თავის დროზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ვიქნები ხალხთან და ცოტა უფრო ზემოთ, თუმცა დღეს საინტერესოა, სად დგას პრეზიდენტი - ხალხთან, ხალხის ზემოთ, თუ უცხოელ პოლიტიკურ „პარტნიორებთან“ და მათ მესიჯებს და მოთხოვნებს ახმოვანებს?
მთელ ამ პერიპეტიებში, რაც „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ შემოტანას მოჰყვა, ზურაბიშვილი ხან ევროპული საბჭოს ჩართვას ითხოვდა პროცესებში, ხან ვეტოს დადებას აანონსებდა.
რა არის პრეზიდენტის როლი ახლანდელ პროცესებში?
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტად გადაიქცა და საერთოდ არანაირი განსხვავება არ არის ზურაბიშვილს, წითლიძეს ან სამადაშვილს შორის. სამხარაძის თქმით, ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს, ის ჩვეულებრივ პროპაგანდისტად გადაიქცა.
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ზურაბიშვილის გამოჩენას აქციებზე აზრი არ აქვს, ვინაიდან დაძაბულობის მუხტის შენარჩუნების რესურსი ოპოზიციას არ გააჩნია. ამიტომ ეს ქალი ახლა ისეთ კომიკურ მდგომარეობაშია, არჩევნებამდე უკბილო კბენის გარდა თავს ვერაფრით დაგვამახსოვრებს.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ფიქრობს, რომ ამხანაგმა ზურაბიშვილმა ცეკაში გვიჩივლა, ესაუბრა საკავშირო სამშობლოს პირველ მდივანს ამხანაგ მაკრონს და კავშირის მდივან ამხანაგ მიშელს და მოითხოვა თბილისის მეიდანზე პარტიული წესრიგის აღსადგენად ევროსპეცნაზის გადმოსროლა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე For.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს უპრობლემოდ დაძლევს, ევროპარლამენტმა შეიძლება კიდევ გამოაცხოს თავისი რეზოლუცია, დაგმოს ეს კანონი, რომელსაც განიხილავენ, როგორც ე.წ. რუსულს და კრემლის კანონს, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზარალებელია უცხოელების მხრიდან საუბრები იმაზე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება მთლიანად დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებების წინააღმდეგ მიდის.
„ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდებას უყენებენ და დასავლეთის წინააღმდეგ ქმედებაში ადანაშაულებენ. ეს იმის გამო ხდება, რომ სათანადოდ მომზადებული არ იყო ეს კანონი, არადა, შეიძლებოდა ამ საკითხის სხვაგვარად მოგვარება, რასაც ლადო პაპავას მსგავსი მაღალი რანგის მეცნიერები და ექსპერტები გვეუბნებიან, რომ უკვე არსებულ სხვადასხვა კანონებში გაგვეწერა „გამჭვირვალობის შესახებ“ მუხლები და პრობლემაც მოიხსნებოდა. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი დადგა იმ რელსებზე, რომ არ ტოვებს შანსს, ხელისუფლების ჯინაზე არ იმოქმედოს. ასე ხდება მის მიერ კრიმინალების, სისხლის სამართლის მძიმე დამნაშავეთა შეწყალების შემთხვევაშიც. ასეთი ფაქტები აგულიანებს რადიკალებს და ისინიც ფიქრობენ, პროტესტის დროს რომ დაგვაკავონ, მერე მაინც ზურაბიშვილი გამოგვიშვებს. ეს ხომ კრიმინალის ჩადენისთვის წაქეზებაა“, - აცხადებს პეტრე მამრაძე.
ანალიტიკოსი სოსო არჩვაძე არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად გამოხატავს წინააღმდეგობას „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების მიმართ, სოსო არჩვაძის აზრით, შეიძლება ეს პრეზიდენტის აღზრდის, მისი მსოფლმხედველობის, იმ კულტურულ-ისტორიული გარემოს გავლენითაა, რომელშიც ზურაბიშვილი გაიზარდა და ჩამოყალიბდა. შესაძლოა, მისი ფასეულობათა სისტემა ამგვარია. რუსებს ასეთი გამოთქმა აქვთ, „что русскому здорово, то немцу смерть“, ანუ ერთსა და იმავე ფაქტის მიმართ სხვადასხვა ერის წარმომადგენლებს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ.
„სამწუხაროდ, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში ერთსულოვნება არ შეინიშნება და განსხვავებული აზრის დემონსტრირება ყველაზე ინტენსიურად ხდება სოციალურ ქსელებში. ეროვნული კონსენსუსი ჩვენ გვჭირდება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ეჭვგარეშე უნდა იყოს ეროვნული თანხმობა. ეს არის ქართველი ერის ერთიანობა, მისი ტერიტორიული მთლიანობის, განვითარების პერსპექტივები, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხები. შესაძლოა, აზრთა განსხვავება იყოს ამ მიზნების რეალიზაციაში, თუნცა ამან არ უნდა მიგვიყვანოს დაპირისპირებამდე. პოლიტიკური პოლემიკის კულტურა მხოლოდ ახლა ყალიბდება ქართულ საზოგადოებაში, სამხრეთული ტემპერამენტი თავის დაღს ასვამს ჩვენს ემოციებს და მიღებულ გადაწყვეტილებასაც. არადა, ჩვენ ერთი თიხისგან გამოძერწილი საზოგადოება ვართ“, -აცხადებს სოსო არჩვაძე ჩვენთან საუბრისას.