„28 აპრილის აქციაც არ მგონია სწორად დაგეგმილი, რადგან ქვეყანა დადის დანის პირზე და კაცმა არ იცის, როდის რა პროვოკაცია იფეთქებს“

„28 აპრილის აქციაც არ მგონია სწორად დაგეგმილი, რადგან ქვეყანა დადის დანის პირზე და კაცმა არ იცის, როდის რა პროვოკაცია იფეთქებს“

მზადება აქციებისთვის - 29 აპრილს სახალხო შეკრებას „ქართული ოცნება“ გამართავს, ერთი დღით ადრე კი, 28-ში საპროტესტო აქციას ოპოზიცია გეგმავს. უმრავლესობა არასამთავრობოების მიერ დაანონსებული აქციის მიზნებზე საუბრობს და თვლის, რომ ორგანიზატორების ერთადერთი სურვილი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა და საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, თუმცა ქართველი ხალხი საკუთარ პოზიციას 29 აპრილს პარლამენტთან გამოხატავს.

6 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 28 აპრილს არასამთავრობო სექტორის მიერ დაანონსებულ აქციას უერთდება. ტექსტში ნათქვამია, რომ პარტიები ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ემზადებიან წინააღმდეგობისთვის ე.წ. „რუსული კანონის“ მეორე მოსმენის დღეს. მათი შეფასებით, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანი ქართველი ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა. ოპოზიცია საჯარო მოხელეებსაც მიმართავს და მოუწოდებს, არ დაემორჩილონ ხელისუფლების მითითებას. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ „ახალი“, „გირჩი მეტი-თავისუფლება“, „დროა“, „ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.

დამოუკიდებლად გაავრცელა განცხადება „ლელომაც“. პარტიის წევრები კვირას, არასამთავრობოების მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან. 6 ოპოზიციური პარტიის განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ, თუმცა 28 აპრილს აქციაზე მისვლას აპირებენ „გირჩის“ წევრები და დეპუტატი თეონა აქუბარდია.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ოპოზიციას, აქცია არ დაამთხვიოს ორშაბათს და ის კვირის რომელიმე სხვა დღეს ჩაატაროს.

როგორც პრემიერი ამბობს, საკმარისი დრო აქვს ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს...

„ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციას, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას. ამ 300 კაციდან 2/3 არის დიმა ჩიქოვანის, ანუ კეზერაშვილის მიერ 1000 ლარად, ან უფრო ნაკლებად დაფინანსებული ადამიანების ერთობა.

ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მე მოვუწოდებ მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს.

29 აპრილს გაიმართება ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია და ამის შემდეგ, აქ ასევე იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ორშაბათსაც უნდოდათ აქციის გამართვა, რადგან კომიტეტი იმართება და ა.შ. მე შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას თუ ოპოზიცია მოინდომებს, შეიძლება დასჭირდეს 2-3 დღე.

შესაბამისად, საკმარისი დრო აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ გამართონ საპროტესტო აქციები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს. ამიტომ, თავი დაანებონ ორშაბათს და კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ. საქართველოში არის დემოკრატია, აქ უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლება, რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

„ხალხის ძალის“ წევვრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ 28 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია უსუსური მცდელობაა იმის, რომ 29 აპრილის აქცია გადაფარონ. თუმცა ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობის 29 აპრილის უპრეცედენტო და მასშტაბურ მობილიზებას ვერაფრით გადაფარავენ.

„29 აპრილს გამართულ აქციას ერთი მთავარი მიზანი აქვს, რომ ყველას დაანახონ რეალურად ვის მხარეს არის უმრავლესობა. ე.წ. ოპოზიციამ ევროპარლამენტარებს სისულელეები ჩააწერინეს რეზოლუციაში და იქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ. ამას კი ასაღებენ ისე, თითქოს ეს ქართველი ხალხის დაკვეთა იყოს. მთელი მსოფლიო 29 აპრილს დაინახავს ქართველი ხალხს რა მოწოდებები და მოთხოვნები ექნება. 28 აპრილის აქციით ამ ხალხის მოთხოვნას და სურვილს ესენი ვერ გადაფარავენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, საცოდავები არიან. მათი ძირითადი ფსონი ამ ევრორეზოლუციაზე იყო დადებული. ეს რეზოლუცია სპეციალურად დაამთხვიეს 28 აპრილის აქციას, რადგან ვიზალიბერალიზაციის ვითომ გაუქმების საფრთხის გამო, 28 აპრილს ხალხი გარეთ გამოიყვანონ. ამ ფსონმა ვერ იმუშავა იმიტომ, რომ ეს ტყუილია და ტექნიკური თვალსაზრისით, ევროკომისიის დონეზეც კი განუხორციელებელი მისიაა. ამიტომ ჩადეს წმინდა პოლიტიკური ხასიათის შანტაჟის და ულტიმატუმის ელემენტები, რომელსაც უნდა ჰქონოდა ძალიან მოკლევადიანი ეფექტი. თითოეული მათი ტყუილი, ფეიკი, ძალიან ადვილად იშიფრება. ჩვენ არ გვეზარება ყველა ჯერზე მათი გამოაშკარავება და მხილება“, - ამბობს ქართველიშვილი.

მისივე თქმით, 29 აპრილს დასავლეთი და ევროკავშირი დაინახავს რას წარმოადეგენს ის ქართველი ხალხი, რომელთა სახელითაც რაღაცა გადაწყვეტილებები გამოაქვთ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თითქოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც ხმას არ იღებს, არაფერს წარმოადგენს და თავად ამბობენ ამ ქვეყანში გადამწყვეტ სიტყვას.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ 28 და 29 აპრილის ორივე აქცია იმაზეა მიმართული, დასავლეთს დაანახონ, ვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნისთვის საკამოდ სახიფათო თამაშია, რაც მოსახლეობის კიდევ უფრო პოლარიზებას იწვევს.

„არჩევნები ჯერ კიდევ შორს არის და ამიტომ ეს აქციები, რომელსაც ორივე მხარე მართავს, მხოლოდ გარე თვალისთვის არის. ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ცდილობს ევროპას, ამერიკას დაანახოს, ვის მხარე არის რეალური მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი თამაში, რაც ქვეყანას კარგისკენ არ წაიყვანს. ეს მოსახლეობის გახლეჩვას და დაპირისპირებას იწვევს. ასევე მოსახლეობაში პოლარიზებას იწვევს რეზოლუციაში მოტანილი მოთხოვნა, სააკაშვილის ჰუმანიტარული მოტივით გათავისუფლების შესახებ.

ესეც ძალიან სახიფათო თამაშია, რადგან მაშინ გამოდის, რომ ქართველი ხალხი შანტაჟის პირობებში იმყოფება. ანუ, თუ სააკაშვილს არ გავათავისუფლებთ, ე.ი. ევროპაში აღარ შეგვიშვებენ? თუ სააკაშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, წინანდელი ნაციონალები აყვანილი კუბში იქნებიან - იმაზე უარესები, რაც გვახსოვს. ამიტომ ხალხს, როდესაც ასეთ არჩევანს სთავაზობს ევროპა, შემდეგ ნუ უკვირთ, რომ ხალხის დიდი ნაწილი მეორე მხარეს დგება. ჩვენს მოსახლეობაში ამ ხალხის მიმართ სიძულვილი ძალიან დიდია, ამიტომ ევროპის მათთან ასოცირება არის წამგებიანი თამაში. შესაბამისად, 28 აპრილის აქციაც არ მგონია სწორად დაგეგმილი, რადგან ქვეყანა დადის დანის პირზე და კაცმა არ იცის, როდის რა პროვოკაცია იფეთქებს“, - ამბობს საყვარელიძე.

არაგველი641 ჩვენი მთავრობა ბევრს ცდილობს პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ არც ბოზბანდა არ ჩამოუვარდება ქვეყნისათვის კარგი საქმეების კეთებაში. ყველაზე კარგი საქმე რაც მაგათ გააკეთეს, იყო ის, რომ მაგ კანონს დაარქვეს "რუსული", რამაც გამოიწვია ყველა ძაღლისა და მამაძაღლის გამოაშკარავება! შესაბამისად მოსახლებაც უფრო მეტად გახდა ინფორმირებული და ჩვენი სასახელო მთავრობაც გახდა ბრძოლაში უფრო თვითდაჯერებული!
ასე რომ, "კარგი საქმე" არ უნდა დავუკარგოთ ნაცბოზბანდას!
6 თვის უკან