შარშან, Africa PreBrief-ის ზოგიერთ კლიენტზე სერიოზული შთაბეჭდილება მოვახდინე (რაც თავისთავად შესანიშნავია). მაშინ აბსოლუტურად სწორად ვიწინასწარმეტყველე, რომ ეგვიპტის მთავარი სატალეკომუნიკაციო განძის Orascom Telecom -სთვის ბრძოლაში საბოლოო ჯამში რუსული გიგანტი „ვიმპელკომი“ გაიმარჯვებდა.
როდესაც გამარჯვების ახალი კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა (სამხრეთაფრიკული MTN-დან ფრანგულ Telecom-მდე) მე ყოველთვის ვამბობდი „არა“-ს და მუდმივად ვამტკიცებდი, რომ ეს აფრიკული კომპანია არ იქნებოდა და სწორედ რუსული ფირმა გაიმარჯვებდა. ვერც კი წარმოიდგენთ, რა სიხარულით ვსვამდი ყინულიან კოკტეილს 4 ოქტომბერს, როდესაც გამოქვეყნდა განცხადება იმის თაობაზე, რომ შეიქმნა მსოფლიოში მოცულობით მეხუთე მობილური კავშირის კომპანიის.
გარიგება ჯერ არ განხორციელებულა (Orascom Telecom-ის ვებ-გვერდიც კრიზისის გამო არ მუშაობს. მაგრამ ყველაფერი, რაზეც ჩვენ Africa PreBrief-ის მკითხველებს ვუამბობდით, სიმართლე აღმოჩნდა.
ასეთი პროგნოზის გაკეთებისას მე ბევრ ფაქტორს და ცვლად შემადგენელს ვითვალისწინებდი: დაწყებულს რეგულატორული, საბიუჯეტო, საგადასახადო და სავაჭრო პოლიტიკიდან – გეოპოლიტიკით და ბიზნეს-მოდელებით დამთავრებული. მაგრამ როდესაც საქმე კლიენტებისთვის ფინანსებთან დაკავშირებულ რჩევებს ეხება, მე იდეოლოგი არ ვარ, რომელიც მტკიცედ განსაზღვრული და უცვლელი მოდელითაა შეზღუდული. ასეთ დროს გადამწყვეტ ფაქტორად შეიძლება ყველაზე უმნიშვნელო ცვლადი შემადგენელი იქცეს, ხოლო ძალიან თვალშისაცემი ფაქტი (თუნდაც - ყველაზე წარმოუდგენელი და ემპირიული) ხშირად უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ეკონომეტრიული ფორმულებისა და „მოდელების“ მთელი სერია. მე სულ უფრო ხშირად ვარიდებ თავს ისეთ რჩევებს, რომლებიც გარდამავალ და განვითარებად ბაზრებს დასავლეთის ეკონომიკურ მსოფლმხედველობასთან მორგებისკენ მოუწოდებს, რომელიც ზედმეტად დამძიმებულია (საბიუჯეტო, სავაჭრო და საკრედიტო) პოლიტიკით და, როგორც ჩანს, საერთოდ არ აღელვებს ის, რომ წარმოდგენა არ აქვს იმ სხვაობებზე, რომელიც აფრიკულ საზოგადოებებს შორის არსებობს (ასევე, არაფერი იცის ძალაუფლების „არაფორმალური“ ინსტიტუტების და წეს-ჩვეულებების დახლართულ ლაბირინთზე). დასავლეთს წარმოდგენა არ აქვს იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება იქ ცვლილებები, რომელიც მისი ცვლილებებისგან განსხვავდება.
ეგვიპტური ეკონომიკის ანალიზში ყველაზე თვალშისაცემი ფაქტი, რომელმაც „ვიმპელკომთან“ დაკავშირებულ ჩემს პროგნოზზე იმოქმედა, არის ის, რომ ეგვიპტის ეკონომიკის დარგები „აბსოლუტურად მოულოდნელად“ რუსეთთან მჭიდრო და მყარ კავშირში აღმოჩნდა. დასავლურ საინფორმაციო გამოცემებს (ეკონომიკურ გამოცემებსაც კი) სრულად გამორჩათ მხედველობიდან ის, რომ ამ კავშირებში, რომელიც სიმბიოზს გავს, თვალშისაცემია ისეთი ფაქტორი, როგორიცაა ეგვიპტური ტურისტული სექტორის რუსეთზე დამოკიდებულება. ამის შესახებ ერთი წლის წინ არასაჯარო რეჟიმში ვწერდი: „მართალია ეგვიპტეში გეგმიური საერთაშორისო ავიარეისების უმრავლესობა საუდის არაბეთიდან ხორციელდება, თუმცა ეგვიპტის ტურისტებით მთავარი მომმარაგებელი რუსეთია. და მასშტაბები მხოლოდ იზრდება. შარშან, რეცესიის პიკში, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ყოფილ „ბოროტების იმპერიას“, ზრდამ 12%-ს მიაღწია. რუსეთი ადამიანთა ამ უზარმაზარ მასას ეგვიპტეში მაშინაც აგზავნიდა და ფინანსური კრიზისის შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი საკუთარი მშპ თითქმის 8%-ით შემცირდა. ეგვიპტის საკვანძო სექტორს კი 2008 წელს ზრდის ყველაზე მასშტაბური ტემპი ჰქონდა – 15%. მაშინ ეგვიპტეს თითქმის 13 მილიონი ტურისტი ესტუმრა. ადვილი წარმოსადგენია, როგორი საჩუქრის მიღება შეუძლია ეგვიპტეს ახლა, როდესაც რუსეთში ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ზრდა შეიმჩნევა. აბსოლუტურად რეალურია – 14-15 მილიონი ტურისტი“.
დღეს კი ვკითხულობთ დრამატიზმით სავსე ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ტურისტულმა სააგენტოებმა ეგვიპტეში ტურისტების გაგზავნა შეწყვიტეს, და რომ კერძო ნავთობკომპანია „ლუკოილს“ და კერძო გაზმომპოვებელ კომპანია „ნოვატეკს“ ქვეყნიდან საკუთარი თანამშრომლები გაჰყავს.
ქაირო და ალექსანდრია ცეცხლის ალშია გახვეული, პრეზიდენტი მუბარაქი ნებისმიერ წუთს, საათს ან დღეს შეიძლება დაემხოს. და ამ პირობებში შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ნებისმიერი ცვლადი შემადგენელი, რომელთა რაოდენობაც შეუზღუდავია. ახლა იმ ყველაზე ნეგატიური სცენარის განვითარებაც კი შესაძლებელია, რომელიც მანამდე წარმოუდგენელი გახლდათ. ეგვიპტესთან დაკავშირებულ რეკომენდაციებში მე ვამბობ, რომ ფაქტორები, რომელიც ეგვიპტის და ჩრდილო-აფრიკულ ბაზრებზე გავლენას ახდენს, მხოლოდ პოლიტიკით არ განისაზღვრება, მაგალითად იმით, თუ ვინ შეცვლის მუბარაქს (ჯერ-ჯერობით, მოჰამედ ელბარადეი დღევანდელი კრიზისიდან სექტემბრის არჩევნებამდე გარდამავალი ავტორიტეტული „ხიდია“). არსებობს გეოპოლიტიკური რისკიც, თანაც ორ ფრონტზე. ესენია, პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი (რომელსაც შეუძლია არაბული და ჩრდილო-აფრიკული მასები კონსერვატიული, რადიკალური, ტრადიციებზე დაფუძნებული ან პროგრესული იდეოლოგიის გარშემო გააერთიანოს), ასევე აბსოლუტურად რეალურია, რომ რუსეთმა ამერიკული მანევრები „ტახტმონაცვლეობითობის“ და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო, შეიძლება აღიქვას, როგორც საფრთხე ეგვიპტესთან მისი ღრმა ეკონომიკური კავშირებისთვის და მისი გავლენის სფეროს შელახვის მცდელობა.
რუსეთს აქ სასწორზე ბევრი რამ უდევს, შესაბამისად დასაკარგიც ბევრი აქვს.
სუეცის არხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი კოლექტიური მეხსიერება გვახსენებს, თუ როგორ გახდა რამდენიმე წლის წინ ომის მიზეზი ამ არხზე ხელმისაწვდომობა და მასზე სანაოსნო მოძრაობის გამოყენების შესაძლებლობა. არ ვფიქრობ, რომ სტრატეგიული საზღვაო მარშრუტებისთვის ბრძოლა წარსულს ჩაბარდა – იქნება ეს სუეცის არხი თუ თურქეთის ბოსფორის ყურე.
დანარჩენს Africa PreBrief-ის ხელმომწერებისა და კლიენტებისთვის შემოვინახავ, მაგრამ იმის ფიქრი, რომ ეგვიპტეში წაგებული შეიძლება მხოლოდ შეერთებული შტატები აღმოჩნდეს, არათუ არასწორია, არამედ ძალიან სახიფათოცაა.
ეგვიპტეზე ფიქრის დროს რუსეთზეც იფიქრეთ.
ადრეც მითქვამს, რომ აფრიკული, არაბული და მუსულმანური სამყაროს უკეთ გასაგებად ყველაზე საუკეთესო საშუალება ისეთ წყაროებსა და ავტორიტეტებზე დაყრდნობაა, რომელთა აზრსაც დასავლეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (მათ შორის ფინანსურებიც) ყურს არ უგდებენ. ამ მხრივ ძალიან სასარგებლო იქნებოდა ლუის ფარაჰანის ზოგიერთ წინასწარმეტყველურ გამონათქვამზე დაკვირვება ორ წერილში (2001 წლის 1 დეკემბრის და 2002 წლის 30 ოქტომბრის), რომელიც მან გასულ ათწლეულში პრეზიდენტ ბუშს მისწერა.
აღსანიშნავია, რომ ფარაჰანი გაკვრით ახსენებს რუსეთს, ასევე - ჩინეთს. ვფიქრობ, რომ ორივე ეს ქვეყანა ჩათრეული იქნება ან მზარდ მეტოქეობაში ან ღია კონფლიქტში ამერიკასთან ეგვიპტის ცვალებადი პოზიციების გამო.
ერაყის ომი, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა, ასევე - განხეთქილება, რომელიც ამის გამო მუბარაქსა და მის ხალხს შორის მოხდა (კიდევ - ეგვიპტური მთავრობის სუბიექტურობა პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო პროცესში) – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელიც მის დამხობას უწყობს ხელს. ფარაჰანმა ეს დილემა შესანიშნავად ახსნა, უწოდა რა მას არჩევანი, რომლის გაკეთებაც უწევთ „ზომიერ“ და მუსულმან ლიდერებს ავღანეთსა და ერაყში აშშ-ს საგარეო პოლიტიკის და ახლოაღმოსავლური პოლიტიკის გამო.
მთავარი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ამერიკისგან მფარველობის და საჩუქრების მიღება და, ამავდროულად, არაბული, მუსულმანური და ჩრდილოაფრიკული ახალგაზრდობის, ასევე საკუთარი ელექტორატის მხარდაჭერის დაკარგვა თუ სხვა გზით სიარული?
[foreignpress.ge]