„ვერ შეიტყვეთა ქართველნო, რკინის შეგატყდათ ხმალია,
მოგიკვდათ მეფე ერეკლე, ბაგრატიონთა გვარია,
ტირისა ერეკლეს ცოლი, ვაჰ შვილებ თქვენი ბრალია,
ადექი მეფევ ადექი, ნუ დაგვიობლე ყმანია.“
მეფე ერეკლეს დატირება, ხალხური
სამოქალაქო ომებით, ოკუპაციით, უსამართლობით, სიღარიბით, ევროპა-ნატოსკენ სწრაფვით, რუსეთთან ჩახუტება-წაკიდებით, მაშრიყიდან მაღრიბამდე წინ და უკან სიარულით, მემარჯვენეთა შეუვალობით, მემარცხენეთა უხერხემლობით, დემოკრატიის უხარისხო მშენებლობით, არჩევნის სიმწირითა და ათასი სხვა რამით დაღლილებს ახლა ყეენობაში, მასშტაბურ მასკარადში ჩაბმას გვთავაზობენ: მეფე მოუძებნიათ თავისი ამალით, ბერიკებს ოპერის რეკვიზიტიდან მოპარული ჯაჭვის პერანგები და ჩოხები ჩაუცვამთ, ზოგს ფაფანაკი დუბნევია მხარზე, ზოგს ყაბალახი გადაუფენია ბეჭებზე, ზოგს კიდევ მუხლზე გადახეული ჯინსებისთვის ფრაკი და ბაფთა შეუხამებია, თავზე გადახტომია უახლოეს წინაპრებს და ნაპატივებ სხეულზე, სადაც მამას თუ არა, პაპას მაინც ლენინის ორდენი ანდა საგულდაგულოდ დახვეული შინელი ან პატრონტაში რტყმია, აბრეშუმის პრიალა ლენტი გადაუჭიმავს ნიშნად მეფისგან ბოძებული ორდენისა (თუნდაც ასეთისა: საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენი იესო ქრისტეს კვართისა) და ჩვენც, საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს გაქვეშევრდომობისკენ, ანუ ამ მასკარადში ჩაბმისკენ მოგვიწოდებს. ერთი სიტყვით, ლიანგი ნდომებია მეფესა, ქოხის ხალხი, რომელთა სხეულების გარეშე ჯეროვან სიმაღლეზე ვერ დაიდგმება სამეფო ტახტი, რომელსაც, როცა დრო იყო, ვერ გაუფრთხილდნენ ბედოვლათი ბაგრატიონები და ახლა მის დასაბრუნებლად მთელ ერს მდარე ხარისხის ვოდევილისთვის, უნიჭოდ დადგმული ფარსისთვის იმეტებენ.
ჩვენს პრეზიდენტზე გაცილებით დიდ ფილოსოფოსს უთქვამს თავის დროზე, ისტორია მეორდება ერთხელ როგორც ტრაგედია, მეორედ კი როგორც ფარსიო. ტრაგედია იყო, როცა საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მეცამეტის გარდაცვალების შემდეგ შვილმა, დავით ბატონიშვილმა, ვისაც სამეფო ტახტზე ასვლა ეკუთვნოდა, არავის დაუჯერა თვინიერ ღენერალ ლაზარევისა, დაელოდა რუსეთის იმპერატორის ნება-ბრძანებას და დატოვა საქართველო თავ და ტრაკშიშველი ანუ უგვირგვინოდ და უტახტოდ!
არადა, პლატონ იოსელიანის მიხედვით, იოანე სარდალი დიდხანს ემუდარებოდა: „ბატონიშვილო და ბიძავ! ნუ ჰკარგავ მეფობასა, მიბრძანე და გამოუცხადებ რუსისა აქა ჯარსა წარვიდეს რუსეთად და თუ არა იქმს რუსისა ღენერალი, ადვილია მისი აქედან განდევნა. დავიცვათ მეფობა და განვამტკიცოთ მეფობითი სახელი ჩვენი. როგორც გვიმეფნია, ისე ვიმეფოთ.“
დავითმა მოუსმინა და ლაზარევთან გასწია გულის გადასაშლელად. იმერეთში გადაბარგებული სოლომონ ლიონიძეც სიცოცხლის ბოლომდე წუხდა დავითის სიბრიყვის გამო: „დავითმან დაღუპა ოჯახი მეფეთა, გამოსჭრა ყელი მეფობასა და დაამცირა ერი თვისი და თვით თავი თვისი.“
აი, ეს იყო ტრაგედია, ნამდვილი დრამა ერის ცხოვრებაში, ახლა კი, როცა ბედის ირონიით, ქართველი მონარქისტები კვლავ დავით ბაგრატიონისიმედად არიან, ნამდვილი ვოდევილი თამაშდება: პატრიარქი ნათლავს ე. წ. უფლისწულს, ე. წ. სამეფო სახლის უფროსი დიდი რაინდის ოფიცრის წოდებას ანიჭებს ჯერ ქართველ ბიზნესმენს, შემდეგ რუს მღვდელს, 'საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენი იესო ქრისტეს კვართის' ორდენებით იმძიმებენ სხეულს პოეტი დავით მაღრაძე და საზოგადო მოღვაწე (!) ნიკუშა შენგელაია და ასე შემდეგ...
მცირე ხნით მივიღოთ აბსურდი, ჩავებათ სამეფო კარის თამაშებში და გავარკვიოთ როგორია „რაინდის“ კონოტაცია ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით.
რაინდი: 1. უაღრესად პატიოსანი, კეთილშობილი, დიდსულოვანი ადამიანი (მამაკაცი). 2. (წიგნ.) უშიშარი, გმირი, თავდადებული მებრძოლი. 3. (ძვ.) მიჯნური, სატრფო. 4. (ისტ.) ფეოდალიზმის დროს - სამხედრო-თავადაზნაურული წოდების წარმომადგენელი მძიმედ აღჭურვილი მხედარი.
აშკარაა, რომ რაინდობის „1“ და „3“ გაგება გამოსარიცხია, ანუ მხოლოდ პატიოსნები და მიჯნურები ნუ გამოეხმაურებიან მეფესა. შესაბამისად, რაინდობის იმედი უნდა ჰქონდეს იმას, ვინც უშიშარი, გმირი და თავდადებული მებრძოლია. მხოლოდ ასეთს შეუძლია ატაროს რაინდის მძიმე ტვირთი, რომელიც აბჯრის გარდა, პერსპექტივაში, თავადაზნაურის წოდების დამადასტურებელი სიგელისგანაც შედგება. ქართველებს უკვე გვყავს ერთი რაინდი ლევან ვასაძის სახით. მისი რაინდობა შემდგარი ფაქტია, მაგრამ გავკადნიერდეთ და მაინც ვიკითხოთ, არის თუ არა ლევან ვასაძე გმირი და თავდადებული მებრძოლი? და მისი ბატონი დავით ბაგრატიონი?
რადგანაც ქართველებს მითები გვიყვარს და მითების გაცოცხლება ჩვენი ახდენილი ოცნებაა, მივმართოთ მითების თეორიის ერთ-ერთ ავტორს, ინგლისელ ანთროპოლოგს, ლორდ რეგლანს, რომელიც გმირობის შემდეგ ნიშნებს გვთავაზობს:
1. დაბადებისას იყო მკვლელობის მცდელობა
2. ... მაგრამ ის მოიტაცეს
3. მას ზრდიან „უცხო ადამიანები“ სადღაც მიყრუებულ ადგილას
4. მოწიფულობის ასაკში ბრუნდება თავის „სამეფოში“
5. იმარჯვებს ბოროტებაზე, მთელ რიგ ადამიანებზე და ასე შემდეგ...
6. მისი სიკვდილი საიდუმლოებითაა მოცული.
მოკლედ რომ ვთქვათ, გმირობამდე ბევრი უკლიათ. ცხადია, მე-6 პუნქტი ანგარიშგასაწევი არაა, რადგანაც ვასაძეების საგვარეულო ელექსირის წყალობით სიკვდილი დამარცხებული და ლაჩრულად გაძევებულია, თუმცა დავუბრუნდეთ რაინდობას: ვის ვბაძავთ, ინგლისის დედოფალს? ვის ვეჯიბრებით, შონ კონერის?
„ვეფხისტყაოსანში“, რომელიც რაინდობისა და ჯვაროსნული ომების ეპოქაშია დაწერილი, სიტყვა „რაინდი“ ერთხელაც კი არაა ნახსენები, სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართული“ (17 ს) კი „რაინდის“ ასეთ (ერთადერთ) განმარტებას გვთავაზობს:
„რაინდი - ესე არს ცხენთა გამწვრთნელი. რაინდი ეწოდების, რომელნი ცხენთა კეთილად განსწვრთიდეს ნებად მხედართა, გინა ეტლთა ავლენდეს კეთილად.“
თუ არც ისტორიაშია და არც ლიტერატურაში, აბა საიდან ეს „რაინდობა“, მანტიების მოსხმა და ბეჭზე ხმლების დადება? იქნებ დროა, ჩამოვიდეთ ბაგრატიონთა გენეალოგიური ხიდან და დავეშვათ მიწაზე, სადაც სულ სხვა პრობლემები აწუხებს ხალხს! გენიალურ პოლ ვალერის უთქვამს, კაცი, რომელიც ზემოდან დაჰყურებს დიდ ქალაქს, გულში ამბობს: მე ვხედავ, რომ ადამიანები კვამლით საზრდოობენო.
არ საზრდოობენ ადამიანები კვამლით, არც ორასი წლის წინ დამარხულის ამოთხრა და გაცოცხელება ჰკვებავს ხალხს, რომელმაცგამოსატირებელი უკვე გამოიტირა და, რომელსაც ამდენი გაჭირვებისა და ტანჯვის შემდეგ ავანტიურისტები სიმულაციის პროცესში ეპატიჟებიან პერსპექტივით, აწმყო და მომავლი ჩაანაცვლოს მოუხელთებული წარსულით, რომელიც, სხვათა შორის, სულაც არ ყოფილა დიდებული, რამეთუ "ბატონყმური რიგის" მიხედვით, სულს გარდა მებატონისა იყო ყმა.
ცხადია, ბევრი ქართველი წამოეგება ამ მოდელირებას, მონარქისტული საკმაზით გაკეთილშობილებულ სიმულაკრს, რადგანაც ბევრ ჩვენგანს აქ და ახლა გარჯას ურჩევნია, რეზო გაბრიაძის „შერეკილებს“ რომ დავესესხოთ, სასულეთში გადანაცვლება, ვარდის ყანაში, ბუმბულის ბალიშზე, მურაბის ტაშტების ლოკვა, თუმცა ყველაზე გასაკვირი მაინც პოლიტიკური კლასის პასიურობაა: განა, რა ძნელი გამოსაცნობია, ახალშობილ რაინდთა მანტიის უკან რომ ჰუსარის მენტიკი იმალება?!