდება, რათა ევროკავშირის ქვეყნებს დაუახლოვდეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ხელს რუსული კანონის მიღება ეკონომიკურ ზრდასა და დემოგრაფიული გამოწვევის გადაჭრას, პრემიერი აცხადებს რომ პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალობა ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.
„ეს კანონი ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. გაუმჭვირვალობის პირობებში, NGO-ების საქმიანობა სერიოზულად აფერხებდა ქვეყნის წინსვლას. მათი საქმიანობის შედეგები იყო რევოლუციის ორი მცდელობა 2020-22 წლებში - ასეთი მოვლენები, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. მათი დაფინანსება რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ნაკლები შანსი იქნებოდა, რომ ისინი რევოლუციურ პროცესებში ჩაერთვებოდნენ“, - აღნიშნა კობახიძემ.
-"საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694 600 ათასი კაცი შეადგინა".
აქ რაც წერია იმას ნიშნავს, რომ 3 მილიარდზე მეტი ვყოფილვართ! თქვენს პირს შაქარი, ახლა მივუბრუნდებით რუსებს და კუდით ქვას ვასლინებთ!