ევროპარლამენტის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ კიდევ ერთ რეზოლუციას, მმართველი გუნდი პოლიტიკურ თაღლითობას უწოდებს და იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც 6-9 ივნისს გაიმართება, ახალი ევროპარლამენტარებით დაკომპლექტდება, სადაც მიხეილ სააკაშვილის ლობისტები აღარ იქნებიან. შესაბამისად, მათი დამოკიდებულებაც ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკურად ანგაჟირებული აღარ იქნება და სააკაშვილის ოჯახიც მათ მოსყიდვას ვეღარ შეძლებს.
ივნისში უნდა აირჩიონ 720 დეპუტატი ევროკავშირის წევრი ყველა – 27 ქვეყნიდან, ხოლო თითოეული ქვეყნისთვის ადგილების რაოდენობა განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში დიდ წარმატებას მიაღწევენ ნაციონალ–კონსერვატორები, რადიკალი მემარჯვენეები და „ევროსკეპტიკოსები“, რომლებიც მანდატების 40%-ს მოიპოვებენ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შემოდგომაზე არჩევნების წინ, ევროპარლამენტის მხრიდან, რომელიც ახალი ევროპარლამენტარებით იქნება დაკომპლექტებული, დამოკიდებულებას რადიკალურად შეცვლის.
ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, თუმცა, მას არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და რეალური ძალა არ გააჩნია.
„ეს რეზოლუციაც, ისევე როგორც წინა სამი რეზოლუცია, რომელშიც უარესები ეწერა, არის წარმავალი, ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ, რაც სამწუხარო რეალობაა. ივნისში არჩევნები არის ევროპარლამენტის და მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის მიერ 25 აპრილს მიღებული რეზოლუცია საქართველოს მიმართ, ძალიან დიდი პოლიტიკური უხამსობაა. აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ დამუნათებით და პირდაპირი შანტაჟით საქართველოს სუვერენიტეტს ვერ გატეხავენ. 6 და 9 ივნისს ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად კი, არაა გამორიცხული, სრულიად ახალი ევროპარლამენტი და საქართველოს მიმართ შეცვლილი დამოკიდებულება ვიხილოთ.
„ძალიან მობეზრდათ ევროპელებს ეს ევროპარლამენტარები, რომლებიც არა მხოლოდ თავს ახვევენ მათ დირექტივებს, რეზოლუციებს, არამედ ცალკეული სახელმწიფოების სუვერენიტეტს ბღალავენ. საერთოდ გაწყდა კავშირი, ბრიუსელის ჩინოვნიკებსა და ევროპარლამენტს შორის. ევროპელები ფიქრობენ, რომ ეს გლობალისტები უნდა მოიცილონ, რომლებიც ევროპის შემდგომ განვითარებას ხელს უშლიან, ამიტომ სიტუაცია ივნისში რადიკალურად შეიცვლება.
ეს არ არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება და ანალიზი, ვენდობი იმ დასავლურ ანალიტიკურ ცენტრებს, რომლებიც მსგავს პროგნოზებს და კვლევებს აქვეყნებენ. სანამ ეს სამარცხვინო ევროპარლამენტი ისევ ივნისამდე იღებს რეზოლუციებს, რასაკვირველია, აღსრულება ევროკავშირის მთავრობას, კომისიას ევალება. არ მგონია, რომ ევროკომისიაში იყვნენ ისეთი შავბნელი ძალები, რომელთაც სურთ საქართველოს სუვერენიტეტი ფეხქვეშ გათელონ და ოფიციალური თბილისისთვის დირექტივების გამოგზავნა“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, 29 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაანახოს აგენტოკრატიას, საქართველო ვის მხარეს არის, სად არის პოლიტიკური პრეფერენციები და რა გზით გვინდა განვითარება.
„აქ მთავარი არის ის, რომ ევროპელებმა პროევროპული ძალები რეალურად აირჩიონ და არა ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც ორიენტირებული მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არიან და თავზე ახვევენ ევროპელებს სხვადსახვა უაზრო რეკომენდაციებს და ბრძანებებს. შესაბამისად, როცა ევროპარლამენტში რეალურად პროგრესული ძალები მოვლენ, იქ უკვე ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება ექნებათ, არა მხოლოდ ბლოკის წევრ ქვეყნებთან, არამედ იმ რეზიდენტ ქვეყნებთანაც, როგორიც, მაგალითად, საქართველოა“, - ამბობს აბაშიძე.
ანალიტიკოსი მაია ნიკოლეიშვილი კი აცხადებს, რომ ივნისში, როცა ევროპარლამენტის არჩევნები იქნება, ალბათ, ევროპარლამენტარების ძველი ნაწილი ისევ იქნება ევროპარლამენტში, თუმცა სანამ ის დალაგდება, ჩვენ რაღაცა ამოსუნთქვის საშუალება გვექნება. ამიტომ ნიკოლეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ შემოდგომა აპრილში გადმოიტანა და მოვლენები დააჩქარა, რადგან სანამ ჩვენი არჩევნები იქნება, შემოდგომამდე სიჩქარეს ვერ აკრეფენ.
„კი ბატონო, ალბათ, ადამიანების რაღაცა ნაწილი გადაყვება ახალ ევროპარლამენტშიც, თუმცა არ არის გამორიცხული, მათაც გაიაზრონ რაღაცები და დამოკდებულება ჩვენს მიმართ შეცვალონ. თუმცა, მაინც ველი, რომ ბევრი ადამიანი შეიცვლება და ახალი ევროპარლამენტი, შესაძლოა, ახლანდელისგან სრულიად განსხვავებული იყოს, მით უმეტეს თუკი გამჭვირვალობის კანონს თავად ახალი ევროპარლამენტიც მიიღებს. „სვისკაპიტალისთვის“ ნიღბის ჩამოხსნა ხომ საქართველოდან მოხდა. ამიტომ ველი, რომ შემოდგომაზე არჩევნების წინ, ახალი ევროპარლამენტი იქნება და ახალი ევროპარლამენტარები აღარ იქნებიან ასე ვალდებულები სააკაშვილთან და მის ოჯახთან, ასეთი მჭიდრო ნაცნობობა აღარ ექნებათ და ეს პოლიტიკური მიკერძოება დასრულდება. ახლა რასაც ვადევნებდი თვალს, დიდი რიხით არ წაუკითხავთ ეს განცხადებები და კამერაზეც არ უმუშავიათ. თითქოს რაღაცა ვალდებულება ჰქონდათ და შეასრულეს. ამიტომ ეს ამოსუნთქვის პროცესი ჩვენ ქვეყანას და ხელისუფლებას ივნისში დაგეგმილი არჩევნების ფონზე ნამდვილად ექნება“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
ასე რომ, "კარგი საქმე" არ უნდა დავუკარგოთ ნაცბოზბანდას!